წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილი მამანი (+796) - 20 მარტი (2 აპრილი)
წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილი მამანი (+796) - 20 მარტი (2 აპრილი)
VIII საუკუნეში იერუსალიმის შემოგარენს ხშირად ესხმოდნენ თავს სარკინოზები. მუდმივი თარეშის შემდეგ დაინგრა და გაუდაბურდა წმინდა ხარიტონის მონასტერი. უსჯულოები ორჯერ შეეცადნენ დაერბიათ წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, მაგრამ ღმერთი იფარავდა სავანეს. ლავრის ბერებს შეეძლოთ იერუსალიმისათვის შეეფარებინათ თავი, მაგრამ ვერ დატოვეს ადგილი, სადაც წლების განმავლობაში განიწმინდეს სული და შეიგრძნეს უფლის მადლი.

დიდმარხვის დასასრულს, ბზობის წინა დღეს, 13 მარტს, სარკინოზები შეიჭრნენ მონასტერში და სავანის მთელი საგანძური მოითხოვეს. ბერებმა უპასუხეს, რომ ტაძარში არ იყო არაფერი, გარდა მწირი საკვებისა და ძონძებისა. მძარცველებმა მამები ისრებით განგმირეს. ოცდაათი მამა გარდაიცვალა, მრავალი დაჭრა, ცეცხლის ალი ავარდა სენაკების თავზე. მომხვდურებს ტაძრის დაწვაც უნდოდათ, მაგრამ შეეშინდათ მოახლოებული ხალხისა, მონასტერი გაძარცვეს და გაიქცნენ.

20 მარტს, დიდ ხუთშაბათს, სარკინოზთა რაზმი კვლავ დაესხა თავს ლავრას. სიკვდილს გადარჩენილი ბერები ეკლესიაში შეყარეს და საგანძურის გამოტანა მოსთხოვეს, ახალგაზრდა ბერი იოანე შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე ძარღვები დააჭრეს და კლდიდან გადააგდეს.

ეკლესიის მეჭურჭლემ, ღირსმა სერგიმ წმინდა ნივთები გადამალა და შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ სარკინოზებმა შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. რამდენიმე ბერმა მოახერხა გამოქვაბულში დამალვა, მაგრამ შეამჩნიეს და უბრძანეს, გამოსულიყვნენ. ღირსი პატრაკი გამოვიდა და სარკინოზებს უთხრა, რომ მარტო იმალებოდა. წმინდა მამის ლავრის ეკლესიაში მიიყვანეს, სადაც სხვა ძმებიც იყვნენ დამწყვდეული.

სარკინოზებმა 4000 ოქრო და საეკლესიო ჭურჭელი მოითხოვეს გამოსასყიდად, მაგრამ ბერებს ასეთი თანხის გაღება არ შეეძლოთ. უსჯულოებმა წმინდა მამები შერეკეს გამოქვაბულში და კვამლით გამოგუდეს. გამოქვაბულში დაიღუპა 18 მამა.

უფალმა დასაჯა ლავრის მძარცველი ბარბაროსები. ისინი მოულოდნელმა ავადმყოფობამ იმსხვერპლა.

"წმინდანთა ცხოვრება", ტ. I, თბილისი, 2001 წ.
....................................

წმინდა მოწამე მეფე არჩილი (+744) ) - 20 მარტი (2 აპრილი)

20 მარტს არის მეფე არჩილის აღსრულების დღე. ცხოვრება იხილეთ 21 ივნისის საკითხავებში.



ბეჭდვა
1კ1