წმინდა ლუკა სტავრონიკიტელი (+1802) - 23 მარტი (05 აპრილი)
წმინდა ლუკა სტავრონიკიტელი (+1802) - 23 მარტი (05 აპრილი)
წმინდა ლუკა დაიბადა ქრისტიანულ ოჯახში ადრიანოპოლის მთებში. 6 წლისას მამა გარდაეცვა¬ლა, დედამ პატარა ლუკას აღზრდა კონსტანტინოპოლელ ბერძენ ვაჭარს მიანდო.

ცამეტი წლის ლუკას კონსტანტინოპოლში თურქ თანატოლებთან მოუვიდა ჩხუბი. გამვლელმა მუსლიმებმა შენიშნეს, რომ ბიჭი თურქებს ერეოდა, მივიდნენ, დაიჭირეს, დაუწყეს ყვირილი და სიკვდილით მუქარა. შეშინებულმა ლუკამ უნებურად წამოიძახა, - გამიშვით და მუსლიმი გავხდებიო. ბიჭი სიტყვაზე დაიჭირეს, მსახურად ცნობილ თურქ დიდგვაროვანს მიჰგვარეს და სასწრაფოდ, იძულებით მუსლიმური წესით წინადაცვეთა ჩაუტარეს. ლუკას ახალი პატრონი ძალიან კარგად ექცეოდა, დიდ მომავალსაც ჰპირდებოდა, თუმცა ბიჭს სინდისი მუდამ აწუხებდა. გაურბოდა საერთო მხიარულებას, ჩუმად ტიროდა იმის გამო, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა თავი დაეღწია მუსლიმებისგან. მან კონსტანტინოპოლის რუსეთის საელჩოს მიმართა, იმედოვნებდა, რომ ისინი დაეხმარებოდნენ. ბოლოს, მოახერხა პატრონის სახლიდან გაპარვა, ქრისტიანის სამოსში გამოეწყო და გემზე ავიდა, რომლითაც ქალაქ სმირნაში (იზმირი) ჩავიდა. სმირნაში ბიჭი მღვდელთან მივიდა, მოუთხრო თავისი ცხოვრების შესახებ. ღვთისმსახურმა ურჩია, ათონის მთაზე წასულიყო.

ცამეტი წლის ლუკა ათონზე არ მიიღეს ასაკის გამო. ბოლოს ბიჭს სტავრონიკიტას მონასტერმა უმასპინძლა. სულიერი სიმშვიდე მაინც ვერ პოვა ათონზე. ფიქრობდა, რომ ამდენ წმინდა ბერს შორის მისი ადგილი არ იყო, მან ხომ ქრისტე უარყო, ახლა კი მხოლოდ სისხლით და მოწამეობით შეეძლო სინდისის დამშვიდება და ცოდვის გამოსყიდვა.

ათონის ერთ-ერთი სკიტის დიდ სულიერ მამას გაანდო განზრახვა. ასაკის გამო წმინდა ბერმა გადაფიქრება სთხოვა ლუკას, თუმცა უშედეგოდ. ბერმა აკურთხა ბიჭი, ყოველდღე 80 მეტანია გაეკეთებინა და მხოლოდ პური და წყალი მიეღო. ლუკა სიამოვნებით ასრულებდა კურთხევას. ბოლოს, ბერმა მოწამეობაზეც აკურთხა. მოწამეობამდე ლუკა დიდ სქემაში აღკვეცეს. ბერი ლუკა გაემგზავრა მიტილენში იერომონაზონ ბესარიონთან ერთად, რომელიც ბიჭს სულიერმა მოძღვარმა თანამგზავრად შეურჩია.

ლუკა მიტილენში ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. შემდეგ ქალაქის სამსჯავროზე წარდგა, თუმცა, უშედეგოდ, ყურადღება არავინ მიაქცია. უკან დაბრუნებულმა ბესარიონს უთხრა, რომ "ქრისტეს ცეცხლი ჯერ არ იყო დანთებული". ბოლოს მოახერხა და მოხვდა მუსლიმი მსაჯულის წინაშე. დაგმო ისლამი, მოიყვანა არგუმენტები წმინდა წერილიდან. სამი დღე ჰყავდათ ბერი ციხეში, იმედოვნებდნენ, რომ პოზიციას შეიცვლიდა. ასე არ მოხდა. თურქებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს წმინდა ლუკას. იგი ქალაქის მოედანზე ჩამოახრჩვეს. სიკვდილს სიხარულით და მხურვალე ლოცვით შეეგება ბერი. ეს მოხდა 1802 წელს. სამი დღე წმინდანის სხეული ღია ცის ქვეშ იყო. მწერებიც კი არ მიკარებიან, თითქოს ეძინაო, თან კეთილსურნელებას გამოსცემდა. თურქებმა ლუკას ცხედარს მძიმე ქვა გამოაბეს და ზღვაში გადააგდეს, თუმცა არ ჩაიძირა და ყველას გასაკვირად, წყლის ზედაპირზე ტივტივებდა. აკრძალვის მიუხედავად, ქრისტიანებმა წმინდა ლუკას ცხედარი ფარულად ზღვიდან გამოიტანეს და ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას.

ბეჭდვა
1კ1