ღირსი მამები ევგენი და მაკარი აღმსარებლები (+363) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსი მამები ევგენი და მაკარი აღმსარებლები (+363) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ეს წმინდა მოწამენი იულიანე განდგომილის ჟამს ანტიოქიის ეკლესიის მღვდლები იყვნენ. ისინი შეიპყრეს და უსჯულო იმპერატორს მიუყვანეს განსასჯელად. წმინდანებმა უშიშრად ამხილეს იმპერატორი ჭეშმარიტი რწმენისაგან განდგომაში. მათმა სიტყვებმა იულიანე გააცოფა და მათი წამება ბრძანა. წმინდანებმა ათასგვარი სატანჯველი მხნედ დაითმინეს, სახე სიხარულით უბრწყინავდათ და აგრძელებდნენ მტარვალის მხილებას. ამის მერე ნაწამებ მამებს ბორკილები დაადეს და არაბეთის უდაბნოში გადაასახლეს. მიდიოდნენ მამები და გზაში ფსალმუნის სიტყვებს გალობდნენ: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა" (ფს.118:1). წმინდანები ჩაიყვანეს ოასიმში, რომელიც ერთ-ერთი ოაზისი იყო არაბეთის უდაბნოში. იქ მათ ერთი მთა აირჩიეს სამკვიდრებლად, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ურჩიეს, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეს არემარე, რადგან იგი ერთი უზარმაზარი გველის საბუდარი იყო, რომელიც ყველა სულიერს შთანთქავდა.

- გვაჩვენეთ ის მღვიმე, სადაც ურჩხული ბინადრობსო.

წმინდანები მღვიმესთან მიიყვანეს. მათ მუხლი მოიდრიკეს, ღმერთს შეევედრნენ და უეცრად მეხი დაეცა გველს და დაწვა. მღვიმეში იმ ადგილას მიწაც კი მოიწვა. ეს რომ წარმართებმა იხილეს, ქრისტე იწამეს.

წმინდანები შევიდნენ მღვიმეში და ოცდაათი დღე უსმელ-უჭმელებმა ლოცვაში გაატარეს. ბოლოს მათ ხმა მოესმათ:

- ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს მონებო, მიუახლოვდით თქვენ წინ მდებარე ლოდს.

წმინდანები ბრძანებას დაემორჩილნენ. უეცრად სინათლე დაეცა ლოდს, შუაზე გაიპო და წყარო გადმოდინდა. წმინდანები დაეწაფნენ წყალს და ამით დაიცხრეს როგორც წყურვილი, ისე შიმშილი. წმინდა აღმსარებლები ღმერთს ევედრებოდნენ, ერთად მიებარებინა მათი სულები. უფალმაც შეისმინა ნეტარი მამების ლოცვა და 363 წელს ისინი ერთდროულად მიიცვალნენ.

ბეჭდვა
1კ1