მოწამე ნიკიფორე, ასურეთის ანტიოქიელი (+253-268 წლები) - 09 (22) თებერვალი
მოწამე ნიკიფორე, ასურეთის ანტიოქიელი (+253-268 წლები) - 09 (22) თებერვალი
წმინდა მოწამე ნიკიფორე სირიის ანტიოქიაში, ვალერიანესა და გალიენის ჟამს (253-260 წლები) ცხოვრობდა. ამავე ქალაქში მკვიდრობდა ხუცესი საპრიკიუსიც. ნიკიფორეს და საპრიკიუსს ერთმანეთთან ისეთი წრფელი მეგობრობა აკავშირებდათ, ბევრს ღვიძლი ძმები ეგონათ.

მაგრამ ეშმაკის მანქანებით, განუყრელ მეგობართა მხურვალე სიყვარული შეურიგებელმა დაპირისპირებამ და სიძულვილმა შეცვალა.
ნიკიფორე მალე მოვიდა გონს, სინანულში ჩავარდა და საპრიკიუსს ახლობელთა შუამდგომლობით შენდობა სთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელს პატიება გაუჭირდა. მაშინ ნიკიფორე თავად ეახლა ყოფილ მეგობარს და მდაბლად სთხოვა შენდობა, მაგრამ საპრიკიუსის ქვადქცეული გულის მოლბობა ისევ ვერ შეძლო.

ამ დროს იმპერატორებმა, ვალერიანემ (253-259 წლები) და გალიენმა (260-268 წლები) ქრისტიანთა დევნა იწყეს.

სამსჯავროს წინაშე, უპირველესად, ხუცესი საპრიკიუსი წარდგა, რომელმაც უშიშრად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და სასტიკი სატანჯველებიც უდრტვინველად დაითმინა.

მისი სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა მტარვალებმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

როდესაც საპრიკიუსი დასასჯელად მიჰყავდათ, აცრემლებული ნიკიფორე კვლავ შენდობას სთხოვდა, ხუცესს კი გული არც ამან მოულბო და თვით სიკვდილის წინაც არ აპირებდა, ძმისთვის შეენდო. ამის გამო უფალმა უღირს საპრიკიუსს მადლი წაჰგვარა, მარტვილობისას რომ განამტკიცებდა, უეცრად სიკვდილის შეეშინდა და შემდრკალმა განაცხადა, რომ მზად იყო კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა.

გაოცებული ნიკიფორე ცრემლით ევედრა, უკვე სასუფევლის ზრურბლზე მდგომს თავი განდგომით არ დაეღუპა, მაგრამ ამაოდ. მაშინ თავად ნიკიფორემ განაცხადა: "მე ქრისტიანი ვარ და მწამს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც უარყო საპრიკიუსმა. მე დამსაჯეთ საპრიკიუსის ნაცვლად"! როცა ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, მან ბრძანა, უფლისგან განმდგარი მამა გაეთავისუფლებინათ, ნიკიფორესთვის კი თავი მოეკვეთათ.

კონდაკი

ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილისა ქედი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე განხორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.

სხვა კონდაკი

ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყვარულითა, წმინდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკსა და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლოედ ღმრთისა.

ბეჭდვა
1კ1