მოწამეთა: პამფილე ხუცესისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირესი, სელევკისა, თეოდულესა და ივლიანესი, კესარიელთა და ხუთთა მეგვიპტელთა: სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (†307-309) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
მოწამეთა: პამფილე ხუცესისა, ვალენტი დიაკონისა, პავლესი, პორფირესი, სელევკისა, თეოდულესა და ივლიანესი, კესარიელთა და ხუთთა მეგვიპტელთა: სამოელისა, ელიასი, დანიელისა, იერემიასი და ესაიასი (†307-309) - 16 (01.03 ან 29.02 - ნაკიან წელს) თებერვალი
წარმომავლობითა და ეროვნებით განსხვავებული ეს თორმეტი მოწამე სიმბოლოა თვითონ ეკლესიისა. მათი მეთაური იყო სახელგანთქმული პამფილე. წმინდა მოწამე პამფილე ქალაქ ბეირუთში დაიბადა და განათლება ორიგენეს მოწაფესთან, პირეიასთან მიიღო, რომელიც ალექსანდრიის სკოლას ხელმძღვანელობდა. პამფილე ერთ-ერთი მხურვალე თაყვანისმცემელი გახდა დიდი მასწავლებლის დოქტორინისა. მან თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი საერო დიდებას გაექცა და თავი მთლიანად ღვთის სიტყვის შესწავლას მიუძღვნა. ალექსანდრიიდან ის პალესტინის კესარიაში გადავიდა და იქვე აკურთხეს მღვდლად. ის სათავეში ჩაუდგა ორიგენეს მიერ დაარსებულ საღვთისმეტყველო სკოლას. ჯერ კიდევ მარტვილობამდე წმინდა პამფილე მოწამესავით ცხოვრობდა - მოაკვდინებდა საკუთარ ხორციელ სურვილებს. მან ბევრი იღვაწა გადამწერთა მიერ დამახინჯებული ახალი აღთქმის ტექსტების რედაქტირებისთვის, წმინდა წიგნებს გადაწერდა, კომენტარებს ურთავდა და მსურველებს ურიგებდა, ამით მან მრავალი წარმართი მოაქცია. მისი ინიციატივით კესარიაში დიდი წიგნთსაცავი შექმნეს, სადაც მორწმუნე ერი სულიერ განათლებას იღებდა.

დიოკლეტიანეს დროს, 307 წელს, მთელ აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნისას, წმინდა პამფილეც დააპატიმრეს და პალესტინის კესარიის გამგებელ ურბანს მიუყვანეს. წმინდა პამფილესთან ერთად დაიჭირეს რლიის ეკლესიის მოხუცი დიაკვანი ვალენტი, რომელმაც ზეპირად იცოდა წმინდა წერილი, მესამე იყო წმინდა პავლე, ქრისტეს ტრფიალებით ავსებული ადამიანი, რომელმაც მანამდეც ქრისტეს აღსარებისთვის გავარვარებული რკინით დაეშანთათ. ურბანი ვერაფერს გახდა წმინდა კაცებთან და საპყრობილეში ჩააყრევინა. აქ ისინი ორი წელი იტანჯებოდნენ. ურბანის მერე გამგებელი გახდა ფირმილიანე. მისი მმართველობისას ეგვიპტიდან ქრისტეს აღსარების გამო 130 კაცი დაატუსაღეს და კილიკიის ოქროს საბადოებში გაამწესეს სამუშაოდ. მათ ეგვიპტიდან ხუთი თანამოძმე გამოჰყვა, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ. ისინი კესარიის გალავანთან დარაჯებმა შეაჩერეს, - საიდან ხართო. მათ არ დაუმალავთ, და თამამად აღიარეს, - ქრისტიანები და ზეციური იერუსალიმის მკვიდრნი ვართო. მაშინ ისინი შეიპყრეს და როგორც ბოროტმოქმედები, ციხეში ჩაყარეს. მეორე დღეს, 16 თებერვალს, ეს ხუთი ყმაწვილი, ზემოთ ხსენებულ სამ მოწამესთან ერთად, ფირმილიანეს წარუდგინეს. მან თავიდან სატანჯველებით სცადა მათი დაშინება. ეგვიპტელ ჭაბუკებს ჰკითხა, - ვინ ხართ და სადაურებიო. მათგან ასაკით უფროსმა უპასუხა, მგზავრი ქრისტიანები ვართ და ჩვენი სახელებია ილია, იერემია, ესაია, სამუე¬ლი, დანიელი, ჩვენი სამშობლო ზეციური იერუსალიმიაო.

ამ მმართველს არც ეს ქრისტიანული სახელები გაეგონა და არც ის იცოდა, იერუსალიმი სად იყო - მაშინ იერუსალიმს ელიას ეძახდნენ, რადგან ასე დაარქვა მას რომის იმპერატორმა ადრიანემ მას მერე, რაც ტიტეს დანგრეული ქალაქი აღადგინა. და არა მარტო ელია-ადრიანე დაარქვა ქალაქს, ამ წმინდა ადგილას ყველგან კერპები დააყენა. მას მერე კერპთაყვანისმცემლები ორასი წელი ასე ეძახოდნენ იერუსალიმს და ბუნებრივია კესარიის განმგებელმაც არ იცოდა. და ჭაბუკის წამება ბრძანა, გამოკითხეთ, სად მდებარეობს ეს ქალაქიო. ილიამ უთხრა, რომ ამ ქალაქში მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და აღმოსავლეთში ამომავლი მზის სხივი პირველად ამ ქალაქს ეცემაო.

მმართველი ვერ მიხვდა მის იგავურად ნათქვამს და იფიქრა, ქრისტანებს სადღაც ქალაქი აუშენებიათ და ახლა რომის იმპერიის წინააღმდეგ აპირებენ გალაშქრებასო. ამიტომ ბრძანა, ყმაწვილი წამებით გამოეტეხათ. და რომ ვერაფერს გახდა, მაშინ, მისი ბრძანებით, წმინდა ილიას თავი მოჰკვეთეს, შემდეგ კი მისი ხვედრი გაიზიარა დანარჩენმა ოთხმა ეგვიპტელმა ჭაბუკმა. შემდეგ მის წინაშე წმინდა პამფილე, ვალენტი და პავლე წარადგინეს. როცა შეიტყო, რომ მათ ორი წელი საპყრობილეში გაატარეს, გათავისუფლება განიზრახა, ოღონდ იმ პირობით, თუ მეფის ბრძანებას შეასრულებდნენ და კერპებს მსხვერპლს შესწირავდნენ. მაგრამ, როცა შეიტყო, ქრისტეს არ უღალატებდნენ, მათი მოკვლა ბრძანა.

წმინდა პამფილეს მსახურმა პორფირემ, რომელიც თავის ბატონს ძალზე უყვარდა, როცა განაჩენი გაიგონა, ხალხის ბრბოდან იყვირა: - მოწამეთა სხეულები მომეცით, რომ მიწას მივაბაროო. როცა მმართველმა მისი ქრისტიანობა შეიტყო, ისე სასტიკად აცემინა, რომ წმინდა პორფირეს ხორცი ნაფლეთებად ცვიოდა მიწაზე. ძვლები და შიგნეულობაც კი ჩანდა. მაგრამ ის მხნედ დაითმენდა ათასგვარ წამებას, ტკივილებს და ერთხელაც არ დაუკვნესია. მაშინ ის ბოძზე მიაბეს და ნელ ცეცხლზე დაწვეს. წმინდანმა ხმამაღლა იესოს სთხოვა შეწევნა, მერე კი დადუმდა და წარვიდა უფალთან.

მაშინ როცა წმინდა პორფირეს ცეცხლზე წვავდნენ, წმინდა პამფილე, წმინდა ვალენტი და წმინდა პავლე სხვა ადგილას წაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს. ვიდრე მათ სიკვდილით დასჯიდნენ, მათ მიუახლოვდა ყოფილი მეომარი სელევკიოსი და წმინდა პამფილეს წმინდა პორფირეს მოწამეობის შესახებ შეატყობინა, არ მოერიდა მტრის მახვილს, მოწამეებამდე მიაღწია და ეამბორა მათ. მმართველმა ამით მისი ქრისტიანობა შეიტყო და სელევკიოსის შეპყრობა ბრძანა. წარმოშობით კაპადოკიელი სელევკიოსი ადრე რომის არმიაში სახელგანთქმული მეომარი იყო, მაგრამ ქრისტეს აღმსარებლობის გამო სასტიკად სცემეს, ყველა წოდება ჩამოართვეს და პოლკიდან გააძევეს. ის ქალაქის ქუჩებში დაყრილ სნეულებს, გლახაკებს უვლიდა, ზრუნავდა ობლებზე, ბოლოს წმინდა პამფილესთან ერთად მოწამეობის გვირგვინითაც შეიმკო. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს ფირმილიანეს მსახური თეოდულეც. როცა წმინდა მოწამეები საწამებლად მიჰყავდათ, იგი მათ ეამბორა და ლოცვა სთხოვა. ფირმიალიანეს მის შესახებაც მოახსენეს და სასტიკად განრისხებულმა წმინდა თეოდულე ჯვარს აცვა. მათ შეუერთდა წმინდა იულიანე. რომელიც კაპადოკიიდან კესარიაში რაღაც საქმეზე იყო ჩამოსული. მან ქალაქგარეთ დაყრილი წმინდა მოწამეთა ცხედრები რომ დაინახა, მივიდა და კრძალვით ეამბორა მათ. იქვე შორიახლოს იდგნენ სპეციალურად დადგენილი ჯარისკაცები, თუ ვინმე ფარული ქრისტიანი მიუახლოვდებოდა ცხედრებს, უნდა შეეპყროთ.

წმინდა იულიანე წმინდა პორფირეს მსგავსად ცეცხლზე დაწვეს. წმინდა მოწამეთა სხეულები ღია ცის ქვეშ ოთხი დღე ეყარა. და როცა მათ არც ფრინველი და არც ცხოველი არ მიეკარა, მმართველმა მათი დამარხვის ნება გასცა. მაშინ ქრისტიანებმა წმინდა მოწამეთა ნაწილები მიწას მიაბარეს.

კონდაკი
წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებით ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.

ბეჭდვა
1კ1