წმინდა მოწამე ურპასიანე ნიკომიდიელი (+295) - 9 (22) მარტი
წმინდა მოწამე ურპასიანე ნიკომიდიელი (+295) - 9 (22) მარტი
ერთხელ უღმერთო მაქსიმიანე გალერუსმა აღმოსავლეთ რომის იმპერიის დედაქალაქ ნიკომიდიას იმპერიის ყველა წარჩინებულს და მხედართმთავარს უხმო და უბრძანა, უკლებლივ ყველას "ღმერთებისთვის" მსხვერპლი შეეწირათ.

კეთილშობილმა ურპასიანემ, წარდგა რა იმპერატორისა და სენატორის წინაშე, მოსასხამი და ქამარი დაყარა და წარმოთქვა:

- აჰა, მათთან ერთად პატივსაც გიბრუნებ, ხელმწიფეო, რამეთუ დღეიდან ზეციური მეუფის ლაშქარს ვუერთდები!

ცოფმოგვრილმა ტირანმა, ურპასიანესგან ამგვარ პასუხს რომ არ ელოდა, თავიდან მოულოდნელობისგან გაშრა, შემდგომ კი ჯალათთ "უსინდისო კაცის" წამება და საპყრობილეში გამომწყვდევა უბრძანა.

გავიდა მცირე დრო და ურპასიანე საკნიდან გამოიყვანეს, რომ რკინის ვიწრო გალიაში ჩაესვათ და ქვემოდან ცეცხლი შეეგზნოთ.

იმის მიუხედავად, რომ ალი სხეულს უწვავდა, წმინდა მოწამე საკვირველად კეთილსურნელებდა.

ასე აღესრულა ეს წმინდა კაცი ქრისტესთვის, მაქსიმიანემ კი ის მიწა, რომელსაც ურპასიანეს ფერფლი შეერია, შეაგროვებინა და ზღვას მისცა.

სურათის წყარო
ბეჭდვა
1კ1