წმინდა იულიანე ტარსელი, ანაზარბოსელი (IV) - 16 (29) მარტი ; 21 ივნისი (4 ივლისი)
წმინდა იულიანე ტარსელი, ანაზარბოსელი (IV) - 16 (29) მარტი ;  21 ივნისი (4 ივლისი)
წმინდა იულიანე წარმოშობით მცირე აზიიდან, კილიკიის ქალაქ ანაზარბოსიდან იყო. მამამისი წარმართი სენატორი გახლდათ, ხოლო დედა ასკლიპიოდორა ქრისტეს აღიარებდა. როცა დაქვრივდა, ასკლიპიოდორა ვაჟთან ერთად საცხოვრებლად ტარსოსში (კილიკიის დედაქალაქი) გადავიდა. ამიტომაც უწოდებს მას წმინდა იოანე ოქროპირი წმინდა პავლე მოციქულის თანაქალაქელს. ტარსოში დედამ ვაჟი მონათლა და ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზარდა.

წმინდანი 18 წლის იყო, როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანების დევნა დაიწყო. მცირე აზიის ოლქებში ქრისტიანთა სისხლის მდინარეები მოედინებოდა. მმართველები ურთიერთს ეჯიბრებოდნენ მათი წამების ახალ-ახალი ხერხების მოფიქრებაში.  სხვებთან ერთად წმინდა იულიანეც შეიპყრეს. ის სამსჯავროში მმართველ მარკიანესთან მიიყვანეს, რომელიც მას ქრისტეს რწმენას აიძულებდა. მმართველი დიდხანს ცდილობდა წმინდა იულიანეს დაყოლიებას, ხან მუქარით, ხან ალერსით, ხან წამებით და ხანაც მდიდრული ძღვენის შეთავაზებით, მაგრამ ჭაბუკი ვერ დაიყოლია, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის. წმინდანმა უთხრა:

"მე არ მეშინია სატანჯველის, და ვერავინ მაიძულებს უარი ვთქვა ბავშვობაში მოცემულ მცნებებზე, თუნდაც ცეცხლში დამწვან და ასე მაწამონ. რამეთუ მყავს ქრისტე, რომელიც განმაძლიერებს, რომელსაც თაყვანსა ვცემ და მოუკლებლად შევწირავ ქების მსხვერპლს.

უწმინდურმა მმართველმა ბრძანა, წმინდა იულიანესთვის პირში ძალით ჩაედოთ ნაკერპავი ხორცი. იულიანემ შეახსენა მას, რომ ძალადობა მსხვერპლშეწირვად არ ჩაითვლებაო.

მარკიანემ კვლავ გაამათრახებინა წმინდანი და ანაზარბოსში გააგზავნა, მას მთელი გზა აწამებდნენ და დასცინოდნენ. იქ მოწამე კვლავ წარდგა სამსჯავროს წინაშე, კვლავ უარი თქვა ქრისტეს ღალატზე, კვლავ სცადეს პირში ძალით ჩაესხათ ნაკერპავი ღვინო და ხელში საკმეველი ჩაედოთ. შემდეგ წმინდა იულიანე ქალაქ ეგეში გააგზავნეს, სადაც ასკლეპიოსის ცნობილი ტაძარი იდგა. იქ კვლავ სცადეს ცეცხლით დაწვის მუქარით მისი შეშინება. მაგრამ წმინდანმა მმართველს მიმართა, - ხელს რა გიშლის ჩემს წამებაშიო. მთელი წელი ასე დაატარებდნენ კილიკიის ქალაქებში და აწამებდნენ ჭაბუკს.

წმინდა იულიანეს თან დედა დაჰყვებოდა და ევედრებოდა უფალს შვილის რწმენაში გაძლიერებას.

ქალაქ ეგეში წმინდა იულიანეს საპყრობილეში დედა მიუყვანეს, ფიქრობდნენ, ქალი გატეხავდა შვილის სიჯიუტეს და კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. ასკლეპიოდორამ ნებართვა აიღო, სამი დღე შვილთან დარჩენილიყო. მაგრამ სიცოცხლის შენარჩუნების ნაცვლად, შვილს მოუწოდებდა, ბოლომდე მტკიცედ დამდგარიყო ქრისტეს რწმენაში: "შენ იცი, რაშია შენი ჭეშმარიტი ძალა, რამეთუ მე გასწავლე. მოიქეცი ისე, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი განადიდო!" როცა სამი დღე გავიდა, მარკიანემ შეიტყო, რომ მოატყუეს და დამორჩილების ნაცვლად დედამ შვილს მოწამეობისკენ მოუწოდა. მმართველის ბრძანებით, იულიანეს დედას ტერფები მოჰკვეთა, რადგან ის ტარსოსიდან თან ახლდა. ხოლო წმინდა იულიანე ტომარაში ჩასვეს, ქვიშა და შხამიანი ქვეწარმავლები ჩაუყარეს შიგ, პირი მოაკრეს და ზღვაში გადააგდეს. წმინდა იულიანე დაახლოებით 305 წელს აღესრულა. ზღვის ტალღებმა წმინდანის სხეული ნაპირზე გამორიყა და იგი ვინმე ალექსანდრიელმა ქრისტიანმა ქვრივმა დედაკაცმა იპოვა და ანტიოქიასთან ახლოს დაბა ბაფეაში დიდი პატივით დაკრძალა, სადაც წმინდანის სახელობის ტაძარი ააგეს. წმინდა იოანე ოქროპირის მოწმობით წმინდა იულიანეს საფლავთან ეშმაკეულები იკურნებოდნენ. დასავლეთ ეკლესიაში წმინდა იულიანეს ხსენება 3 მაისს არის დაწესებული, საბერძნეთის ეკლესია 21 ივნისს იხსენიებს. წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდლის სვინაქსარში კი 16 მარტს არის მოხსენიებული.


ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1