ღირსმოწამე აბდ-ალ მასიჰი, სინაის მთის იღუმენი (VIII) - 9 (22) მარტი
ღირსმოწამე აბდ-ალ მასიჰი, სინაის მთის იღუმენი (VIII) - 9 (22) მარტი
წმინდა მამა წარმოშობით არაბეთის ქალაქ ნაჯრანიდან იყო, ქრისტიანი, მაგრამ ჭაბუკობაში ცუდ წრეში მოხვდა, გაავაზაკდა და მათი გავლენით ისლამიც მიიღო.

ცამეტწლიანი უჯერო ცხოვრების შემდგომ მის გულს ღვთის მადლი ისევ შეეხო, ძველ ცხოვრებას დაეხსნა, მოიქცა, წმინდა ადგილნი მოილოცა და იერუსალიმის პატრიარქის, იოანე მეხუთის (705/6-735 წლები) რჩევით, საბაწმინდის ლავრაში შემონაზვნდა.

ხუთი წლის შემდგომ სინაის წმინდა მთას მიაშურა, სადაც ყოვლად სრულყოფილ ღვაწლს მიეცა.

ერთხელ, ქალაქ რამლეში (დღევანდელ რამალაში, რომელიც იორდანეს დასავლეთით მდებარეობს) ყოფნისას ერთ-ერთ მეჩეთში შევიდა და განაცხადა, რომ ოდესღაც ქრისტე უარყო და ისლამი მიიღო, შემდეგ კი შეინანა და ჭეშმარიტებას დაუბრუნდა, შემდეგ კი დაამატა:

- მე წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარში ვიქნები და თუ დაგჭირდეთ, იცით, სადაც უნდა მომძებნოთო!

გაღიზიანებულ მუსულმანებს მისი მოკვდინება სწყუროდათ, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მათ გვერდით მყოფს, ვეღარ ხედავდნენ.

მცირე ხნის შემდგომ აბდ-ალ მასიჰი ეფესოს ეწვია, უკან მობრუნებული კი სინაის მთის მონასტრის ახალგარდაცვლილი იღუმენის ნაცვლად დაადგინეს.

რამლაში დაბრუნებული ერთმა კაცმა იცნო, მასთან ერთად რომ ავაზაკობდა და ხელისუფალთან დაასმინა.

დაკითხვისას აბდ-ალ მასიჰმა ყოველივე დაუფარავად აღიარა, ხოლო როდესაც შესთავაზეს, თავი იხსენ და ისლამს დაუბრუნდიო, მტკიცედ იუარა და ისლამის სიცრუეც დაგმო.

გაცოფებულმა მმართველმა მისთვის თავის წარკვეთა ბრძანა, სხეული კი ღრმა თხრილში გადააგდებინა.

ათი თვის შემდგომ, როდესაც ქრისტიანებმა მისი წმინდა ნაწილნი ფარულად შეაგროვეს, ისინი უცნაური შუქით განბრწყინდნენ. მოგვიანებით ეს სიწმინდე წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ლიდის ტაძარში გადააბრძანეს.

ბეჭდვა
1კ1