წმინდა თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თეოდორე აჭარელი ეკუთვნის აჭარის მკვიდრთა იმ მრავალათასიან წმინდა მოწამეთა დასს, რომელნიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ ოსმალთაგან.

წმინდა თეოდორე დაიბადა XVIII ს-ის 70-80-იან წლებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსლიმანება, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც, მიუხედავად მუსლიმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადასარჩენად უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმინდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსლიმანებული ქართველი მოსახლეობის მუსლიმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრებას.

წმინდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპიზონში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ, ცნობილია, რომ წმინდა თეოდორემ უარი თქვა მუსლიმანობაზე, მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება და რადგანაც ეს ძალიან საშიში იყო, თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) ერთ-ერთ ქართულ მონასტერს, იქვე აღიკვეცა მონაზვნად და თავისი ძმისშვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე წმინდა თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს მან ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა, სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის წმინდა მთაც. სწორედ მათ შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ მოუკლავთ. მოწამის გვამი უსჯულოებს ზღვაში გადაუგდიათ.

"ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1