მღვდელმოწამე სადუკი, სპარსეთის ეპისკოპოსი და მასთანა 128 მოწამე (+330) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს) და 19 ოქტომბერს (ძვ.სტილით)
მღვდელმოწამე სადუკი, სპარსეთის ეპისკოპოსი და მასთანა 128 მოწამე (+330) - 20 თებერვალი (5 მარტი ან 4 მარტი - ნაკიან წელს) და 19 ოქტომბერს (ძვ.სტილით)
წმინდა სადუკი სპარსეთის ქალაქების - სალეკის და ქტიზიფონეს ეპისკოპოსად მაშინ აირჩიეს, როცა იქ მისი წინამორბედი წმინდა სვიმეონი ევნო ქრისტესთვის. ერთხელ წმინდა სადუკმა საშინელი სიზმარი ნახა. გამოიღვიძა და თავის სამწყსოს მოუხმო, რომლებიც სპარსეთის მეფის შაბურ II-ის შიშით იმალებოდნენ და ხილვის შესახებ მოუყვა:

- წუხელ ცას მიბჯენილი კიბე ვიხილე, რომლის თავში იდგა დიდებული ეპისკოპოსი სვიმეონი, მე კი მიწაზე ვიდექი. წმინდა სვიმეონმა ხმამაღლა მითხრა: "ამოდი ჩემთან, სადუკ და ნუ გეშინია. მე გუშინ ამოვედი, შენ კი დღეს ამოხვალ". ამის შემდეგ უჩინო შეიქნა. მწამს, რომ მე ქრისტესთვის მაწამებენ. წმინდა სვიმეონის სიტყვები: "მე გუშინ ამოვედი, შენ კი დღეს ამოხვალ", იმას ნიშნავს, რომ ის შარშან ეწამა, წელს კი მე მომიწევს ქრისტესთვის სიკვდილი.

ამის შემდეგ წმინდა სადუკმა მრევლი დაარიგა:

- ჩემო საყვარელო ძმანო და მამანო, შევიყვაროთ ღმერთი მთელი სულით და უფალი ჩვენი იესო ქრისტე მთელი გულით; შევიმოსოთ რწმენის ჯავშანი, თუნდაც ამისთვის წამება და სიკვდილი გვეწიოს, დაე თითოეული ჩვენგანი იესო ქრისტეს სათნო მეომარი გახდეს. და თუ სიკვდილი გველოდება, მოვკვდეთ ისე, როგორც სრულყოფილებს შეეფერება. თუ სიცოცხლე გვიწერია, ვიცხოვროთ მართალთა დარად. თუ მოვკვდებით, მოვკვდეთ ჩვენი მაცხოვრისთვის და მახვილის ნუ შეგვეშინდება, რამეთუ მახვილის მიერ საუკუნო ცხოვრების კარი გაგვეღება... ვილოცოთ, ძმანო, რათა ღმერთმა სწრაფად აღგვისრულოს, რაც ძილში ვიხილე...

მრავალი ამგვარი სიტყვით გაამხნევა წმინდა სადუკმა სამწყსო. და ეს სანატრელი ჟამი მალე დაუდგა, როცა მეფე შაბური ქალაქებში - სალკსა და ქტიზიფონში ჩავიდა. მეფის წინაშე წმინდა სადუკი დააბეზღეს და ცილი დასწამეს. მაშინ შაბურის ბრძანებით, შეიპყრეს წმინდა სადუკი, ქრისტიანი ერისკაცები და მონაზვნები, სულ 128 კაცი. რკინის მძიმე ბორკილები დაადეს, ერთმანეთს გადააბეს და ერთ ბნელ, მყრალ საპყრობილეში ჩაყარეს. აქ ისინი ხუთი თვე საშინლად იტანჯებოდნენ, რადგან ურჯულოს მსახურებმა თითოეული მათგანი წვრილი ტყავის თოკებით შეკრა და კვანძები ხის როკებით მოჭიმა.

ჯალათები მათ ეუბნებოდნენ:

- თაყვანი ეცით მზესა და ცეცხლს და მეფის ბრძანება აასრულეთ.

წმინდა სადუკი კი ყველას მაგივრად პასუხობდა, რომ მხოლოდ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, და არც მათი სატანჯველების ეშინოდათ.

ამის მერე მათ მეორედ მოუვიდათ მეფის ბრძანება: - თუ ჩემს ნებას არ აასრულებთ, ყველას საშინელი სიკვდილი გელითო.

მაგრამ ამან ვერ შეაშინა მოწამეები, რადგან სასოებდნენ, რომ ქრისტესთვის ეწამებოდნენ, საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებდნენ, ასეც განუცხადეს მეფეს, - ჩვენ ქრისტიანები ვართ და ერთადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს და მზად ვართ ყველანაირი წამებისათვისო. მეფემ მათი სიმტკიცე რომ იხილა, ბრძანება გამოსცა, ყველას¬თვის მახვილით თავი მოეკვეთათ. წმინდანები სიხარულით შეხვდნენ მეფის ბრძანებას და სიკვდილისთვის მოემზადნენ. ისინი ქალაქგარეთ გაიყვანეს. მოწამენი გზად ფსალმუნის სიტყვებს გალობდნენ: "მისაჯე მე, ღმერთო, და საჯე სჯა ჩემი თესლითგან არაწმიდისა, კაცისა ცრუსა და მზაკუარისაგან მიჴსენ მე" (ფს. 42:1). ბოლოს კი ყველამ ერთად ადიდა ღმერთი, მადლობა შესწირეს, რომ ისინი მოწამეობის ღირსი გახადა. ვიდრე ისინი ლოცულობდნენ, ჯალათები მათ სათითაოდ თავებს ჰკვეთდნენ. წმინდა სადუკი წაიყვანეს სხვა ქალაქში - ბიფლაპატში და იქ მოჰკვეთეს პატიოსანი თავი.

ბეჭდვა
1კ1