წმინდა მოწამეები ტროფიმე და ევკარპიოსი (+დაახლ. 300) - 18 (31) მარტი
წმინდა მოწამეები ტროფიმე და ევკარპიოსი (+დაახლ. 300) - 18 (31) მარტი
როცა ნიკომიდიაში ქრისტიანების დევნა დაიწყეს, ყველა ქრისტეს აღმსარებელი დაიჭირეს და საპყრობილეში ჩაყარეს, შემდეგ კი მათ სასამართლო გაუმართეს და სხვადასხვაგვარი სატანჯველი შეამთხვიეს, ვინც ბოლომდე უერთგულა ქრისტეს, ყველა სიკვდილს მისცეს. იმ დროს წმინდა მოწამეები ტროფიმე და ევკარპიოსი დიოკლეტიანეს ჯარის მხნე და მამაცი მეომრები იყვნენ, მაგრამ რატომღაც ქრისტეს დაუძინებელი მტრები გახდნენ. ისინი იჭერდნენ ქრისტიანებს, დილეგში ყრიდნენ, მათზე სრული ხელმწიფება ჰქონდათ, ზოგს აწამებდნენ, ზოგს ციხეში ტანჯავდნენ.

ერთხელ ქრისტიანების ძებნისას, იხილეს ზეცით გარდამოსული დიდი ცეცხლოვანი ღრუბელი, რომელიც მათ მოუახლოვდა და გაისმა ხმა:

- ეგრე გულმოდგინებით რაისთვის დევნით ჩემს მონებს? არ შეცდეთ: არავის ძალუძს თავის ხელმწიფებას დაუმორჩილოს ჩემი მორწმუნეები, უმჯობესია თქვენთვის, თანამზრახველ ექმნათ მათ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი ცათა.

ამ გასაოცარი ხილვის შემხედვარე და მსმენელნი ტროფიმე და ევკარპიოსი, ქრისტეს მონათა სასტიკი მდევნელნი მიწაზე ძრწოლით დაეცნენ, აღარ შეეძლოთ დათმენა ამ ხილვისა და მეხისმტეხელი ხმისა, ღრუბელიდან რომ ესმოდათ, მხოლოდ ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

- ჭეშმარიტად დიდ არს უფალი, რომელიც გამოგვიჩნდა ჩვენ, ნეტარ ვიქმნებით, უკეთუ შევუდგეთ მას.

როცა ისინი ამ სიტყვებს შიშით ეუბნებოდნენ ერთმანეთს, ამ დროს ღრუბელი გაიყო, მათ აქეთ-იქით მხარეს დადგა, და მისგან კვლავ გაისმა ხმა:

- ადექით, შეინანეთ და შეგენდობათ ცოდვები.

როცა წამოდგნენ, იხილეს ღრუბელზე მჯდარი სპეტაკი სახის კაცი, ძალზე მშვენიერი და სიმრავლე ზეციურ არსებათა წარდგომილი იყო მის წინაშე. ამ უჩვეულო ხილვით შეძრწუნებულმა წმინდანებმა ერთხმად შეჰღაღადეს:

- მიიღე სულნი ჩვენი, რამეთუ ბოროტ და გამოუთქმელ არიან ცოდვანი ჩვენი. არა არს სხვა ღმერთი, თვინიერ შენსა, ჭეშმარიტისა და ერთადერთისა ღვთისა.

როცა მათ ეს სიტყვები თქვეს, ღრუბელი მაშინვე შეერთდა და ზეცაში აიწია. წმინდა ტროფიმე და ევკარპიოსი დიდხანს იდგნენ იმ ადგილას და სინანულის ცრემლად იღვრებოდნენ, შემდეგ წავიდნენ და საპყრობილიდან ქრისტეს ყველა მოწაფე გაათავისუფლეს, ბორკილები მოხსნეს და როგორც ძმებს, ეამბორნენ, ყველა ტუსაღს გაყვნენ და გააცილეს შინ.

ქალაქის თავმა როცა ეს ამბავი შეიტყო, განრისხებულმა ტროფიმე და ევკარპიოსი თავისთან მიაყვანინა, დაუწყო დაკითხვა, თუ რა გახდა მათი ამგვარი ცვლილების მიზეზი. მათ დაწვრილებით მოუთხრეს ყველაფერი. მაშინ ქალაქის თავის ბრძანებით, წმინდანები ფეხებით ჩამოჰკიდეს და რკინის კავებით უგლეჯდნენ სხეულს, წმინდანები მამაცურად დაითმენდნენ ამ ტკივილებს, ლოცულობდნენ, ხარობდნენ და მადლობდნენ ღმერთს. ქალაქის თავი ამან უფრო განარისხა, მისი ბრძანებით უზარმაზარი კოცონი აანთეს მოწამეთა დასაწველად. წმინდანები, ღვთის მადლიერნი და მადიდებელნი საკუთარი ნებით შევიდნენ ცეცხლში და სული თვისი ჩააბარეს უფალს. წმინდა მოწა¬მეები ტროფიმე და ევკარპიოსი დაახლოებით 300 წელს გარდაიცვალნენ.

ხატის წყარო


.................................
ასევე ნახეთ:

წმიდა მოწამენი ტროფიმე და ევკარპი (+დაახლ. 300) - 18 (31) მარტი


ბეჭდვა
1კ1