ღირსმოწამე კონონ მებაღე, გალილეის ნაზარეთელი (+249-251 წლები) - 5 (18) მარტი
ღირსმოწამე კონონ მებაღე, გალილეის ნაზარეთელი (+249-251 წლები) - 5 (18) მარტი
ეს წმინდა მოწამე პალესტინის ქალაქ ნაზარეთიდან გახლდათ და ავადსახსენებელი დეციუსის (249-251 წლები) დევნის ჟამს ცხოვრობდა.

გარკვეული ხნის შემდეგ მან სამშობლო დატოვა და პამფილიის ქალაქ მაგიდაში დაფუძნდა.

მალე დევნის ტალღამ პამფილიამდეც მიაღწია და მრავალი ქრისტიანი შეიწირა, მათ შორის პაპია, დიოდორე და კლავდიანე (ხსენება 25 ოქტომბერს), შემდეგ კი - მაგიდის ეპისკოპოსი, წმინდა ნესტორიც (ხსენება 28 თებერვალს). ამიტომ როდესაც პუბლიუსმა ყველას მოუწოდა თავისთან, ქრისტიანებმა, კონონის გარდა, ყოველივე მიატოვეს და თავს გაქცევით უშველეს.

როდესაც ქალაქში იმპერატორის შიკრიკები შევიდნენ და ყოველი სახლის ჩხრეკა იწყეს, კონონს, ამ ყოვლადუბრალო და უწყინარ კაცს თავის ბოსტანში გადააწყდნენ. კონონი გულღიად მიესალმა, - დღე მშვიდობისა, ბიჭებოო, შემდეგ არც კი შეწინააღმდეგებია, ისე გამოაბმევინა თავი მათ თავკაცს ცხენზე და უკან მორჩილად გაჰყვა.

- ბატონო, ყოველი სახლი და ეზო დავიარეთ და ამ მოხუცის გარდა ვერავინ ვპოვეთ, ამიტომ სწორედ ის აგებს პასუხს ყოველი ქრისტიანის ნაცვლადო, - მოახსენეს უფროსს.

დაკითხვის შემდგომ პუბლიუსმა უთხრა:

- კერპთათვის მსხვერპლის შეწირვას როდი გთხოვ, უბრალოდ, წარმოთქვი:

- ო, ყოვლადძლიერო ზევსო, იხსენ ეს ხალხი! გპირდები, სხვას აღარაფერს გთხოვ, ამ უგნურებას ბოლო მოუღე და ჩვენ შორის ბედნიერად იცხოვრეო!

- კაცთა შორის უუგნურესო, ევედრე ზეცას, რომ შეგიწყალოს, რამეთუ თავად გამხდარხარ ამ უგუნურების ნაწილი! მე კი სხვა რა დამრჩენია, იმათთან ერთად, ვინც უფლის სახელის ხსენებისთვის დაღუპე, მეც ვადიდებ შემოქმედს!

გაცოფებულმა ტირანმა კონონის სასტიკად წამება ბრძანა, თუმცა, ვერას გახდა. მაშინ ტერფებში ლურსმნები გაუყარა და აიძულა, ბორბლის გარშემო ერბინა, უკან კი ორი მეომარი გაადევნა, რომელნიც წმინდანს ზურგში მახვილებს სცემდნენ.

მთელი ამ საზარელი ტანჯვისას მოხუცს ფსალმუნთგალობა არ შეუწყვეტია, ქალაქის მოედანს რომ მიაღწიეს, ძალაგამოცლილი კონონი დაეცა და უფალს შეჰღაღადა:

- ღმერთო, თავისუფალ მყავ ამ უგუნურ პირუტყვთაგან, ჩემი სისხლი ასე რომ სწყურიათ და იმათ შორის განმისვენე, ვინც შენი წმინდა ნება აღასრულა!

შემდეგ ჯვრის ნიშანი გამოისახა და თავისი წმინდა სული, როგორც უძვირფასესი მსხვერპლი, უფალს შეჰვედრა.

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს იხსენიება პოვნა წმინდათა ნაწილთა კეთილმსახურთა მთავართა, თეოდორე სმოლენსკელისა და ძეთა მისთა დავითისა და კონსტანტინესი, იაროსლაველ სასწაულმოქმედთა (+1463)

ბეჭდვა
1კ1