ქალწულმოწამე ანტონინა ნიკეელი (+ დაახლ. 305) - 01 (14) მარტი და 13 (26) ივნისი
ქალწულმოწამე ანტონინა ნიკეელი (+ დაახლ. 305) - 01 (14) მარტი და 13 (26) ივნისი
წმინდა ანტონინა ნიკეაში იმ დროს ცხოვრობდა, როცა უსჯულო დიოკლეტიანე ქრისტიანთა სისხლს სვამდა.

არც ქალწულს ასცდა მისი მსახვრალი რისხვა და ოდეს ბომონთა პატივმიუგებლობის და "მკრეხელური" ცხოვრების გამო იმპერატორის სამსჯავროს წარუდგინეს, დიდი და ხანგრძლივი ტანჯვის მიუხედავად, მხნედ აღიარებდა ქრისტეს.

ვერ გაძღა დიოკლეტიანე მისი წამებით და მცირე ხნის შემდგომ, ოდეს ბნელი დილეგიდან გამოიყვანეს, კვლავ უბრძანა, "ღმერთთათვის" მსხვერპლი შეეწირა და ურჩობა დაეტევებინა, რაზეც კვლავ ცივი უარი მიიღო.

მაშინ კი გამოელია მოთმინება მტარვალს, ანტონინა ხეზე დააკიდებინა და მათრახებით საზარლად აგვემინა, მაგრამ ქალწული ჯალათთა სისასტიკეს ოდენ ღიმილით პასუხობდა, ხოლო როდესაც სამოსის გახდა დაუპირეს, ზეცით ორი ანგელოზი გარდამოხდა, სხეული დაუფარეს, ხოლო შიშით ელდანაცემი მისი მტანჯველნი იქაურობას განეშორნენ.

მოთმინებადაკარგულ იმპერატორს ისღა დარჩენოდა, წმინდა დედა გავარვარებულ რკინის გრდემლზე დაეწვინა, თუმცა, აქაც მოეცარა ხელი - ღვთის მადლი იფარავდა მის რჩეულს და ანტონინა საღ-სალამათი კვლავ ადიდებდა უფალს.

მაშინ დიოკლეტიანემ მარტვილი ტომარაში ჩაასმევინა და ტბაში ჩაახრჩო.

წმინდა ანტონინა დაახლოებით 305 წელს ევნო ქრისტესთვის.

წმინდა ანტონინას ხატის წყარო

* * *
ამავე დღეს არის ხსენება მოწამეთა მარკელასი და ანტონინასი, რომელთაც სიკვდილი ცეცხლში მიიღეს

ბეჭდვა
1კ1