წმინდა იოანე ხუროთმოძღვარი (+1575) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა იოანე ხუროთმოძღვარი (+1575) - 26 თებერვალი (11 მარტი ან 10 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა მოწამე იოანე კალფა კონსტანტინოპოლის გარეუბანში ცხოვრობდა. ის პროფესიით ხუროთმოძღვარი იყო და ისეთ ოსტატობას მიაღწია, რომ ცნობილი დიდებულები აძლევდნენ შეკვეთებს. მას დაევალა სულთნის სასახლის შიდა ფასადის მოპირკეთებაც.

წმინდა იოანე ქრისტიანული გულმოწყალებით გამოირჩეოდა: ზრუნავდა ობლებზე, ტუსაღებზე, ბევრი მიმართავდა მას შემწეობის თხოვნით. ერთხელ ერთმა დიდებულმა სთხოვა წმინდანს, მოწაფედ აეყვანა მისი ძმისწული. იოანეც დათანხმდა და მალე ჭაბუკმა მისი შემწეობით სასახლეში საპატიო თანამდებობა დაიკავა. ერთხელ, ყოფილი მოწაფე შეხვდა თავის ოსტატს და, სხვათა შორის, ჰკითხა, - "რა არისო ნათქვამი ქრისტიანულ წიგნებში "წინასწარმეტყველ" "მუჰამედის შესახებ"? წმინდანს არ უნდოდა პასუხი გაეცა, მაგრამ ჭაბუკმა დაიჟინა და იოანემაც განუმარტა მას მაჰმადიანური სარწმუნოების სიცრუე და უსაფუძვლობა, ისლამის ერთგულმა მსახურმა თანამორწმუნეებს აცნობა, რომ ხუროთმოძღვარმა ჰგმო მაჰმადი. იოანე შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს, მაგრამ წმინდანმა გაბედულად აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოება. ნეტარი მარტვილი წამების შემდეგ კატორღაში გააგზავნეს, სადაც 6 თვე ქანცგაწყვეტამდე ამუშავებდნენ, შემდეგ საპყრობილეში ჩააგდეს და გვემეს, ბოლოს კი, 1575 წლის 26 თებერვალს, სავაჭრო მოედანზე გადაიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. წმინდა იოანეს ღვაწლი აღწერა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იკონომოსმა ანდრიამ, რომელმაც აზიარა იგი საპყრობილეში წმინდა საიდუმლოს.

ბეჭდვა
1კ1