წმინდა თეოდორე ბიზანტიელი (+1795) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა თეოდორე ბიზანტიელი (+1795) - 17 თებერვალი (2 მარტი ან 1 მარტი - ნაკიან წელს)
ქალაქ მიტილინის პორტის შორიახლოს არის დასვენებული წმინდა ნაწილები წმინდა თეოდორე ბიზანტიელისა. წმინდა თეოდორე 1774 წელს დაიბადა, თურქების ბატონობის დროს. მართლმადიდებელი ბერძენი გახლდათ და მოწაფე იყო იმ მხატვრისა, რომელსაც სულთანმა სელიმ III-მ დაავალა თავისი სასახლის მოხატვა კონსტანტინოპოლში. სასახლეში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში თეოდორე მუსლიმანთა გავლენის ქვეშ მოექცა და ისლამი მიიღო. მაგრამ როცა კონსტანტინოპოლს ჭირის ეპიდემია მოედო, ჩაფიქრდა იმაზე, რომ მოკვდავია და ღვთის უარმყოფელი. გაქცევა გადაწყვიტა, მაგრამ დაიჭირეს და სასახლეში დააბრუნეს. ბოლოს და ბოლოს, გემზე დადგა მეზღვაურად და კონსტანტინოპოლიდან კუნძულ ქიოსზე გაქცევა მოახერხა. ქიოსზე მღვდელმთავარ მაკარი კორინთელთან მივიდა და დიდად შეინანა თავისი განდგომილება. ხანგრძლივი მონანიების, მარხვისა და ლოცვის მერე ნება მისცეს ზიარებისა და ბერად აღკვეცისა. მაგრამ თეოდორესთვის ეს საკმარისი არ იყო. მას სურდა საჯაროდ უარეყო ისლამი. მეუფე მაკარი ეუბნებოდა, ეს აუცილებელი არ არის, რადგან უკვე შეინანეო. ჩემთვის არაფერია ადამიანთა წინაშე წარდგომა, მაგრამ ღვთის წინაშე ასეთი ცოდვით მისვლა უბრალო რამე არ არისო, - ამბობდა.

1795 წელს, 21 წლის ასაკში, მამა თეოდორემ თურქული ტანსაცმელი გადაიცვა და ქალაქ მიტილინაში თურქი მაგისტრატის წინაშე გამოცხადდა. თავიდან ფესი მოიძრო, იატაკზე დააგდო და შესძახა: - თქვენ მაიძულეთ, მუჰამედისა მერწმუნა და ქრისტე უარმეყო. ახლა მე უკან გიბრუნებთ თქვენს მუჰამედს და უკან მიმაქვს რწმენა ქრისტესიო.

მამა თეოდორე დილეგში ჩააგდეს, ხელები შეუკრეს და სასტიკად სცემეს. რამდენიმე დღის შემდეგ წარადგინეს ხელისუფლების წინაშე იმის დასადასტურებლად, რომ მუსლიმანია, მან ისევ გაიმეორა, "ქრისტიანად დავიბადე და ქრისტიანად მოვკვდებიო. ამის მერე რამდენჯერმე სცემეს, რიყის ქვით გაგუდეს, ყელში წამახვილებული მარგილები ჩასჩარეს, ტანი ცეცხლით მოუწვეს. ბოლოს კი ფიქრისთვის დრო მისცეს. მაგრამ თეოდორემ ქრისტიანობის უარყოფა არ ისურვა და 17 თებერვალს ჩამოახრჩვეს. სამი დღე ეკიდა მისი უსულო სხეული ქრისტიანთა დასაშინებლად. მერე კი თურქებმა ქრისტიანებს მისი დაკრძალვის ნება მისცეს. წმინდა თეოდორემ სიკვდილისთანავე სასწაულმოქმედება დაიწყო. მისი წმინდა ნაწილებით ლიტანიით მსვლელობამ მრავალგზის იხსნა კუნძული ეპიდემიისას. ადგილობრივი ქრისტიანები დღემდე ზეიმობენ მის ხსენებას, მიაქვთ ყვავილები და სამრეკლოზე მკვეთრი ფერებით მოხატულ ფარნებს დგამენ. 1888 წელს ახალდანიშნულმა ფაშამ გამოიკითხა, ასე ვის ეთაყვანებოდნენ ქრისტიანები და წმინდა თეოდორეს თაყვანისცემა აკრძალა. მეორე დღეს იგი თავის საწოლში მკვდარი იპოვეს. ეს ქრისტიანებმა და მუსლიმანებმაც ღვთის ნიშნად მიიღეს, როგორც სასჯელი წმინდანის უპატივცემულობისა.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1