მოწამე ფილიტი და მეუღლე მისი ლიდია, ძენი მათნი - მაკედონი, თეოპრეპე, კრონიდე და ამფილოქე - 23 მარტი (05 აპრილი)
მოწამე ფილიტი და მეუღლე მისი ლიდია, ძენი მათნი - მაკედონი, თეოპრეპე, კრონიდე და ამფილოქე - 23 მარტი (05 აპრილი)
მოწამე ფილიტი, მისი მეუღლე ლიდია, მათი შვილები მაკედონი და თეოპრეპე, ასევე წმინდა მოწამე კრონიდე და ამფილოქე II საუკუნეში მოღვაწეობდნენ.

წმინდა ფილიტი იყო უსჯულო იმპერატორის ადრიანეს (117-138) კარისკაცი. ადრიანე წარმართობის ერთგული გახლდათ. მიუხედავად განსწავლულობისა, მას ჯადოქრობის, შელოცვებისა და მისნობის სჯეროდა. იმპერატორზე ძლიერ ზეგავლენას ახდენდნენ და ამას ქრისტიანთა წინააღმდეგ იყენებდნენ ქურუმები, რომელთაც ახალი სარწმუნოების გავრცელებამ დიდი შემოსავალი დააკარგვინა - დაცარიელდა წარმართული ტაძრები, სულ უფრო იშვიათი და უფერული ხდებოდა მსხვერპლშეწირვები... ქურუმები მთელი მონდომებით ცდილობდნენ, ხალხიც და მთავრობაც აემხედრებინათ ქრისტიანთა წინააღმდეგ და მათ განადგურებას ღმერთებისთვის მოსაწონ ქმედებად წარმოაჩენდნენ. ადრიანეც დევნიდა ქრისტიანებს, უფალი იესო ქრისტეს საჯარო აღიარებისთვის სიკვდილით სჯიდა. მისი კარისკაცი ოჯახით ქრისტიანი იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმპერატორის მიერ მისი დასჯისა. სამსჯავროზე წარმდგარმა ოჯახმა, ფილიტმა, ლიდიამ, მაკედონმა და თეოპრეპემ საჯაროდ აღიარეს ქრისტე და ამით იმპერატორის რისხვა დაიმსახურეს. წმინდა ფილიტი მეუღლესთან, ლიდიასთან და შვილებთან - მაკედონთან და თეოპრეპესთან ერთად ადრიანეს ბრძანებით ილირიაში გაგზავნეს ამფილოქე მხედარმთავართან.

ამფილოქეს ბრძანებით, მოწამენი ხეზე ჩამოკიდეს და დანებით დასერეს, წამების შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მათთან ერთად დაატყვევეს ციხის ახალმოქცეული უფროსი კრონიდე. ღამით მოწამეებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გაამხნევა. მეორე დღეს დილით მოწამეებს მხედართმთავარმა მიმართა:

- წინ დიდი ტანჯვა და წამება გელოდებათ ქრისტიანებო! - შემდეგ ბრძანა, ისინი ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩაეყარათ. მოხდა სასწაული - ქრისტიანები უვნებლად გადარჩნენ. ამფილოქე ისე გააოგნა ამ სასწაულმა, რომ ირწმუნა ქრისტეს ძალა, თვითონაც გადაეშვა ადუღებულ ზეთში ლოცვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". ზეციდან მხედართმთავრის ლოცვაზე პასუხად გაისმა: "შენი ლოცვა შესმენილია..." ღმერთის უსაზღვრო წყალობამ მხედართმთავარიც დაიცვა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბიდან ისიც უვნებელი ამოვიდა.

ამ ყველაფრის შესახებ იმპერატორმაც შეიტყო და სასწრაფოდ ჩავიდა რომიდან ილირიაში, რათა თავად დასწრებოდა და უშუალოდ ეხელმძღვანელა ქრისტიანთა წამებისათვის. ადრიანეს ბრძანებით 7 დღე აცხელებდნენ ზეთით სავსე ქვაბს. მოწამეები ამჯერადაც უვნებლები ამოვიდნენ გავარვარებული ზეთით სავსე ჭურჭლიდან, უფალმა ამ დიდი სატანჯველიდან კვლავ უვნებლად გამოიყვანა ექვსივე ქრისტიანი. შერცხვენილი იმპერატორი რომში დაბრუნდა. ქრისტეს მარტვილებმა კი ღმერთს მადლობა შესწირეს და ლოცვაში აღესრულნენ.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1