ქალწულმოწამენი: ენათა, ვალენტინა და მოწამე პავლე, კესარია-პალესტინელნი (+308 წელი) - 10 (23 ) თებერვალი
ქალწულმოწამენი: ენათა, ვალენტინა და მოწამე პავლე, კესარია-პალესტინელნი (+308 წელი) - 10 (23 ) თებერვალი

308-309 წლებში, ქრისტიანთა დიდი დევნის მეორე წელიწადს, რომელმაც მთელი რომის იმპერია მოიცვა, კესარია-პალესტინის მმართველმა, ფირმილიანემ იმ ქრისტიანთა შეპყრობა ბრძანა, ღაზას წმინდა წერილის საკითხავად რომ შეყრილიყვნენ და კესარიას გამოგზავნა.

ენათა, რომელსაც უსჯულო ხელისუფალთა მუქარამ და მოსალოდნელმა ტანჯვამ ვერ შეაშინა, დაუფარავად ამხილა უღმერთო ხელმწიფის უსამართლობა, სასტიკ მსაჯულთ ესოდენი ძალაუფლება რომ მიანიჭა, რისთვისაც საშინლად გვემეს, შემდეგ კი ძელს მიაკრეს და წვერგამახული იარაღებით აწამეს.

სხვა ქრისტიანმა ქალწულმა, ვალენტინამ, წარმოშობით კესარიელმა, ვერ მოითმინა, ენათას წამების ადგილას მივიდა და მსაჯულს პირში მიახალა:

- როდემდე უნდა ამცირო და ტანჯო დაჲ ჩემი?!

რასაკვირველია, იგი იქვე შეიპყრეს და მსაჯულს წარუდგინეს, რომელსაც იგივე გაუმეორა, რასაც უწინაც საჯაროდ ამოწმებდა: - ქრისტიანი ვარ და მისთვის სიკვდილს სიხარულით მივიღებო!

მტარვალი როს დარწმუნდა, ვალენტინე ნებით კერპებს მსხვერპლს არასოდეს შესწირავდა, სამსხვერპლოსთან ძალით მიიყვანა, მაგრამ ოდენ იმას მიაღწია, რომ ქალწულმა სამსხვერპლოს ქვა ესროლა, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი - ზურგი აქცია.

ამან იმდენად გააცოფა მსაჯული, მხეცივით მისწვდა ქალწულს და უმოწყალოდ გვემა, შემდეგ კი ენათასთან ერთად დაწვა განუწესა.

წმინდა პავლეც ღაზას შეიპყრეს, ისიც მრავალგზის ტანჯეს, მაგრამ უფალს არ უღალატა, რისთვისაც იმავე დღეს სიკვდილი მიუსაჯეს.


* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსისა ზენონ მალემსრბოლისა, კესარია-კაბადუკიელისა (+IV საუკუნე)

* * *
ამავე დღეს არის ხსენება თეთინია ღირსისა, თევდოსიწმინდელისა, ზაქარიას ხორცთა პოვნა, მოწამისა ფოტინესი, და თუირსოისა, ალექსანდრესი, ანდრიანეისი და ანატოლისი

ბეჭდვა
1კ1