მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცესი (+361-363 წლები) - 8 (21) მარტი
მღვდელმოწამე თეოდორიტე ანტიოქიელი ხუცესი (+361-363 წლები) - 8 (21) მარტი
ღირსი თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363 წლები) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო. ეს ტაძარი მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხსენება 21 მაისს) და მისმა ვაჟმა, კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361 წლები) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361- 363 წლები) რომის იმპერიაში კერპთა თაყვანისცემის აღდგენა განიზრახა, ქრისტიანულ ტაძართა დახურვა და საეკლესიო საგანძურის საიმპერატორო სალაროსთვის გადაცემა ბრძანა.

ანტიოქიის მმართველმა, იულიანემ, აქტიურად იწყო ხსენებული ბრძანების აღსრულება და თავიდან საკათედრო ტაძრებს მიადგა.

სწორედ მისი ბრძანებით შეიპყრეს თეოდორიტე განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმინდა მამამ ყოველივე უარყო და იულიანეს უსჯულოება და უსამართლობა უშიშრად ამხილა.

საზარელი წამების მიუხედავად, ღირსი მამა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ გატეხილა, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.

პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინიც სიკვდილს მისცეს - ზღვაში დაახრჩვეს, წმინდა თეოდორიტეს კი თავი წარკვეთეს.

სიწმინდეთა შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა - წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა და მმართველი მძიმე სნებას ემსხვერპლა, იულიანე განდგომილი კი სპარსეთთან ომს ემსხვერპლა.


ბეჭდვა
1კ1