წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე (+270-275) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე (+270-275) - 15 მარტი (28 მარტი)
ავრელიანეს მეფობის დროს დაწყებული ქრისტიანების დევნისას პამფილიას მმართველი ვინმე ანტონი გახლდათ. როცა ის პამფილიას ქალაქ სიდში მივიდა, ბრძანა განსასჯელად მოეყვანათ ამ ქალაქის მღვდელი ალექსანდრე. მმართველმა ქრისტეს მსახურს მრავალი განსაცდელი შეამთხვია. ხოლო მანამდე ჰკითხა:

- ვინ ხარ?

წმინდანმა უპასუხა:

- მე ქრისტიანი მღვდელი ვარ, მწყემსი ქრისტეს ფარისა.

მმართველმა ჰკითხა:

- სად არის ეს ქრისტეს ფარა?

წმინდანმა უპასუხა:

- მთელ სამყაროში მცხოვრები ადამიანები ქრისტე ღმერთმა შექმნა; მისი მორწმუნეები არსებით მისი სამწყსოა. ხოლო ვინც ჩამოშორდა თავის შემოქმედს, ვინც თქვენსავით ადამიანის ხელითქმნულ კერპებს ემსახურება, არ შეიძლება მიეკუთვნოს ის წმინდა ფარას. საშინელი სამსჯავროს დღეს, ისინი თხებთან ერთად მარცხენა მხარეს დადგებიან.

მაშინ მმართველმა უთხრა:

- ორი მიზეზის გამო უნდა გაწამო: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ქრისტეს სხვა მორწმუნეები მაჩვენო, და მეორეც - რათა ჩვენს ღმერთებს მსხვერპლი შესწირო.

შემდეგ კი მმართველმა ანტონმა კვლავ ჰკითხა წმინდა ალექსანდრეს:

- ვინ იყო ქრისტე?

- ქრისტე მაცხოვარია სოფლისა, ცხოვრება და ნათელი, ვისაც მისი სწამს.

მმართველმა უთხრა:

- როგორ შეიძლება სოფლის გადამრჩენელი იყოს ის კაცი, რომელიც ჯვარზე მოკვდა?

- მართლაც, საკვირველი და გასაოცარია, რომ იესო ქრისტე ნებსით ავიდა ჯვარზე და ხორცით მოკვდა, თავისი ღვთაებრიობით დაამსხვრია ჯოჯოხეთის ძალნი, გაათავისუფლა იქ ბორკილდადებული სულნი, მოაკვდინა სიკვდილი და აღდგა მკვდრეთით. არა მარტო თვითონ აღდგა მკვდრეთით, არამედ თავისთან ერთად სხვა მრავალნიც განაცოცხლა: "და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი წმინდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა" (მათე 27,52-53) იერუსალიმში. ქრისტემ თავისთან ერთად მთელი კაცობრიობა აღადგინა მკვდრეთით.

მმართველმა უთხრა:

- რას უგუნურობ, როგორ შეიძლება სხვებს დაეხმაროს ის, ვინც საკუთარი თავი ვერ დაიცვა, როცა მას იუდეველები აწამებდნენ?

წმინდანმა უპასუხა:

- მე კი არა შენ უგუნურებ, სულიერად დაბრმავებული ვერ იგებ ჩვენი ცხონების საიდუმლოს, ის, რაც იესო ქრისტემ მოიმოქმედა.
მაშინ იღუმენმა წმინდა ალექსანდრეს წამება ბრძანა. მას ძარღვებით სცემდნენ, ბორბალზე ჰგლეჯდნენ, მდუღარე ფისითა და ზეთით სავსე ჭურჭელში და ანთებულ ღუმელში აგდებდნენ, მაგრამ იესო ქრისტეს მადლით უვნებელი რჩებოდა. გაახურეს ღუმელი და წმინდა ალექსანდრე შიგ შეაგდეს. ჯალათებმა ორი საკვირველი სახის ჭაბუკი დაინახეს, რომლებიც წმინდა ალექსანდრესთან ადიდებდნენ ღმერთს. ესენი წმინდა ანგელოზები იყვნენ, რომლებიც აგრილებდნენ ღუმლის სიმხურვალეს. ხალხიც გაოცებული უცქერდა, ღუმელში ერთი შეაგდეს და ახლა სამნი როგორ არიანო.

მმართველმა და მისმა მხლებლებმა ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალეს. თუმცა მმართველის ერთმა მსახურმა ქრისტე იწამა, დაემხო მიწაზე, და წმინდანს სთხოვა, შენთან ერთად ქრისტესთან ყოფნის ღირსი გამხადეო. ანტონმა მაშინვე მახვილით განგმირა მსახური. როცა წმინდა ალექსანდრე უვნებელი გამოვიდა ღუმლიდან, მაშინ მმართველის ბრძანებით, იგი ჩამოკიდეს და ბასრი რკინით სხეულის რანდვა დაუწყეს და იქამდე აწამებდნენ, ვიდრე მთლიანად წყლულებით არ დაეფარა ტანი. მისი სიმტკიცით გაოცებული ჯალათები ამბობდნენ:

- როგორ დაითმენს ეს კაცი ტკივილს, ძვლები სულ გავუშიშვლეთო?!

ამის მერე მოწამე მეორედ შეაგდეს ცეცხლში, კვლავ არაფერი მოუვიდა. შემდეგ რკინის სადგისებით დაუჩხვლიტეს მთელი სხეული და მთელი შინაგანი გარეთ გამოუყარეს. მხეცებს მიუგდეს შესაჭმელად მაგრამ მათ წმინდანს პირი არ დააკარეს. მთელი ამ წამების მანძილზე წმინდა ალექსანდრე, მხნედ, უდრტვინველად, ხმის ამოუღებლად დაითმენდა ტკივილებს. ბოლოს წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს მახვილით თავი მოჰკვეთეს. უსამართლო მოსამართლე უფალმა დასაჯა და მმართველი ანტონი ეშმაკეული შეიქნა. მას იმავე ღმერთებმა-ეშმაკებმა დაუწყეს ტანჯვა, რომელსაც იგი ემსახურებოდა. ტირილ-ტირილით წაიყვანეს მსახურებმა სახლში, მაგრამ ვერ მიაღწია და გზაში დალია სული.

ვინმე ევსტატემ, პატიოსანმა და მამაცმა ქრისტიანმა, მრავალვნებული სხეული წმინდა ალექსანდრესი აიღო და პატივით დამარხა.


ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1