წმინდა მოწამე მეფე ოსვინ დეირელი (+651) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა მოწამე მეფე ოსვინ დეირელი (+651) - 20 აგვისტო (02 სექტემბერი)
წმინდა ოსვინი VII საუკუნეში ცხოვრობდა, იგი ძე იყო დეირის (სამხრეთი ნორტუმბრია, ახლა იორქშირის საგრაფო) მეფის ოსრიკისა, რომელიც წმინდა პაულინმა მონათლა, მაგრამ შემდგომში უარი თქვა ქრისტეზე და წარმართობას დაუბრუნდა. წმინდა ოსვინმა ქრისტიანობას არ უღალატა და უესექსის სამეფოში განდევნეს. 642 წელს წმინდა ოსვინი დაბრუნდა სამშობლოში და გამეფდა. შვიდი წელი ხელმძღვანელობდა სამეფოს და თავისი ქვეშევრდომებს ქრისტიანული სათნოებების მაგალითებს აძლევდა. მეფე ოსვინი მფარველობდა მოციქულთასწორ წმინდა აიდანს, რომელმაც მასზე იწინასწარმეტყველა: "მე ვიცი, რომ მეფე დიდხანს ვერ იცოცხლებს, რადგან არასოდეს მინახავს ასეთი თავმდაბალი ხელმწიფე. ეს ხალხი ასეთი მეფის ღირსი არ არის, ამიტომაც მალე წარიტაცება ამ ცხოვრებიდან". მართლაც, მალე ის ღალატით მისცეს მტრად გადაკიდებულ ბერნიციის მმართველს და მან 651 წლის 20 აგვისტოს წმინდა ოსვინი გილინგეში სიკვდილით დასაჯა. მეფე ოსვინი VIII საუკუნეში წმინდანად შერაცხეს, რამეთუ ის მოკვდა "რწმენისა და საღმრთო სიმართლისათვის". წმინდანის საფლავზე ტაინმოუტის მონასტერში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. IX-X საუკუნეებში დანიელების შემოსევებისას მონასტერი რამდენჯერმე დაარბიეს და 1008 წელს ბერებმა მიატოვეს სავანე. წმინდა ოსვინის საფლავი ნახევარი საუკუნე დაკარგულად ითვლებოდა. 1065 წელს წმინდა ედუარდ აღმსარებლის მმართველობისას წმინდა ოსვინი ძილში გამოეცხადა ვინმე ბერ ედმუნდს და ამცნო თავისი საფლავის ადგილსამყოფელი. მან ეპისკოპოსს შეატყობინა და ასე მოიპოვეს მეფე ოსვინის წმინდა ნაწილები. 1090 წელს ღვთისმოსავმა ნორმანდიელმა გრაფმა მონასტრისთვის დიდი ეკლესია ააშენა და წმინდა ოსვინის წმინდა ნაწილები იქ გადაასვენა, 11 მარტს სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავენ.

ღვთისმოძულე ჰენრიხ VIII-ის მმართველობისას ბევრი მონასტერი დახურეს. მეფის ბრძანებით 1538 წელს წმინდა ოსვინის აკლდამა გახსნეს, წმინდა ოსვინის როგორც სხეული, ისე სამოსი უხრწნელი აღმოჩნდა, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა მკრეხელები, მათ უმოწყალოდ გაანადგურეს წმინდანის სხეული. ამბობენ, რომ წმინდა ოსვინის მცირე წმინდა ნაწილი შეიძლება იყოს დარჰემში, სადაც ის მღვდელმა ალფრედ უესტოუმ გადაასვენა XI საუკუნეში. წმინდანის ნაქონი ფსალმუნი ინახება ბრიტანეთის მუზეუმში.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1