წმინდა ახალმოწამე გიორგი, კრატოველი, სოფიელი (XVI) - 11 (24) თებერვალი
წმინდა ახალმოწამე გიორგი, კრატოველი, სოფიელი (XVI) - 11 (24) თებერვალი
წმინდა გიორგი დაიბადა XV საუკუნეში თურქებისაგან დაპყრობილ ბალკანეთში, მართლმადიდებელი სლავების ღვთისმოსავ ოჯახში.

გიორგის სიყმაწვილის წლებზე ორი გარდამოცემა არსებობს. პირველის მიხედვით, ის დაიბადა ბულგარეთის დედაქალაქში, სრედეცში (ახლანდელი სოფია) ცნობილ ბულგარელთა ოჯახში. მის მშობლებს - იოანეს და მარიამს - ხანდაზმულობამდე შვილი არ მიეცათ, მაგრამ გულმოდგინე ლოცვით ღვთისაგან ვაჟი გამოითხოვეს, რომელსაც ნათლისღებისას წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელი დაარქვეს. 25 წლის გიორგის მშობლები გარდაეცვალნენ.

სხვა გარდამოცემით, ის სერბი იყო, კრატოვიდან, რომელიც მაკედონიაში, შტიპიდან ათი საათის სავალზე მდებარეობს. მისი მშობლები დიმიტრი და სარა ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. როცა გიორგის ექვსი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ის მასწავლებელს მიაბარეს, ბავშვმა ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა და სწავლაში დიდ წარმატებებს მიაღწია.

შემდეგ კი გიორგი ოქრომჭედლობას დაეუფლა. მამა ადრე გარდაეცვალა. მშობლიურ ქალაქში დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო მშვენიერი სახის ყმაწვილისთვის, რადგან შეიძლებოდა ძალით წაეყვანათ სულთან ბაიაზად I-ის კარზე მსახურად, რაც მაშინ ხშირად ხდებოდა. ის სრედცეში ჩავიდა და პატიოსანი მღვდლის, მამა პეტრეს სახლში შეჩერდა. მალე ის ქრისტესთვის აწამეს, მაშინ გიორგი 18 წლის იყო.

ორივე გარდამოცემა ერთ რამეში თანხმდება, რომ გიორგიმ კარგი განათლება მიიღო, ყურადღებით შეისწავლა წმინდა წერილი, გახლდათ ღვთისმოსავი და უბიწო. გიორგი იყო მაღალი, ტანადი, ჰქონდა მაღალი და სქელი წარბები. იყო თავმდაბალი და უბრალო გულისა. უაზროდ არასოდეს იცინოდა, უქმად არ მეტყველებდა, თავს არ იქებდა და არავისი არაფერი შურდა.

გიორგი მაჰმადიანებმა შეამჩნიეს და ასეთი სამაგალითო ყმაწვილის მიმხრობა მოისურვეს. მასთან სასაუბროდ თავიანთი განსწავლული მოლები გააგზავნეს. ჯერ ნივთი შეუკვეთეს ოქრომჭედელს, მერე კი მდიდრული ცხოვრება შესთავაზეს, თუ მაჰმადის სჯულზე მოექცეოდა. საპასუხოდ გიორგიმ ამხილა მუსლიმანი მმართველების და მსაჯულების ბილწი ცხოვრება. უთხრა, რომ ღმერთს ბილწი გულიდან შეწირული მსხვერპლი არ სჭირდებაო. ქრისტიანული რწმენის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად კი გიორგიმ ის სასწაულები გაიხსენა, რაც სრედეცში დასვენებულ წმინდა მეფე მილუტინის უხრწნელ და მირონმდინარე სხეულიდან ხდებოდა. თვით სულიწმიდა უდებდა ბაგეებზე ისეთ ბრძნულ სიტყვებს, რომ თურქები ყვირილით ცდილობდნენ გიორგის პასუხების ჩახშობას. მოლები შერცხვენილები წავიდნენ და თანამოძმეებს მოელაპარაკნენ, გიორგის ფიზიკურად გასწორებოდნენ, რადგან ის თავიანთ სჯულზე ვერ მოაქციეს. ადგილობრივმა ყადიმ მოითხოვა გიორგი მასთან ძა¬ლადობის გარეშე მიეყვანათ.

გზაში თურქებმა წმინდანს თავზე ფესი დაახურეს, მაგრამ გიორგიმ მოიძრო და მოისროლა. თურქებმა ლანძღვითა და ცემით მიიყვანეს გიორგი ყადისთან. ყადი გააოცა გიორგის სილამაზემ, მხნე იერმა და ალერსიანად არწმუნებდა მაჰმადიანობის მიღებას, სანაცვლოდ კი ყველანაირ პატივს ჰპირდებოდა. მაგრამ წმინდანმა თამამად და მტკიცედ აღიარა იესო ქრისტეს რწმენა და გაჰკიცხა მაჰმადიანთა ცდომილება. იქ მყოფი მუსლიმები ყადისგან სიმკაცრის გამოჩენას მოითხოვდნენ. წმინდა გიორგი საპყრობილეში ჩააგდეს.

მეორე დღეს დაკითხვა გაგრძელდა. გიორგი ყველა ტკივილს მხნედ დაითმენდა. ყადი შეძრა მამაცი ყმაწვილის სითამამემ, სცადა იგი სიკვდილისაგან დაეხსნა, მაგრამ იძულებული გახდა ბრბოს დამორჩილებოდა და თავისი ნების საწინააღმდეგოდ ქრისტეს უმანკო კრავი სისხლმოწყურებული მხეცებისთვის მიეგდო დასაჯიჯგნად. მღვდელმა ციხის უფროსს გიორგი მცირე ხნით საკნიდან გამოაშვებინა, მან დაარწმუნა ყმაწვილი, ბოლომდე მამაცურად დაეთმინა ყოველგვარი წამება.

შემდეგ გიორგი კვლავ ციხეში ჩასვეს და მუქარით რწმენის შეცვლა მოსთხოვეს. მან უარი უთხრა და ბორკილდადებული ისევ დილეგში ჩააგდეს.

ერთი კვირის მერე ყადისთან წარადგინეს, კვლავ უარი განაცხადა ქრისტეს ღალატზე. მაშინ ყადიმ მოწამე დასაგლეჯად ბრბოს გადასცა. ეს მოხდა 1515 წლის 11 თებერვალს, ხორციელის კვირაში.

წმინდანს დასცინოდნენ, აფურთხებდნენ, დოლების ბრაგუნით გაატარეს ქალაქში და ყველას მოუხმობდნენ, ფიჩხი წამოიღეთ, ჩვენი რწმენის შეურაცხმყოფელი დავწვათო. როცა წმინდა სოფიის ტაძარს ჩაუარეს, მამა პეტრემ შესძახა:

- დღეს დაითმინე, გიორგი, რომ ქრისტესთან საუკუნოდ იხარო!

გიორგიმაც ლოცვა სთხოვა მოძღვარს. მცველებმა მღვდელი გააგდეს და მან ქრისტიანები ყველა ლოცვად დააყენა, რათა გიორგი გაძლიერებულიყო მოწამებრივ ღვაწლში.

შუა ქალაქში დიდი კოცონი ააგიზგიზეს. ჭრილობისგან დასუსტებული გიორგი ძირს დაეცა, მან კიდევ ერთხელ უარი თქვა რწმენის უარყოფაზე და ის ცეცხლში ჩააგდეს. ლოცვით და ღვთის მადლით გაძლიერებული წმინდანი მტკიცედ იდგა. როცა თოკები დაიწვა, რითიც ის იყო შეკრული, წმინდანმა ჯვარი გამოისახა და ხმამაღლა შესძახა: "უფალო იესო ქრისტე, ხელთა შენთა შევავედრებ ჩემს სულს". მაშინ ერთ-ერთმა იქ მყოფმა შეშის ნაპობი აიღო და წინდანს თავი გაუხეთქა. წმინდანმა სული განუტევა. მიუხედავად იმისა, რომ მზიანი დღე იყო, იმავე წამს ცაზე ღრუბელი გამოჩნდა და წვიმა წამოვიდა. ქრისტიანებმა ღმერთი ადიდეს და წმინდანის სხეულის მიცემა ითხოვეს, მაგრამ მუსლიმანებმა კოცონი უფრო ააგიზგიზეს. გასაოცარი ის იყო, რომ ამით წმინდანის სხეულს არაფერი ევნებოდა და დაუწველი დარჩა. დაღამდა, იმ ადგილს, სადაც წმინდანის სხეული გადააგდეს, კაშკაშა ნათელი დაადგა. იმავე ღამეს წმინდა ახალმოწამე გიორგის სხეული ერთმა ქრისტიანმა სკუთარ სახლში გადაიტანა, საიდანაც წმინდა გიორგის სახელობის საკრებულო ტაძარში გადაასვენეს. შემდეგ კი ყადიმ მღვდელ პეტრეს გიორგის ცხედრის დაკრძალვის ნება მისცა.

წმინდანის თაყვანისცემა მისი აღსასრულისთანავე დაიწყეს. მისმა მოძღვარმა საეკლესიო მსახურება შეუდგინა. სრედეცის ოქრომჭედლებმა 11 თებერვალი პროფესიულ დღესასწაულად დაიდგინეს და წმინდა გიორგი მფარველად აირჩიეს.

რამდენიმე თვის შემდეგ წმინდანის საფლავი გათხარეს და მისი სხეული წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში, ლუსკუმაში ჩაასვენეს. ეს მოხდა 26 მაისს.

ამგვარად წმინდა ახალმოწამე გიორგის ხსენება ორჯერ აღინიშნება: 11 თებერვალს, გარდაცვალების დღეს და 26 მაისს - წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეს.
.............................

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1