ღირსმოწამე ფილოთეა ათენელი (+1589) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსმოწამე ფილოთეა ათენელი (+1589) - 19 თებერვალი (4 მარტი ან 3 მარტი - ნაკიან წელს)
ღირსმოწამე ფილოთეა დაიბადა ათენში, 1522 წელს, ანგელოსის და სირიგა ბენიზელოსების ოჯახში, თურქების მიერ ქალაქის დაპყრობიდან მესამოცე წელს. დედამისს, სირიგას, დიდხანს არ უჩნდებოდა ბავშვი და ევედრებოდა ღვთისმშობელს, დედობის ღირსი გაეხადა. ერთხელ, როცა მუხლთ მოდრეკილი, ტაძარში ლოცულობდა, იხილა, რომ ღვთისმშობლის ხატიდან მის მუცელზე ძლიერ ნაკადად გადმოიღვარა მოკაშკაშე სინათლის სხივი. ხილვა მან თხოვნის ასრულებად მიიჩნია. მართლაც, მალე დაორსულდა და შვა ქალიშვილი, რომელსაც რევულა დაარქვეს.

ბენიზელოსების ოჯახი შეძლებული იყო. როცა გოგონას 12 წელი შეუსრულდა, ერთმა ადგილობრივმა, კარგი ოჯახის შვილმა ყმაწვილმა მისი ხელი ითხოვა, რადგან იმედი ჰქონდა, სიმამრის ქონება მას დარჩებოდა. რევულა ძალზე სათნო გოგონა იყო, არ სურდა გათხოვება, გული მონასტრისკენ მიუწევდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო მშობლების დაჟინებულ მოთხოვნას და ამ ყმაწვილს გაჰყვა ცოლად. ქმარი ძალზე მკაცრი და სასტიკი გამოდგა. სამი წელი ითმენდა რევულა ქმრის უხეშობას, ბევრს ეცადა მისი გულის მოლბობას, მაგრამ ამაოდ და უფალს განსაცდელისგან დახსნა შესთხოვა. მოულოდნელად კაცი გარდაიცვალა და დაქვრივებული რევულა მშობლების სახლში დაბრუნდა. მშობლებს მისი ხელმეორედ გათხოვება უნდოდათ, მაგრამ რევულამ უთხრა, რომ მას შემონაზვნების აღთქმა ჰქონდა დადებული.

გამოხდა ხანი, ქმრის სიკვდილიდან ათი წლის თავზე რევულას მშობლებიც გარდაეცვალა. მას ახლა უკვე დაუბრკოლებლად შეეძლო მოსაგრეობა, მარხვა, ლოცვა, მღვიძარება. მან თავისი მსახურებიც საღმრთო შურით განმსჭვალა და სულიწმიდის ჭურჭლად აქცია. ერთხელ წმინდა ანდრია მოციქული გამოეცხადა და მონასტრის და შიგ თავისი სახელობის ტაძრის აშენება უბრძანა. ეს ეკლესია, რომელმაც დღემდე მოაღწია, მდებარეობს წმინდა ფილოთეას ქუჩაზე, მიტროპოლიტის რეზიდენცი¬ის გვერდით. საკმაოდ დიდი სავანე აშენდა ეკვდერებით, კელიებით, სახელოსნოებით. რევულა მას ახმარდა თავისი ოჯახის ქონებას.

როცა მონასტრის მშენებლობა დასრულდა, რევულა მონაზვნად აღიკვეცა ფილოთეას სახელით და სავანის პირველი წინამძღვარი გახდა. თავიდან მონასტერში დასახლდნენ ფილოთეას მრავალრიცხოვანი მსახურები და გლეხები, რომლებიც მან ღვთისმსახურებისთვის მოამზადა, შემდეგ მათ შეუერთდა შემონაზვნების მოსურნე მრავალი შეძლებული ოჯახის შვილი. ისინი დაემორჩილნენ ღირსეულ იღუმენიას, რომელიც მათ სულიერ ცხოვრებას წარმართავდა. მისი ბრძნული სიტყვები კეთილ თესლად ინერგებოდა მათ გულებში და სათნოებათა კეთილსურნელოვან ყვავილებად აღმოცენდებოდა. მისი სიტყვები საქმეებით იყო განმტკიცებული. უამრავი გაჭირვებული და სნეული მოდიოდა მონასტერში დახმარების სათხოვნელად. ახალგაზრდა წინამძღვარმა ააშენა ბევრი საავადმყოფო და გლახაკთა თავშესაფარი, სადაც ის მუდმივად მიდიოდა და ჰკურნავდა მათ გულებს საკუთარი ღრმა რწმენის სალბუნით. მალე ისე გაივსო სავანე მონაზვნებით, რომ იღუმენია ძლივსღა უმკლავდებოდა მატერიალურ ხარჯებს. დები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამის გამო. წმინდა ფილოთეამ მათ მოუწოდა, მინდობოდ¬ნენ ღმერთს და შეეწყვიტათ წუწუნი. მართლაც, რამდენიმე დღის შემდეგ, ათენის ორმა მდიდარმა მკვიდრმა უხვი შესაწირი მიაგო მონასტერს.


ამ გოგონების გარდა, წმინდა ფილოთეა უამრავ ადამიანს აძლევდა თავშესაფარს. იმ დროის ათენში უამრავი ქრისტიანი მონა იყო, რომლებიც არაბ მეკობრეებს საბერძნეთის სხვადასხვა კუთხეში მოეტაცებიათ და აქ გაეყიდათ. ზოგჯერ ეს საცოდავი ხალხი გარემოებათა გამო ისლამს იღებდა, ზოგიც ქრისტიანობას ფარულად ინახავდა. საშინელი ბატონისაგან გაწამებული მონა ქალები ხშირად გარბოდნენ და წმინდა ფილოთეას მონასტერს აფარებდნენ თავს, წმინდანი მათ სიყვარულით იღებდა, რწმენაში განამტკიცებდა და როცა ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა, სამშობლოში აბრუნებდა. სამწუხაროდ, ეს ამბავი დიდხანს ვერ დაიმალებოდა. თურქებმა შეიტყვეს ყოველივე. გამძვინვარებულნი შეიჭრნენ მის კელიაში და სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილი იღუმენია ფაშასთან წაათრიეს. ფაშამ მისი დილეგში ჩაგდება ბრძანა. წმინდანმა ის ღამე ლოცვაში გაატარა. მეორე დღეს წმინდა ფილოთეა ფაშას წინაშე წარადგინეს, ფაშამ უთხრა, ან სიკვდილი ირჩიე, ანდა ისლამიო. წმინდა ფილოთეამ ქრისტესთვის სიკვდილი ირჩია. ფაშამ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა, ამ დროს მასთან რამდენიმე გავლენიანი ქრისტიანი მივიდა და ბრძანება შეაცვლევინეს. წმინდანს სავანეში დაბრუნების ნება მისცეს. გათავისუფლების მერე წმინდანი თავისი მონასტრის მეტოქიონში, კუნძულ კეიაზე წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ათენში დაბრუნდა.

მონასტერში დაბრუნებულმა წმინდანმა ძველებური მოსაგრე ცხოვრება გააგრძელა. და რადგანაც ძალზე ბევრი იყო მონასტერში ცხოვრების მოსურნე, მან მათთვის პატისიას რაიონში (დღევანდელ ლეფსოკიას ქუჩაზე) წმინდა ანდრია მოციქულის სახელობის ახალი სავანე ააშენა. წმინდანი თვითონაც განმარტოვდებოდა ხოლმე იქვე, სიახლოვეს მდებარე მღვიმეში, რომელიც დღეს ლამაზი განსასვენებლის სახით შემორჩა. აქვეა დასვენებული წმინდანის წმინდა ნაწილები და მისი ერთ-ერთი პირველი ხატი.

წმინდა ფილოთეამ კუნძულ ეგინაზეც ააშენა მონასტრის მეტოქიონი და დედების ნაწილი იქ გაგზავნა.

როგორც ვთქვით, წმინდანის მშობლები ძალზე შეძლებულები იყვნენ და დიდი მამულები ჰქონდათ. მან თავის მამულშიც, პერისოში, რომელსაც დღეს კალოგრეზას ეძახიან, კიდევ ერთი მონასტერი ააშენა.

სიცოცხლეში წმინდა ფილოთეა ლოცვით კურნავდა სნეულებს, ეშმაკეულებს. ერთი ახალგაზრდა მწყემსი, რომელსაც ბევრი რამ ბილწი ჩვეულება ჰქონდა, ეშმაკეული გახდა და ტყეღრეებში დაეხეტებოდა. ხანდახან, როცა გონს მოვიდოდა, რომელიმე მონასტერს მიაკითხავდა განკურნების იმედით. ერთხელაც წმინდა ფილოთეას სთხოვა დახმარება. წმინდანმა მისთვის მხურვალედ ილოცა და იგი სრულიად განიკურნა. შემდგომში ის წმინდანმა მონაზვნად აღკვეცა. უამრავი ხალხი მოდიოდა წმინდანის სავანეებში და წმინდა ფილოთეა მათ აპურებდა, მკურნალობდა, ის ხალხისთვის ყველაფერი იყო და "ქალბატონ დამრიგებელს ეძახდნენ".

1589 წელს, წმინდა დიონისეს ხსენების წინა დღეს, როცა დედები შუაღამიანის ლოცვაზე შეიკრიბნენ პატისიას მონასტერში, წარმართები შეიჭრნენ სავანეში და მთელი ბოღმა წმინდა ფილოთეაზე ამოანთხიეს, ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს. მეორე დღეს დებმა ის პერისოსში მონასტრის მეტოქიონში გადაიყვანეს. გონს მოსული წმინდანი მადლობდა ღმერთს, რომ სიკეთის წილ სიძულვილი მიიღო. 1589 წლის 19 თებერვალს წმინდა ფილოთეამ სული თვისი ჩააბარა უფალს. ის თავდაპირველად კალოგრეზის მონასტერში დაკრძალეს, შემდეგ კი წმინდა ანდრიას ტაძარში გადაასვენეს. წმინდა ფილოთეას წმინდა ნაწილებიდან მალევე მირონდენა დაიწყო და მრავალი სნეული განიკურნა ნაწილებთან მიახლებით. ამიტომაც მსოფლიო პატრიარქ მათე მეორის დროს (1595-1600 წწ.) ღირსი ფი¬ლოთეა წმინდანად შერაცხეს.

ბეჭდვა
1კ1