წმინდა მოწამენი - ტროფიმე და თალესი (+დაახლ. 300) - 16 (29) მარტი
წმინდა მოწამენი - ტროფიმე და თალესი (+დაახლ. 300) - 16 (29) მარტი
მცირე აზიის მდინარეების - ლიკოსისა და მენდროსის შორის მდებარე კარიას ქვეყანაში, ქალაქ ლაოდიკიაში ორი მღვდელი ცხოვრობდა, ხორციელად ძმანი - ტროფიმე და თალესი. წარმოშობით კარიას ქალაქ სტრატონიკიდან იყვნენ. მხნე, ღვთის რწმენაში გამტკიცებული კაცები დაუცხრომლად ქადაგებდნენ ქრისტეს სახარებას. გზაარეული სულების ცხონების გზაზე დასაყენებლად ეკამათებოდნენ ელინებს და მუდამ არცხვენდნენ მათ ცრურწმენას. უწმინდურმა კერპთაყვანისმცემლებმა ვერ დაითმინეს მხილება, წმინდანები შეიპყრეს და ბორკილები დაადეს.

იმ დროს, დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მეფობის ჟამს, კარიაში მოვიდა მმართველი ასკლიპიოდოტე და ლაოდიკიის სიახლოვეს, ქალაქ ბოფორში შეჩერდა. სამხედრო დაცვის მეთაურმა მმართველს შეატყობინა, ორი ქრისტიანი მღვდელი მყავს დაჭერილი და რა ვუქნაო. მმართველმა - ჩაქოლეთო. როცა წმინდა მოწამენი ჩასაქოლად გაიყვანეს, მათ გარს ქრისტიანები შემოერტყნენ და იცავდნენ, ისე რომ, ჩამქოლველებს ქვები უკან უბრუნდებოდათ. ეს უცნაური ამბავი რომ შეიტყო, დაცვის უფროსმა წმინდანების გაშვება ბრძანა და მათაც უშიშრად გააგრძელეს, ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება და ურწმუნო ელინთა მხილება.

მალე ქალაქის თავმა ისინი კვლავ დააპატიმრა და ქალაქ ბოფორში გააგზავნა მმართველთან, თან შეუთვალა: "ამ ადამიანებს შენი ბრძანებით ჩაქოლვა დავუპირეთ, მაგრამ მათ ნასროლი ქვები არ მიეკარათ, ამიტომაც შენ გიგზავნი".

მმართველმა ბრძანა, წმინდანები ჩამოეკიდათ და ბასრი რკინებით დაესერათ. წმინდანები წამებისას ხმამაღლა გაიძახოდნენ:

- ჩვენ ქრისტიანები ვართ! არ ვემორჩილებით მიწიერი მეფის ბრძანებას და თაყვანს არ ვცემთ კერპებს!

ყველა ამგვარი სატანჯველის მერე მმართველმა მათ ჯვარცმა მიუსაჯა:

- დაე, ჯვარს ეცვნენ იმ მაცდურივით, რომლისაც მათ სწამთ.

წმინდანები ქალაქგარეთ გაიყვანეს, იქ უკვე გაემზადებინათ ჯვრები. მიდიოდნენ ისინი სიხარულით, მადლობდნენ და ადიდებდნენ უფალს, რომ ამგვარი სიკვდილით მოკვდებოდნენ. უამრავი ხალხი მიჰყვებოდათ, რომელთაც მათი აღსასრულის ნახვა სურდათ. როცა ჯვრებთან მიიყვანეს, ზოგიერთმა ქრისტიანმა საჭმელი მიუტანა და სთხოვა, დანაყრებულიყვნენ. მათ ხათრი ვერ გაუტეხეს, მცირეოდენი იხმიეს, ხოლო დანარჩენი გარშემო მყოფთ დაურიგეს. შემდეგ ისინი ჯალათებმა იესო ქრისტეს მსგავსად რკინის ლურსმნებით ჯვარზე გააკრეს. ჯვარცმულნი ესაუბრებოდნენ ხალხს, მოუწოდებდნენ, შეემეცნათ ღმერთი და მისი წმინდა სარწმუნოება. ამის მერე ატყდა ხალხში ტირილი და ვაება: ზოგნი მმართველს გულქვაობას საყვედურობდნენ - უდანაშაულო ხალხი ამგვარ სშინელ სატანჯველს მისცაო, სხვები გაიძახოდნენ:

- დიდება შენდა, ღმერთო, რადგანაც იესოს ძალამ საკუთარ თავზე დაამოწმა ჩვენს დროშიო.

ერთმა იუდეველმა დედაკაცმა ჯვარცმულ წმინდანებს თაყვანი სცა და წამოიძახა:

- ნეტარია მათი მშობელი დედა!

იქვე იდგა წმინდანების დედა და მხნედ უცქერდა თავისი ვაჟების წამებას.

ზოგიერთნი ხელსახოცებს უფენდნენ წმინდანებს, რათა მათგან გარდამოდენილი პატიოსანი სისხლი მოეგროვებინათ, ეცხოთ სხეულზე და განკურნებულიყვნენ ხორციელი თუ სულიერი ტკივილებისგან.

ქრისტეს მოწამეებმა - ტროფიმემ და თალესმა, ილოცეს და 16 მარტს სული თვისი ჩააბარეს უფალს. ერთგულმა შვილებმა მათ დასაკრძალავად ახალთახალი სუდარები და კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლები მოამზადეს. მოვიდა საპყრობილის დარაჯი, რომელმაც წმინდანებს თაყვანი სცა და საჯაროდ აღიარა, რომ იხილა ორი წმინდა მოწამე, რომლებიც სამ ანგელოზთან ერთად ზეცად ამაღლდებოდნენ და ესაუბრებოდნენ მათ.

შემდეგ ხალხი წავიდა მმართველთან - წმინდა მოწამეთა სხეულები ჯვრებიდან ჩამოხსენით და მათი დაკრძალვის ნება მოგვეცითო.

მმართველი ჯერ გაბრაზდა, მეომრებს ხალხის ცემა და გაყრა უბრძანა, შემდეგ დამშვიდდა და ჯვრიდან გარდაცვლილ მოწამეთა ჩამოხსნა ბრძანა. წმინდანები კუბოში ჩაასვენეს. ქრისტიანები შეკამათდნენ, - სად დაეკრძალათ წამებულნი. მოსაღამოვდა. ხალხი არ შორდებოდა მოწამეებს, მთელი ღამე მათ გვერდით ანთებული სანთლებით ხელში ფსალმუნების გალობაში გაატარეს.

გათენებისას მმართველის ცოლმა კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი მოიტანა და მოწამეთა სხეულებს ასხურა. შემდეგ კუბოში უძვირფასესი ჩასასვენებელი ჩააფინა და ყველას გასაგონად ხმამაღლა თქვა:

- წუხელ ძილში ეს წმინდა კაცები ვნახე უფლის ანგელოზებთან ერთად, რომლებიც ღმერთმა ჩემი ქმრის დასასჯელად გამოგზავნა, რადგან მან უდანაშაულო ხალხი დახოცა. ქალი ქმარს სისასტიკის გამო ჰკიცხავდა. წმინდანების დედამ, ორმა პატიოსანმა კაცმა - ზოსიმემ და არტემმა - წმინდანები ქალაქ სტრატონიკში ჩაასვენეს, სადაც ისინი დიდი პატივით დაკრძალეს.

ამასობაში მოახლოვდა დიოკლეტიანეს დაბადების დღე. უწმინდური მეფის პატივად, ლაოდიკიაში მისულმა მმართველმა დიდი ზეიმი გამართა. წმინდა მოწამეთა დაღვრილი სისხლის გამო მასზე უეცრად ღვთის რისხვა მოიწია: მოულოდნელად მიწაზე ეშმაკეულივით დაეცა და ათრთოლდა. ყველას თავზარი დაეცა.

მმართველი კი ბღაოდა:

- სად არის ღმერთი ზევსი? სად არის ღმერთი ჰერაკლე? სად არის ღმერთი ჰერმესი? სად არიან სხვა ღმერთები და ქალღმერთები? დაე მოვიდნენ და დამეხმარონ! ტყუილად ვცემდი მათ თაყვანს! მე საუკუნო ცეცხლს მივეცემი, რომელიც ზეცაში მცხოვრებმა ღმერთმა და მისმა მონებმა - ტროფიმემ და თალესმა მომივლინეს.

ამას ყვიროდა ხმამაღლა. შემდეგ კბილებით საკუთარი სხეულის, ენის გლეჯვა დაიწყო და ასე განუტევა უნანელი სული.

წმინდა ტროფიმე და თალესი დაახლოებით 300 წელს აღესრულნენ.
......................................

სურათის წყარო

ბეჭდვა
1კ1