მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიის ეპისკოპოსი და სხვანი, მასთან ერთად წამებულნი (+316) - 11 (24) თებერვალი
მღვდელმოწამე ვლასი, სებასტიის ეპისკოპოსი და სხვანი, მასთან ერთად წამებულნი (+316) - 11 (24) თებერვალი
ძველ დროში, როცა წარმართები კერპებს ემსახურებოდნენ და მრავალი ადამიანი ეთაყვანებოდა თავის ხელთა ქმნულს, მაშინ გამობრწყინდა მრავალი წმინდანის რწმენა, მათ შორის აყვავილდა წმინდა დიდებული მოწამის, ვლასის ღვთისმოსაობა. ეს წმინდანი განეშორა ყოველგვარ ბოროტ საქმეს და მთელი სიცოცხლე უმწიკვლოდ, მართლად, სიმდაბლითა და ღვთივსათნოდ გაატარა. მის თანაქალაქელებს - კაპადოკიის ქალაქ სებასტოპოლისის ღვთისმოშიშ მკვიდრთ სურდათ, რომ ვლასი მათი ეპისკოპოსი ყოფილიყო. ეს სურვილი აღსრულდა კიდეც. ახალნაკურთხი მწყემსი მოშურნედ მწყსიდა უფლის ფარას, იმ დროს, როცა ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ მრავალგზისი დევნა იყო გაჩაღებული და მრავალი ევნებოდა და ეწამებოდა ჭეშმარიტი რწმენისთვის. დიოკლეტიანეს მეფობის დროს თავის მეგობრებთან ერთად კეთილად იღვწოდა წმინდა დიდმოწამე ევსტრატიც; მან სისხლის დათხევამდე არ უღალატა ქრისტეს რწმენას, რისთვისაც საპყრობილეში ჩააგდეს.

წმინდა ვლასიმ დიდძალი ოქროთი მოისყიდა მცველები და შუაღამისას ქრისტეს აღმსარებელნი ციხეში მოინახულა. ანუგეშა ქრისტეს მოწამე, რომელიც ასე მხნედ დაითმენდა ტანჯვას. ევსტრატიმ ვლასის თავისი ანდერძი გადასცა, რომელიც სიკვდილის წინ შეადგინა, სადაც წერდა, თუ როგორ მოქცეოდნენ მის მამულსა და სხეულს.

წმინდა ვლასი ჯალათებს ემალებოდა, ისე როგორც იქცეოდნენ სხვა წმინდანები, რომლებიც ღვთის განსაკუთრებული განგებულების გარეშე თავს არ გასცემდნენ. ქალაქებში მაშინ ცოტა ქრისტიანი ცხოვრობდა და ფარულად ეთაყვანებოდა ქრისტეს. უმეტესობამ კი წამების შიშით თავი მთებსა და უდაბნოებს შეაფარა; ზოგიერთმა კი ვერ გაუძლო წამებას და დროებით თაყვანი სცა კერპებს. ამგვარადვე იქცეოდა წმინდა ვლასიც, იგი არა მარტო დიოკლეტიანეს, არამედ ლიკინიუსის დროსაც იმალებოდა ჩრდილო-დასავლეთ კაპადოკიაში არგეოსის უდაბურ მთაზე. მის მწვერვალზე ზამთარ-ზაფხულ თოვლი იდო, ხოლო ძირში, კალთებზე, მშვენიერი ტყე იყო. მღვიმეში დაყუდებული, მუდმივად მომარხულე წმინდანი მოუკლებლად ლოცულობდა. მასთან მიდიოდნენ მხეცები. თუ ამ დროს წმინდანი ლოცულობდა, გაუნძრევლად ელოდნენ, ვიდრე იგი ლოც¬ვას დაამთავრებდა, მერე კი გამოვიდოდა მამა ვლასი და მათ თავებზე ხელებს დაასხამდა, ანუ აკურთხებდა. თუ რომელიმე ცხოველი ავად გახდებოდა, მოდიოდა წმინდანთან და მისგან ხელდასხმული სნეულებისგან განიკურნებოდა.

ამ დროს ქალაქისთავი აგრიკოლასი ყველანაირად ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ქრისტიანი მოესრა და მათ სხვადასხვანაირად აწამებდა: ზოგს მახვილით სერავდნენ, ზოგს ცეცხლზე წვავდნენ, სხვებს მდინარეში ახრჩობდნენ და ზოგსაც მხეცებს მიუგდებდნენ შესაჭმელად. მან მონადირეებს უბრძანა, რაც შეიძლება მეტი ნადირი დაეჭირათ. მისი ბრძანების შესასრულებლად მონადირეებმა მოიარეს მთები და უდაბნოები. ავიდნენ არგეოსის მთაზეც, სადაც წმინდა ვლასი იმალებოდა. მის მღვიმეს როცა მიუახლოვდნენ, შენიშნეს, რომ ერთ ადგილას უამრავ ნადირს მოეყარა თავი და გაშეშებულნი თითქოს რაღაცას ელოდებოდნენ.

"მოდი, ახლოს მივიდეთ, ვნახოთ რა ხდებაო", - უთხრეს ერთმანეთს მონადირეებმა და მიუახლოვდნენ. ნახეს: წმინდა ვლასი იჯდა თავის მღვიმეში, როგორც სასახლეში და გულითად ლოცვებს აღუვლენდა უფალს.

წმინდა ეპისკოპოსს არაფერი უთხრეს, უკან გაბრუნდნენ და აგრიკოლას ნანახი წვრილად მოახსენეს. მან კი დიდი რაზმი გააყოლა მონადირეებს და უბრძანა, იქ მყოფი ქრისტიანები შეეპყროთ და მასთან მიეყვანათ. მონადირეებმა და ჯარისკაცებმა მღვიმეში მხოლოდ მლოცველი წმინდა ვლასი ნახეს.

- გამოდი გარეთ და ქალაქში წამოგვყევი: ქალაქისთავი გიხმობსო, - უთხრეს მათ ვლასის.

ეს რომ მოესმა, გახარებულმა წმინდანმა მათ უთხრა:

- კარგი, შვილებო, წავიდეთ. უფალს გავახსენდი: ის წუხელ სამგზის გამომეცხადა და მითხრა: "ადექი და ისეთი მსხვერპლი შემომწირე, როგორიც შენს ეპისკოპოსის ხარისხს ეკადრებაო". ასე რომ, შვილებო, დღეს დროულად მოხვედით, უფალი ჩემი იესო ქრისტე, დაე, იყოს თქვენთანა.

გზაში წარმართები უცქერდნენ წმინდანის სიმშვიდესა და სიმდაბლეს, უსმენდნენ მის დამოძღვრას, განცვიფრებულნი იყვნენ მისი სასწაულმოქმედების ხილვით და ჭეშმარიტი ღმერთისკენ მოიქცნენ. წმინდანის ლოცვით უფალი კურნავდა არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ პირუტყვსაც. როცა ავადმყოფებთან მიჰყავდათ, ის მათ ხელებს დაასხამდა, ლოცვას აღავლენდა და სრულიად ჯანმრთელებს გაუშვებდა ხოლმე. ერთ ქალს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. ერთხელ, ტრაპეზობისას, ყმაწვილს თევზის ფხა ყელში გაეჩხირა, ვეღარ იღებდა და სიკვდილის პირას იყო მისული. დედამ ცოცხალ-მკვდარი შვილი ხელში აიყვანა, წმინდანს ფეხებთან დაუწვინა და ქვითინით შეჰღაღადა:

- ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს მონავ, შეიწყალე ჩემი ერთადერთი ვაჟი, მის გარდა არავინ მყავს.

მან წმინდა ვლასის მოუთხრო, რაც დაემართა მის შვილს. ღვთის წმინდანმა ყრმას ყელზე ხელი დაადო, თვალები ზეცისკენ აღაპყრო და უფალს მიმართა:

- მაცხოვარო ჩემო! შენ შეეწევი ყველას, ვინც რწმენით მოგმართავს: შეისმინე ჩემი ლოცვაც და ყრმის ყელში გაჩხერილი ფხა აღმოაგდე შენი უხილავი ძალით და განკურნე იგი. სხვა დროს კი თუ კაცს ან მის პირუტყვს რამე შეემთხვევა, გაიხსენებს ჩემს სახელს და იტყვის: "ღმერთო, შემეწიე შენი მონის ვლასის ლოცვითო". შენც, უფალო, მსწრაფლშემწეო, დაეხმარე მათაც და განკურნე შენი წმინდა სახელის სადიდებლად.

ამგვარად ილოცა და განკურნებული ყრმა დაუბრუნა დედას, რომელმაც სიხარულით ხმამაღლა ადიდა ღმერთი.

ამგვარი სასწაულების შემდეგ ვლასიმ სახელი გაითქვა არა მხოლოდ სებასტიაში, არამედ ნიკოპოლშიც. სებასტიის სიახლოვეს მცხოვრებ ერთ ღარიბ, ქვრივ დედაკაცს ერთი გოჭის გარდა არაფერი ებადა, იმასაც მგელი მიეპარა, პირი სტაცა და ტყისკენ გააქანა. საწყალი ქალი მწარედ ატირდა, ამასობაში დაინახა, რომ წმინდანი მოდიოდა, ფეხებში ჩაუვარდა და თავის სატკივარს მოუყვა. წმინდანს გაეღიმა და უთხრა: - დედაკაცო, მწუხარებას ნუ მიეცემი, ნუ იტირებ: შენი გოჭი შინ ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდებაო. უთხრა და წმინდანმა გზა გააგრძელა. საცოდავ ქალთან კი იმავე მგელმა მოირბინა; გოჭს პირი გაუშვა და მის წინ უვნებელი დააგდო, თვითონ კი უკან, უდაბნოში გაიქცა. გახარებულმა ქალმა გოჭი გულში ჩაიკრა და ღმერთი ადიდა.

როცა წმინდა ვლასიმ სებასტიას მიაღწია, ქალაქისთავმა, აგრიკოლასმა მისი შეპყრობა ბრძანა. აგრიკოლასი მეორე დღეს სამსჯავროზე დაჯდა და წმინდა ვლასი მოაყვანინა. როცა წმინდანი დაინახა, ქალაქისთავი მოელაქუცა:

- გიხაროდენ, ვლასი, ჩვენი ღმერთების საყვარელო მეგობარო!

რაზეც წმინდანმა უპასუხა:

- გიხაროდენ შენც, ხელისუფალო, მაგრამ ღმერთებს ნუ დაუძახებ ეშმაკებს, რომლებიც საუკუნო ცეცხლს მიეცემიან თავიანთ თაყვანისმცემლებთან ერთად.

განრისხებულმა მმართველმა უმოწყალოდ აცემინა ვლასი. დიდი ხნის ტანჯვის შემდეგ წმინდანმა კვლავ უთხრა მმართველს:

- კაცთა სულების უგუნურო მაცდურო, ნუთუ ფიქრობ, რომ ტანჯვით განმაშორებ ჭეშმარიტ ღმერთს? ეს შეუძლებელია, რამეთუ იმედი მაქვს იესო ქრისტესი, რომელიც განმაძლიე¬რებს; თუმცა მოიქეცი ისე, როგორც გინდა.

როცა წმინდანის შეურყეველი რწმენა დაინახა, მმართველმა ბრძანა, ის კვლავ საპყრობილეში ჩაეგდოთ. მაშინ წმინდანის მხნეობით განცვიფრებულმა იმ ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა დაკლა თავისი გოჭი, რომელიც უვნებლად დაუბრუნა მგელმა, მოხარშა თავ-ფეხი, დადო თასზე, შემოუწყო ხილი და ბოსტნეული. დამალა ეს ყველაფერი კალათაში, აანთო სანთელი და ეს კალათა წმინდანს მიუტანა საპყრობილეში. მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვა, მისი მიტანილი საჭმელი ეჭამა. ქრისტეს მოწამემ ღმერთი ადიდა და ქალის მირთმეული იხმია; მერე კი ქვრივი აკურთხა და უთხრა:

- დედაკაცო, ყოველწლიურად ამგვარად აღასრულე ჩემი სახსენებელი და ოჯახში რაც კი გჭირდება, არაფერი მოგაკლდება. თუ შენ მსგავსად ვინმე სხვაც აღასრულებს ჩემს ხსენებას, უხვად მიიღებს ღვთის ნიჭებს და კურთხეული იქნება მთელი სიცოცხლე.

ღვთისმოსავი ქვრივი ამგვარი დარიგების მერე დაბრუნდა შინ და ადიდა ღმერთი და მასზე აღესრულა სახარებაში ნათქვამი: "ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა" (მათე 26:13).

ამასობაში უწმინდური ჯალათი მეორედ დაჯდა სამსჯავროზე და ბრძანა, მასთან საწამებლად მიეყვანა წმინდა ვლასი.

- ვლასი, თუ მსხვერპლს შესწირავ ღმერთს, მაშინ გადარჩები ცოცხალი. ანდა, იქნებ გსურს წამებით აღესრულო?

წმინდანმა მიუგო:

- "ღმერთთა რომელთა ცაჲ და ქუეყანაჲ არ შექმნეს, წარწყმდედ ქუეყანისაგან და ქუეშე კერძოსაგან ცისა ამის" (იერემია 10:11). ხოლო სიკვდილი, რომლითაც შენ მემუქრები, საუკუნო სიცოცხლეს მიბოძებს.

წმინდანის შეურყეველი რწმენით აღშფოთებულმა მმართველმა ბრძანა, იგი გაეშიშვლებინათ, ხეზე ჩამოეკიდათ და რკინის იარაღებით დაესერათ. ნაწამებმა ვლასიმ მმართველს უთხრა:

- უწმინდურო და სიბილწით ავსებულო ადამიანო, ნუთუ გსურს ამ იარებით შემაშინო მაშინ, როცა მე ქრისტე მეხმარება? მე არ მეშინია შენი ხილული სატანჯველის, რამეთუ ვჭვრეტ მომავალ უხილავ სიკეთეებს, რომელსაც ღმერთი დაჰპირდა თავის მოყვარულებს.

ამის მერე ჯალათმა ბრძანა, წმინდანი ხიდან ჩამოეხსნათ და კვლავ საპყრობილეში ჩაეგდოთ. ჩიხის გზაზე წმინდანს უკან მისდევდა შვიდი ღვთისმოსავი და ღვთისმოშიში დედაკაცი, რომელიც მიწიდან იღებდა და აგროვებდა წმინდანის სხეულიდან ჩამოვარდნილ სისხლის წვეთებს და იცხებდნენ. ამას თვალი მოჰკრა ბადრაგმა. შეიპყრეს ქალები და მმართველს მიჰგვარეს, თან უთხრეს, - ეს ქალები ქრისტეს მიმდევრები არიანო.

მმართველმა ქალებს უთხრა: - გონს მოდით, მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს და ჩემგან დიდ პატივისცემას მიიღებთო. რაზეც ღირსეულმა და წმინდა ქალებმა უპასუხეს:

- მმართველო, თუ გსურს შენს ღმერთებს თაყვანი ვცეთ და მსხვერპლი შევწიროთ, მაშინ, პირველ ყოვლისა, თავი უნდა განვიწმინდოთ; ასე რომ, ჩვენ წავალთ და უახლოეს ტბაში განვიბანთ სახესა და სხეულს; შენ კი ბრძანე, იქ მოგვიტანონ შენი ღმერთებიც, რათა ტბიდან ამოსულები მათ ვეთაყვანოთ.

გახარებულმა მმართველმა კერპების მოტანა ბრძანა, ჩადო ტომრებში, კალით დაბეჭდა და ქალებს გადასცა; შემ¬დეგ კი მეომრებს უბრძანა, ქალები, კერპებითურთ ტბამდე მიეცილებინათ და უკან კვლავ პატივით დაებრუნებინათ. ქალებმა ტომრები ზურგზე აიკიდეს და ტბის პირას მიიტანეს. მივიდნენ იმ ადგილას, სადაც ტბა ყველაზე ღრმა იყო.

ჯარისკაცებს სთხოვეს, - თქვენ თვალწინ გახდა გვერიდება, ცოტა ხნით განზე გადით და დაგველოდეთ, ვიდრე განვიბანებითო. ჯარისკაცები გავიდნენ, ქალებმა კერპები წყალში ჩაყარეს, რომლებიც მაშინვე ფსკერისკენ წავიდა. ამას თვალი მოჰკრეს ჯარისკაცებმა, განრისხებულები ეცნენ ქალებს, შეიპყრეს და მმართველს მიუყვანეს, თან ყოველივე უამბეს. მმართველს მრისხანებისგან სახე შეეცვალა და ლომივით დაუღრიალა მხედრებს:

- ბოროტო მსახურებო, რატომ არ შეაჩერეთ ღმერთები, ხელი რატომ შეუშალეთ ქალებს, ისინი ტბაში არ ჩაეყარათ?

პასუხად ჯარისკაცებმა თავი იმართლეს:

- უბრწყინვალესო მმართველო, ამ ქალებმა მოგატყუეს და მზაკვრული განზრახვით წაიღეს შენი ღმერთები. ჩვენ მათ მზაკვრობას ვერ მივუხვდით და ამიტომ არ შევიპყარით.

წმინდა ქალებმაც მიმართეს მმართველს:

- ჭეშმარიტმა ღმერთმა არ იცის ადამიანური სისუსტე, უსულო ქვის, ხის, ოქროსა და ვერცხლისაგან გაკეთებული შენი ღმერთები ტბაში ჩავძირეთ; მათ ჩვენ ხელთაგან თავის დახსნა ვერ შეძლეს და როგორ შეძლებენ სხვების უბედურე-ბისგან დახსნას?

განრისხებულმა მმართველმა ღუმლის გაცხელება და კალის გადნობა ბრძანა. მოატანინა რკინის ფოცხები და სამკბილები, წითლად გავარვარებული შვიდი სპილენძის დაფა, რომლებიც ტანსაცმლის მსგავსად იყო გაკეთებული. ყველაფერი ერთ მხარეს დადეს, ხოლო მეორე მხარეს - რბილი სამოსი და ქალის სხვადასხვა სამკაული დააწყვეს. მან ქალებს უთხრა:

- აირჩიეთ: თუ ეთაყვანებით ღმერთებს და მსხვერპლს შესწირავთ მათ, თავს გადაირჩენთ და ბრწყინვალე სამოსითა და სამკაულებით გამშვენებულნი ივლით, ხოლო თუ ასე არ მოიქცევით, თქვენთვის გამზადებული ყველა სატანჯვე¬ლის დათმენა მოგიწევთ.

ერთმა ქალმა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავდა, ხელი სტაცა ბრწყინვალე შესამოსელს და ცეცხლში შეაგდო, სადაც ის დაიწვა. ბავშვებმა ვედრება დაუწყეს დედას:

- ძვირფასო დედა, აქ დასაღუპავად ნუ დაგვტოვებ. როგორც შენი ტკბილი რძით გამოგვზარდე ამ სოფელში, ისე დაგვეხმარე, რომ ზეციურ სასუფეველს მივწვდეთო.

ამის მერე მმართველმა ბრძანა, ქალები გაეშიშვლებინათ და მათი ტანი რკინის ფოცხებით დაესერათ. მეომრებმა დაინახეს, რომ იარებიდან ქალებს სისხლის ნაცვლად რძე სდიოდათ და მათი სხეულები თოვლივით ქათქათა გახდა, ხოლო ზეციდან ჩამოშვებული უფლის ანგელოზები ტანჯვის ჟამს გააძლიერებდნენ და ეუბნებოდნენ:

- ნუ გეშინიათ, განაგრძეთ ღვაწლი, მსგავსად იმ კარგი მიწათმოქმედისა, რომელმაც მკა დაიწყო და განასრულებს; საქმის დამთავრების შემდეგ ის მადლობასა და ჯილდოს მიიღებს თავისი ბატონისაგან და გახარებული დაბრუნდება შინ. თქვენც ასევე იღვაწეთ, რათა მაცხოვარმა ჩვენმა, უფალმა იესო ქრისტემ საუკუნო ნეტარი ცხოვრება გიბოძოთ.

მმართველმა ბრძანა, ქალები ხიდან ჩამოეხსნათ და გავარვარებულ ღუმელში შეეყარათ. მაგრამ როგორც კი ქალები ღუმელში შეყარეს, ცეცხლი მაშინვე ჩაქრა და ისინი ღუმლიდან უვნებელნი გამოვიდნენ. მმართველმა მათ უთხრა:

- თავი ანებეთ ჯადოქრობას და მსხვერპლი შესწირეთ ჩვენს ღმერთებს.


წმინდა დედებმა ერთხმად შესძახეს:

- სათნო არ გეყოფით შენ, ძეგლო სატანისაო, არ დავუტევებთ ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, არ ვეთაყვანებით ქვებსა და ხეს, შენს მსგავს კერპებს, შენსავით ყრუებს და უგრძნობელებს, რამეთუ ჩვენ ზეციურ სასუფეველში გვიხმობენ.

მმართველმა ბრძანა, მათთვის მახვილით თავი მოეკვეთათ. როცა დედანი სასიკვდინე ადგილას მიიყვანეს, მათ სთხოვეს მხედრებს:

- მცირე ხანს დაგვიცადეთ, ვიდრე ჩვენი ღვთისადმი ლოცვას აღვავლენთ.

მათ მუხლნი მოიდრიკეს და ილოცეს:

- დიდება შენდა, დიდებულო და განდიდებულო ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა, ქრისტე, რომელიც საუკუნოდ მეფობ და მოგვიწოდებ ცხონების გზისკენ, რამეთუ არავინ არის შენსავით დიდებული, რომელიც შთაგვაგონებ, რომ განვეშოროთ ბნელს და შევუდგეთ შენს ჭეშმარიტ ნათელს! გევედრებით, უფალო, მიგვათვალე შენს წმინდა პირველმოწამე თეკლას დასში, შეიწირე ჩვენი გულისთვის ვედრება ჩვენი მამის და მწყემსის ვლასისა, რომელიც დაგვმოძღვრავს და დაგვაყენებს ჭეშმარიტ გზაზე.

ამგვარად ილოცეს და წამოდგნენ, მერე კი ხელები და თვალები ზეცისკენ აღაპყრეს და წმინდა გულით ერთხმად შეჰღაღადეს ღმერთს:

- დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომ ღირსგვყავი ცხვრებივით დავეკალით შენი წმინდა სახელის გამო; ჩვენ გვსურს, მსხვერპლად შეგეწიროთ, მიიღე ჩვენი სულები შენს ზეციურ სამსხვერპლოზე.

ზემოხსენებული ორი ყრმა მიუახლოვდა დედას და უთხრა:

- დედაო, თქვენ უფალმა ზეცაში განგიმზადათ გვირგვინები, ჩვენ კი ვნებების კეთილად დამთმენ წმინდა ეპისკოპოს ვლასის ჩაგვაბარე.

მაშინ ჯალათმა ამ შვიდ წმინდა დედას პატიოსანი თავები მოჰკვეთა; ასეთი იყო მათი აღსასრული.

ამის მერე მმართველმა ბრძანა, საპყრობილიდან წმინდა ვლასი გამოეყვანათ და მას ჰკითხა:

- შესწირავ თუ არა ღმერთებს მსხვერპლს?

- სულგაყინულო ბრმაო, - უპასუხა წმინდანმა, - შენ ვერ ხედავ ჭეშმარიტ ნათელს: განა ვინც შეიცნო ცოცხალი ღმერთი, მსხვერპლს შესწირავს და თაყვანს სცემს უსულო კერპებს? იცოდე, დაბნელებულო და ბილწო კაცო, რომ შენ დაუტევე ცოცხალი ღმერთი და თაყვანი ეცი უსულო ქვებს; არ მეშინია შენი მუქარის, მაწამე, როგორც გინდა - ქრისტეს გამო გადმოგცემ ჩემს სხეულს, ხოლო ჩემს სულს მხოლოდ ღმერთი განაგებს.

მაშინ მმართველმა ჰკითხა:

- ვუბრძანებ, ტბაში ჩაგაგდონ, განა მაშინ შენს დახმარებას შეძლებს შენი ქრისტე, რომელსაც ეთაყვანები?

- ბრმაო და უგუნურო, - უპასუხა წმინდანმა, - შენ პატივს მიაგებ კერპებს და თავს გადარჩენილად თვლი; მე კი, ქრისტეს თაყვანისმცელი ვარ, განა წყალში ვერ გიჩვენებ ჩემი ღმერთის ძალას?

მმართველმა მისი ტბაში ჩაგდება ბრძანა; წმინდანი მივიდა ტბის პირას, ჯვარი გამოისახა, წყალზე, როგორც ხმელზე, ფეხით გაიარა, მიაღწია ტბის შუაგულს, დაჯდა წყალზე, როგორც მიწაზე და ასე მიმართა ტბის პირას შეკრებილ მეომრებს და ჯალათის მსახურებს:

- თუ ღმერთები გყავთ, გამოაჩინეთ მათი ძალა და წყალზე ფეხით გამოიარეთ.

სამოცდარვა კაცმა თავიანთ ღმერთებს მოუხმო და ტბაზე ფეხით გასვლა მოისურვა, მაგრამ წყალში ჩაიძირა და ყველა დაიღუპა. ზეციდან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა და წმინდანს უთხრა:

- ღვთის მადლით აღვსებულო მღვდელმთავარო, გამოდი წყლიდან და მიიღე ღვთისგან შენთვის გამზადებული გვირგვინი.

მიწაზე გადმოსულ წმინდანს სახე თოვლივით უბრწყინავდა. მმართველმა წმინდა ვლასის სიკვდილით დასჯა ბრძანა:

- ვლასი მე არ მემორჩილება, შეურაცხყოფს მეფეს, ლანძღავს ჩვენს ღმერთებს. თავისი ჯადოქრობით წყალში სამოცდარვა კაცი ჩაახრჩო, ამიტომაც მას ორ ყრმასთან ერთად თავი უნდა წარეკვეთოს.

ყრმებთან ერთად წმინდა ვლასი დასასჯელ ადგილას მიიყვანეს. მან ილოცა თავის შეცოდებებზე, მთელ სამყაროზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც მომავალში მისი ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დროს მასზე ზემოდან ნათლის ღრუბელი დაეშვა და განაბრწყინა. ღრუბლიდან კი ხმა მოისმა:

- ჩემო საყვარელო მოსაგრევ, შენს ყველა თხოვნას აღვასრულებ.

ჯალათმა ქალაქ სებასტიის გალავანს გარეთ ერთ ფრიალო კლდეზე წმინდა ვლასის და ორ ყრმას თავი მოჰკვეთა. ეს მოხდა 316 წლის 11 თებერვალს.

ერთმა ღვთისმოშიშმა დედაკაცმა, სახელად ელისამ, წმინდა მოწამეთა სხეულები პატივით დაკრძალა. წმინდა მოწამეთა აკლდამიდან ადამიანებს კურნება მიეცემოდათ.

როცა წმინდა ვლასის მოწამებრივი სიკვდილის ამბავი შეიტყო, იმ დედაკაცმა, რომელსაც ერთი გოჭი ჰყავდა, შეკრიბა მეზობელ-მეგობრები და წმინდანის ხსენება აღნიშნა. ღმერთმა აკურთხა მისი სახლი ყოველგვარი სიკეთით. მას მიჰბაძეს სხვა ღვთისმოსავებმა, ისინიც ყოველწლიურად აღნიშნავდნენ წმინდა ვლასის ხსენებას, ტაძარში სანთელ-საკმეველი მიჰქონდათ, ერთმორწმუნეებს, ღარიბებს და გლახაკებს მოწყალებას აძლევდნენ. მას შემდეგ დაიწყო ეს ღვთისმოსავური ტრადიცია და დღემდე მოაღწია, ანუ იმ ქვრივი დედაკაცის მსგავსად იდღესასწაულება წმინდა ვლასის ხსენება.

წმინდა ვლასის წმინდა ნაწილები ჯვაროსნული ლაშქრობის დროს დასავლეთში გადაასვენეს და ახლა ევროპის ბევრ ქალაქში წააწყდებით მას.

კონდაკი

საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ, დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ და შენდამი მღაღადებელთა გვფარევდ ჩვუენ მარადის.

სხვა კონდაკი

ორძილო საღმრთო, ყუავილო დაუჭკნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო, მრავალ ვნებულო ღმერთშემოსილო ვლასო, სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი სიხარულით აღგვავსენ და ავედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ბეჭდვა
1კ1