წმინდა ღირსმოწამე რომანოზი (+1694) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
წმინდა ღირსმოწამე რომანოზი (+1694) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
წმინდა რომანოზი წარმოშობით კარპენისიდან იყო. მისი მშობლები უსწავლელი, უბრალო, მაგრამ ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. მათ ვერც შვილს მისცეს განათლება და მან მცირე რამ იცოდა რწმენის დოგმატებზე. ერთხელ ვიღაცისგან იესო ქრისტეს საფლავზე შეიტყო, იერუსალიმში წასვლის სურვილი გაუჩნდა და მალევე გაემგზავრა კიდეც. დიდი კრძალვით ეამბორა უფლის საფლავს, შემდეგ კი წმინდა საბას ლავრას ესტუმრა. მან იქ მოწამეთა მარტვილობაზე საკითხავი მოისმინა, თუ რაოდენ სასტიკად ეწამებოდნენ ისინი ქრისტეს სახელისთვის, რათა მერე უფალთან ერთად საუკუნოდ ენეტარათ და იკითხა: - რა არის ეს საუკუნო ნეტარებაო. როცა შეიტყო, რას ნიშნავდა, თვითონაც გაუჩნდა სურვილი მოწამეობისა.

ლავრიდან იერუსალიმში დაბრუნდა და თავისი სურვილის შესახებ იმდროინდელ პატრიარქს მოახსენა. პატრიარქმა შეაჩერა იგი, რადგანაც არ იცოდა, როგორი დასასრული ექნებოდა ამ დიდებულ და საშინელ საქმეს, ვაითუ ვერ გაეძლო წამებისთვის. თან ეშინოდა, რომ თურქებს უფლის საფლავის საძმოს და სხვა ქრისტიანების დევნა არ დაეწყოთ. მაგრამ რომანოზს მოწამეობის სურვილის ისეთი ცეცხლი უგიზგიზებდა სულში, რომ ვერ დააცხრო. ამიტომაც იერუსალიმიდან გაემგზავრა, თესალონიკში ჩავიდა და იქაური ყადის წინაშე ქრისტე აღიარა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად, ხოლო მუჰამედი - მეზღაპრედ, სიკეთისა და ყოველგვარი ადამიანური გრძნობების მტრად. ხოლო მათი რწმენა სიცრუედ და ხიბლად გამოაცხადა. განრისხებულმა ყადიმ მისი წამება ბრძანა. თურქები მას ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ, საშინლად სცემეს, ზურგიდან ქამრებად ტყავი ააძრეს, ყურები დააჭრეს და კიდევ სხვა ბევრი საშინელი რამ მოიმოქმედეს. მაგრამ, რადგანაც ვერ გატეხეს ყადიმ მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა.


მოხდა ისე რომ იქ იმყოფებოდა თესალონიკის გალერების კაპიტანი და ყადის სთხოვა, ეს "გიაური" მე გამატანე, ხომალდზე გალერაში ჩავაგდებ და მთელი სიცოცხლე დაიტანჯება ნიჩბების მოსმითო. ყადის მისი ნათქვამი მოეწონა და სიამოვნებით გადასცა მოწამე. კაპიტანმა წმინდა რომანოზს თმა-წვერი გაპარსა, გალერაში ჩააგდო და ნიჩბების მოსმა აიძულა. შემდეგ რომანოზის მეგობარმა ქრისტიანებმა წმინდანი გამოისყიდეს, გაათავისუფლეს და ათონის მთაზე ჩამოსვეს, სადაც ის წმინდა აკაკი კავსოკალიველს დაემოწაფა და მოსაგრეობის ღვაწლს შეუდგა. თუმცა სული მაინც ვერ დაუმშვიდდა: რამეთუ მიწიერი აღარაფერი აინტერესებდა, არც საჭმელი, არც სასმელი, მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ ეწამა ქრისტესთვის. გულისთქმები მოძღვარს გაანდო. მან უთხრა, - მოდი, შვილო, რამდენიმე დღე ვიმარხულოთ, ვილოცოთ, რომ ღმერთმა გამოგვიცხადოს თავისი ნებაო. ასეც მოიქცნენ. ღირს აკაკის ჰქონდა გამოცხადება, რომ უფლის ნება იყო რომანოზი მოწამის გვირგვინით შემკობილიყო. ამგვარად, რომანოზმა სულთმოფენობას ანგელოზის სქემა შეიმოსა და მოძღვრის ლოცვა-კურთხევით გაძლიერებული კონსტანტინოპოლში ჩავიდა. თურქების გასაბრაზებლად ქამარზე მაწანწალა ძაღლი გამოიბა და შუა ბაზარში დაჰყავდა. თურქებმა ჰკითხეს: - ძაღლს რად დაათრევო. მოწამემ უპასუხა: ისე უნდა გამოვკვებო, როგორც ქრისტიანები თქვენ, თურქებს გკვებავენო. გამძვინვარებული თურქები ეცნენ და საშინლად სცემეს, მერე კი დიდვეზირთან მიიყვანეს. წმინდანმა მასაც იგივე უთხრა, განრისხებულმა ვეზირმა ბრძანა წმინდანი იმდენ ხანს ეწამებინათ, ვიდრე რწმენაზე უარს არ იტყოდა. ვეზირის მსახურებმა წმინდანი ერთ ამომშრალ ჭაში ჩააგდეს და ორმოცი დღე მშიერ-მწყურვალი დატოვეს, შემდეგ ამოიყვანეს და მისი ტანჯვა გააგრძელეს. ბოლოს, ვეზირს მოახსენეს, ვერაფერს გავხდითო. ვეზირმა ბრძანა, წმინდა რომანოზისთვის თავი მოეკვეთათ. ასეც მოიქცნენ. წმინდანის თავი და სხეული თავის მოკვეთის შემდეგ აღმოსავლეთ მხარეს შეტრიალდნენ. ხალხის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, გამწარებული თურქები ამ ამბის შემსწრე ქრისტიანებს მივარდნენ და იქიდან გაყარეს. სამი ღამე დარაჯობდნენ თურქები წმინდანის სხეულს, სამი ღამე ადგა ზეციური ნთელი წმინდა რომანოზს. იმ დროს ნაპირს ინგლისური ხომალდი მიადგა, მისმა კაპიტანმა წმინდა ნაწილები იყიდა და ინგლისში წაიღო. ერთმა ქრისტიანმა შეძლო ცხვირსახოცი წმინდანის სისხლით დაესველებინა, მან ის ათონზე დოქიარის მონასტერში მიაბრძანა, მონაზვნად აღიკვეცა და იქვე დაასრულა სიცოცხლე.

ღირსმოწამე რომანოზი 1694 წელს ემარტვილა.
.........................
ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1