წმინდა მოწამე აღაპი და მისთან ერთად შვიდი მოწამე: პუბლიოსი, ტიმოლაოსი, რომილე, ორი ალექსანდრე, ორი დიონისე (+303) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მოწამე აღაპი და მისთან ერთად შვიდი მოწამე: პუბლიოსი, ტიმოლაოსი, რომილე, ორი ალექსანდრე, ორი დიონისე (+303) - 15 მარტი (28 მარტი)
წმინდა მოწამენი დიოკლეტიანეს მეფობის დროს ცხოვრობდნენ. აღაპი ღაზელი იყო, ტიმოლაოსი ევქსინის პონტოდან, ორივე დიონისე ფინიკიის ტრიპოლოსიდან, პუბლიოსი და ორივე ალექსანდრე ეგვიპტელები იყვნენ, რომილე იპოდიაკვანი იერუსალიმის დასავლეთით მდებარე დაბა დიოსპოლის ეკლესიიდან, ყველა ეს წმინდანი ქრისტიანობის დევნის მეორე წელს პალესტინის კესარიაში აწამა მმართველმა ურბანმა.

მაშინ გამოიცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქვეყნის და ყველა ქალაქის მკვიდრს თაყვანი უნდა ეცათ კერპებისთვის და მსხვერპლი შეეწირათ. მაშინ წარმართული დღესასწაულის გამო კესარიაში ყველა მხრიდან შეკრებილი ხალხისთვის სანახაობა მზადდებოდა, სახელდობრ, ქრისტიანთა წამება. ამ საზარელი მოვლენის სანახავად იქ მყოფი ელინები შეიკრიბნენ.

ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ კოცონზე პირველი მოწამე ტიმოთე დაწვეს (ხს. 19 აგვისტოს); ამის შემდეგ მხეცებს დასაგლეჯად მიუგდეს წმინდა აღაპი (არა 15 მარტს მოხსენიებული აღაპი, არამედ სხვა) და წმინდა თეკლა. როცა ეს საშინელი ამბავი ხდებოდა, ექვსმა ჭაბუკმა მხნე ქრისტიანმა ხელები შეიკრეს, ნიშნად იმისა, რომ ქრისტეს სიყვარულისთვის მზად იყვნენ ცეცხლში ჩაეგდოთ, ან მხეცებისთვის დასაგლეჯად მიეგდოთ. ისინი სწრაფად აღმოჩნდნენ სანახაობის შუაგულში, შეჩერდნენ მმართველ ურბანოსის წინაშე და ხმამაღლა შესძახეს:

- ჩვენ ქრისტიანები ვართ!

მმართველს ყმაწვილები მოსაკლავად შეენანა და ალერსიანად ურჩია, თაყვანი ეცათ კერპებისთვის და აღარ დაეღუპათ საკუთარი ახალგაზრდობა. მაგრამ უარი მიიღო და ახალგაზრდები საპყრობილეში ჩააყრევინა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოწამეთა რიგს შეუერთდა წმინდა აღაპი, პატიოსანი და დიდებული კაცი ქრისტიანთა შორის, რადგანაც მან ადრევე კადნიერად აღიარა ქრისტეს სახელი და უკვე მრავალგვარი სატანჯველი დაითმინა. აღაპი ამ დროს თავის მსახურთან დიონისე ეგვიპტელთან ერთად შეიპყრეს და საპყრობილეში ექვს მოწამესთან ერთად ჩაამწყვდიეს. წმინდანები ციხეში დიდხანს ჰყავდათ დამწყვდეული, და მიუხედავად ათასგვარი ხერხით წამებისა, მათ ქრისტეს არ უღალატეს. ბოლოს მათ ერთ დღეს ყველას თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვა
1კ1