ღირსი ათანასე აღმსარებელი (+821) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი ათანასე აღმსარებელი (+821) - 22 თებერვალი (7 მარტი ან 6 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი ათანასე აღმსარებელი VII-IX საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი დაიბადა კონსტანტინოპოლში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს.

ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომხის (813-820) ზეობისას განახლდა ხატთა თაყვანისმცემლების დევნა, ათანასე ამ დროს იღუმენი იყო. ლეონი ყველა ღონისძიებას მიმართავდა ხატმებრძოლობის აღსადგენად, მოიწვია თავის მომხრეთა კრება, 814 წელს გააუქმა მსოფლიო კრების განჩინებანი და ისევ შეავიწროვა ხატთა თაყვანისმცემლები. ათანასემ მაშინვე დაიწყო მართლმადიდებლობის დაცვა და ხატმებრძოლობის გმობა. ამ ბრძოლაში ათანასესავით შეუვალი იყო სტუდიის მონასტრის იღუმენი თეოდორე. იგი უშიშრად მიმართავდა ხატმებრძოლ იმპერატორს: "მეფეო, ნუ დაარღვევ ეკლესიაში მშვიდობას! მოციქულმა ბრძანა, რომ უფალმა ეკლესიას მისცა "რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაჲსწარმეტყველნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი" (ეფეს. 4,11), მაგრამ მას მეფეები არ უხსენებია. დაუთმე ეკლესია მწყემსებსა და მოძღვრებს. თუ არა და, დაიჯერე, თავად ზეციურმა ანგელოზმაც რომ მოგვთხოვოს ჩვენი სარწმუნოებისათვის მიუღებელი რამ, არც მას მოვუსმენთ!"

თეოდორეს შეგონებანი სულით ყრუ იმპერატორს არ ესმოდა. დევნა ძლიერდებოდა. ერთხელ, დღესასწაულის დროს, თეოდორემ მონასტრის ირგვლივ მოაწყო საზეიმო მსვლელობა ხატებით, რასაც თან ახლდა იოანე დამასკელის საგალობელი: "უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვცემთ, ქველის-მოქმედ..."

როდესაც ეს იმპერატორმა შეიტყო, წმინდანის გვემა ბრძანა, შემდეგ კი გადაასახლა შორეულ ქალაქში, სადაც ნესტიან და ბნელ საპყრობილეში დაამწყვდიეს. თეოდორეს მაშინაც არ შეუწყვეტია მართლმადიდებლობისთვის ბრძოლა, ჰქონდა მიმოწერა ჭეშმარიტების ერთგულ ეპისკოპოსებთან, ასწავლიდა, აიმედებდა და ანუგეშებდა ტანჯულ ქრისტიანებს. მისი სულიერი სიძლიერე ამ არეულობით დათრგუნვილ პატრიარქ ტარასისაც ამხნევებდა. ღირსმა ათანასემ სხვა იღუმენებთან ერთად ხელი მოაწერა თეოდორე სტუდიელის ორ წერილს მიწერილს რომის პაპ პასქალ I-ის მიმართ.

მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი ათანასე სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.

ბეჭდვა
1კ1