წმინდა მოწამე საბინე ეგვიპტელი (+287) - 13 (26) მარტი
წმინდა მოწამე საბინე ეგვიპტელი (+287) - 13 (26) მარტი
13 და 16 მარტს ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე საბინეს. იგი მდინარე ნილოსისპირა ეგვიპტის ქალაქ ჰერმოპოლისში დაიბადა, დიდებულთა ოჯახში. ის იმით გახდა ცნობილი, რომ ქრისტიანებს მფარველობდა. ამიტომაც, როცა დიოკლეტიანეს დროს, ქრისტიანების დიდი დევნისას, იმპერატორის ხალხმა საბინეს ძებნა დაუწყო, წმინდა საბინემ ექვს ქრისტიანთან ერთად ქალაქგარეთ პატარა ქოხს შეაფარა თავი. ისინი იქ დღეებს მარხვასა და ლოცვაში ატარებდნენ. ქრისტიანები ერთმა გლახაკმა გასცა, რომელსაც წმინდა საბინემ ორი ოქროს მონეტა უწყალობა.

ქრისტიანები მმართველ არიანესთან მიიყვანეს (ის შემდგომში ქრისტიანად მოიქცა და მოწამებრივად აღესრულა, ხსენება 14 დეკემბერს), რომელიც იმ დროს ქალაქგარეთ იყო. მან როცა წმინდანის მხნეობა იხილა, ბრძანა, სასტიკად გაემათრახებინათ, იმ იმედით, რომ დაიმორჩილებდა. რამდენადაც მმართველის შეკითხვებზე იგი დუმდა, არიანეს ერთ-ერთმა მსახურმა მასზე თქვა, - ეტყობა, ჭკუიდან გადავიდაო. მაშინ წმინდანმა უპასუხა: - მსგავსი არაფერი მომხდარა, მე საღ გონებაზე ვარ და უარს ვამბობ კერპების გამო ქრისტე მივატოვოო.

როცა რაზმი მდინარეზე გადადიოდა, რათა ქალაქში შესულიყო, წყალი აბობოქრდა, თითქოს ქარიშხალმა აამოძრავაო, და გემი, რომელზეც მმართველი და საბინე ისხდნენ, ძლივს გადაურჩა წყალში დანთქმას. ქალაქში რომ შევიდნენ, არიანემ მოუხმო წმინდანს და ჯადოქრობაში დასდო ბრალი, რათა სასჯელისთვის თავი აერიდებინა. მისი ბრძანებით, წმინდა საბინე მიწაზე განართხეს, ხელ-ფეხი ოთხ მარგილზე დაუმაგრეს და ანთებული ჩირაღდნებით დაუწყეს ტანის დაწვა. წმინდანი, მიუხედავად ტკივილისა, ხმამაღლა გაიძახოდა, ქრისტე არის ჩემი ერთადერთი იმედიო და მმართველს მოუწოდებდა: სასწრაფოდ მომკალი, რომ საუკუნო სიცოცხლეში შევიდეო.

ბოლოს, სასჯელი გამოუტანეს: წმინდანი გემით შუა მდინარეში შეიყვანეს, ხელ-ფეხზე ლოდები გამოაბეს და წყალში გადააგდეს. უკანასკნელი ლოცვის წარმოთქმისას წმინდანმა იწინასწარმეტყველა, რომ მის სხეულს სამი დღის მერე იპოვიდნენ. მართლაც, სამი დღის შემდეგ მდინარის პირას იპოვეს ქრისტიანებმა და დიდი პატივით დაკრძალეს იმ ქვებთან ერთად, რომელიც მისი დასჯის იარაღი იყო.

კონდაკი
საღმრთოდ აღორძინდი შენ მსგავსად ყუავილთა დაუჭკნობელთა და ვითარცა, რა ვაზი, მრავალნაყოფიერ იქმენ, ღმერთშემოსილო საბინე, აწცა, რომელნი სარწმუნოებით პატივს ვსცემთ ხსენებასა შენსა, აღგვავსენ შენითა სიხარულითა და ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
.............................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1