წმინდა მოწამენი ტერენტი, პუპლიოსი, აფრიკანე, მაქსიმე, ალექსანდრე, თეოდორე, ზენონი და სხვა ოცდაცამეტი მოწამე (III) - 13 (26) მარტი
წმინდა მოწამენი ტერენტი, პუპლიოსი, აფრიკანე, მაქსიმე, ალექსანდრე, თეოდორე, ზენონი და სხვა ოცდაცამეტი მოწამე (III) - 13 (26) მარტი
წმინდა მარტვილნი - ტერენტი და მეგობარნი მისნი იმპერატორ დეციუსის (249-251) დროს ეწამნენ ქრისტესთვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც ყველა ქვეშევრდომს წარმართული კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირათ.

როცა ეს ბრძანება აფრიკის მმართველმა ფორტუნატიანემ მიიღო, ხალხი მოედანზე შეყარა, აჩვენა საწამებელი იარაღები და განუცხადა, რომ უკლებლივ ყველას მსხვერპლი უნდა შეეწირათ კერპებისთვის. ბევრს წამებისა შეეშინდა და დათანხმდა, მაგრამ ორმოცმა ქრისტიანმა, წმინდა ტერენტის მეთაურობით, მხნედ განაცხადეს, რომ ქრისტეს არ უღა¬ლატებდნენ. ფორტუნატიანე გააოცა მათმა სითამამემ და ჰკითხა, - თქვენ, გონიერი ადამიანები, როგორ აღიარებთ ღმერთად იმას, ვინც იუდეველებმა როგორც ავაზაკი, ისე აცვეს ჯვარსო. რაზეც წმინდა ტერენტიმ თამამად უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვრისა, რომელმაც ნებსით დაითმინა ჯვარზე სიკვდილი და მესამე დღეს აღდგა. ფორტუნატიანე მიხვდა, რომ ტერენტი თავის მაგალითით სხვებს აღაფრთოვანებდა და ის და მისი სამი უახლოესი მეგობარი - აფრიკანე, მაქსიმე და პუპლიოსი საპყრობილეში ჩაამწყვდია, ხოლო დანარჩენი მოწამეების, მათ შორის ზენონის, ალექსანდრეს, თეოდორეს ქრისტესგან განყენება მოისურვა. მაგრამ ვერც დაყვავებამ, ვერც მუქარამ, ვერც საშინელმა სატანჯველებმა ვერ შეარყიეს წმინდა მოწამეები: მათ გახურებული რკინით სწვავდნენ, ჭრილობაზე ძმარს ასხამდნენ, მარილს აყრიდნენ, რკინის კავებით გლეჯდნენ. მიუხედავად სატანჯველისა, წმინდანები არ დასუსტდნენ, რამეთუ მათ ქრისტე აძლიერებდა.

ფორტუნატიანემ ბრძანა, მარტვილნი წარმართულ ტაძარში შეეყვანათ და კიდევ შესთავაზა კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. მათ კი, ქრისტეს მხნე მეომრებმა ღმერთს შეჰღაღადეს: "ღმერთო, ყოვლადძლიერო, რომელმაც ოდესღაც უსჯულოებისათვის ცეცხლი აწვიმე სოდომს, შენი სიმართლის გამო დაამხე ახლაც კერპთა ეს უწმინდური ტაძარი". უეცრად კერპები ხმაურით მიწაზე დაენარცხნენ და ნამსხვრევებად იქცნენ, დაინგრა წარმართული ტაძარიც. გამძვინვარებულმა მმართველმა მათი დასჯა ბრძანა. მოწამეებმა ადიდეს ღმერთი და ქედი მოუდრიკეს მტრის მახვილს.

36 მოწამის დასჯის შემდეგ ფორტუნიატემ მოაყვანინა ტერენტი, მაქსიმე აფრიკანე და პუპლიოსი, აჩვენე მათ დახოცილი მარტვილნი და კვლავ კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა შესთავაზა. მოწამეებმა უარი თქვეს. მმართველმა მათ მძიმე ჯაჭვები დაადო და ბრძანა, ისინი ციხეში შიმშილით დაეხოცათ. შუაღამისას უფლის ანგელოზმა მათ ჯაჭვები ახსნა და დაანაყრა. დილით დარაჯებმა მოწამენი მხნე და ძალებით აღვსებულნი დახვდათ. მაშინ ფორტუნიატემ მოგვებს და შემლოცველებს უბრძანა საპყრობილეში გველები და ყოველგვარი ქვეწარმავალნი მიეშვათ. დარაჯებმა სახურავიდან ჩაიხედეს საპყრობილეში და მოწამენი სრულიად უვნებელნი იხილეს, ისინი ლოცულობდნენ, ხოლო გველები მათ ფეხებთან დაცურავდნენ. შემფუცველებმა ბრძანებისამებრ გააღეს საპყრობილის კარები, მაგრამ გველები არ დაემორჩილნენ, ეცნენ მათ და დაკბინეს. მაშინ გამძვინვარებულმა ფორტუნიატემ ბრძანა მოწამეთათვის თავები მოეკვეთათ. ქრისტიანებმა მოწამეთა სხეულები აიღეს და ქალაქგარეთ პატივით დაკრძალეს.

ბეჭდვა
1კ1