მოწამენი: პავლე და იულიანა, აკაკი, კოდრატე და სტრატონიკე (+273) - 4 (17) მარტი
მოწამენი: პავლე და იულიანა, აკაკი, კოდრატე და სტრატონიკე (+273) - 4 (17) მარტი
როცა გაცოფებული აურელიანე (270 - 275 წლები) პტოლემაიდაში (დღევანდელი აკკო, ისრაელი) შევიდა, ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი, პავლე, რომელსაც შუბლზე წმინდა ჯვარი ჰქონდა გამოსახული, მის წინაშე უშიშრად წარდგა.

ამ "თავხედობამ" ისე გაამწარა აურელიანე, მაშინვე იქვე შეიპყრო.

დაკითხვაზე წმინდა ჭაბუკმა უშიშრად აღიარა, რომ მხოლოდ ჯოჯოხეთის ტანჯვისა ეშინოდა და რწმენისგან განდგომას ვერა ძალა ვერ აიძულებდა.

მაშინ ჯალათებმა პავლე თოკით დაკიდეს და მისი საზარლად წამება იწყეს.

ამის შემხედვარე მისი და, იულიანა, ტირანს მივარდა და ძმის უსამართლოდ დასჯის გამო მწარედ ჰყვედრიდა.

მაშინვე შეიპყრეს ჯალათებმა ქალწული და პავლეს ხვედრს სწიეს, შემდეგ ძმასთან ერთად საპყრობილე განუჩინეს.

ღვთის წყალობით, წმინდა და-ძმა ყოველივეს უვნებლად გადაურჩა და თვით ჯალათნიც - კოდრატე და აკაკიც კი მოაქციეს, რომელთაც უსჯულო და სვეუბედურმა აურელიანემ მაშინვე თავები წარკვეთა.

პყრობილთა საკანი, მათვე სანუგეშოდ, უფალმა არამიწიერი ნათლით განაბრწყინა.

სამი დღის შემდგომ მეომარს, სახელად სტრატონიკეს, რომელსაც იულიანა უნდა ეწამებინა, შეეწყალა იგი და ყოყმანი იწყო, მაგრამ ქალი მიუბრუნდა და მტკიცედ უთხრა:

- თამამად შეუდექ შენს საქმეს, სტრატონიკე, არაფრის მეშინია, რამეთუ ჩემთან არს ქრისტე, რომელიც შენგან მოყენებულ იარებს ტკბილ ალერსად მომაგებსო!

მაშინ სტრატონიკემ იარაღი პირდაპირ იმპერატორის წინაშე აიყარა და ხმამაღლა აღმოთქვა:

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი!

კოდრატესა და აკაკის მსგავსად, სტრატონიკემაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.

წმინდა და-ძმას კი ვერც შხამიანმა გველებმა ავნეს რამე და ვერც - წამების სხვა მეთოდებმა.

იულიანა საროსკიპოში გამოკეტეს, მაგრამ უფალმა არც იქ დაუტევა, - ვინც მასთან მიახლოება გაბედა, თვალისჩინი წაერთვა.

მაშინ უარესად გამხეცებულმა აურელიანემ და-ძმის ცეცხლიან ორმოში ჩაყრა და ქვით ჩაქოლვა ბრძანა, მაგრამ უეცრად იელვა, ზეცით ცეცხლოვანი წვიმა გარდამოვიდა, რამაც შიშის ელდა დასცა იმპერატორს და პავლესა და იულიანას ორმოდან ამოყვანა ბრძანა.

თუმცა, ამ შემთხვევამ მის ბნელ სულს მოწამეთა მოკვდინებაზე ხელი არ ააღებინა და მალევე წარკვეთა თავნი, სხეულნი კი - მხეცებს და გარეულ ფრინველთ საჯიჯგნად მისცა, თუმცა, ვერც ერთმა ნადირმა ვერ გაბედა მათ ნაწილებთან მიახლოება.

ქრისტიანებმა დიდი კრძალვით გააპატიოსნეს და- ძმის ცხედარნი და მიწას პატივით მიაბარეს.
..............................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1