წმინდა მოწამენი: ფავსტა ქალწული, ევილასი და მაქსიმე (+305-311 წლები) - 06 (19) თებერვალი
წმინდა მოწამენი: ფავსტა ქალწული, ევილასი და მაქსიმე (+305-311 წლები) - 06 (19) თებერვალი
წმინდა ქალწულმოწამე ფავსტა და მასთან ერთად ევილასი და მაქსიმე დიოკლეტიანეს დროინდელი დევნულობისას ქალაქ კვიზიკში (მიზია), 305-311 წლებში ეწამნენ.

ღვთისმოშიში ქრისტიანების ასული ფავსტა 13 წლისა დაობლდა.

მისი ღვთისადმი სიყვარულს არც ახალგაზრდობამ დააკლო რამე, არც სიმდიდრემ თუ სხვა საცთურებმა, წმინდა ქალწული ლოცვით, მარხვით და წმინდა წერილთან ზიარებით იცავდა თავს ყოველგვარი არაწმინდებისაგან.

მისი ქება მალე იმპერატორის ყურსაც მისწვდა, ამ უკანასკნელმა კი ერთ-ერთი სენატორი, ევილასი გაუგზავნა - ფავსტამ ან ღმერთებს შესწიროს მსხვერპლი, ან ზღვაში დაახრჩეო!

მოხუცი ევილასის წინაშე კი სიფრიფანა გოგონა წარდგა, რომელიც დაუფარავად აღიარებდა თავის რწმენას და არც მის ღალატს აპირებდა...

ევილასმა მისთვის თმის წარკვეთა და სასტიკად წამება ბრძანა.

გოგონა უფალს შეწევნას შეევედრა და მალე ზეცით იმგვარი ელვა გარდამოვიდა, მრავალი წარმართი შეიწირა...

გამხეცებულმა ტირანმა მისი ხის ყუთში ჩასმა და შუაზე გადახერხვა ბრძანა, თუმცა, ქალწული, ღვთის ნებით, უვნებელი დარჩა...

მტარვალები ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდნენ გაეხერხათ, ან ცეცხლში დაეწვათ ყუთში გამოკეტილი მარტვილი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ: - არა მხოლოდ ქალწული, ღვთის მადლით დაცული ყუთიც უვნებელი რჩებოდა.

დაბნეულმა სენატორმა ქალწულს გამოჰკითხა, თუ რაში მდგომარეობდა მისი რწმენა, ასეთ ძალას რომ ანიჭებს თავის ერთგულთ... მოხუცის გულს ღვთის მადლი შეეხო, მოიქცა და ფავსტა გაათავისუფლა.

მისმა ერთმა მსახურთაგანმა ევილასი იმპერატორთან დაასმინა, ამ ამბით განრისხებულმა მტარვალმა კი "მოღალატის" დასასჯელად სისასტიკით განთქმული პრეფექტი, მაქსიმე გაგზავნა.

როდესაც ევილასის მარტვილობის ჟამი დადგა, ხმამაღლა შეჰღაღადა ზეცას:

- ყოვლისშემძლე უფალო, ისე შემეწიე, როგორც - ფავსტას, რამეთუ ოდენ შენ შეგიყვარეო!

მაქსიმემ მალე თავად ფავსტაც მოაყვანინა და ხელისგულებში ლურსმნები გაუყარა, ხოლო ოდეს იხილა, რომ ქალწულს ვერას ავნებდა, მისი გარეული მხეცების საჯიჯგნად მიგდება ბრძანა, თუმცა, ვერც მაშინ მიაღწია რამეს: - მხეცნი გოგონას წინაშე შინაურ ცხოველებს ემსგავსნენ...

ვერც წამების სხვა ხერხმა გაჭრა, - გოგონა კვლავ უვნებელი რჩებოდა, რადგან ღვთის უხილავი ძალა იცავდა...

ცოფმორეულმა მაქსიმემ ორივე გავარვარებულ რკინის ბადეზე დააწვინა, მათ კი კვლავ ღვთის სადიდებლად იგალობეს...

მათმა გალობამ მაქსიმეს ქვის გულიც კი მოალბო, სული შეემუსრა და საკუთარი თვალით იხილა გახსნილი ცა და დიდებით მოსილი უფალი...

- მსურს, თქვენთან ერთად დავითმინო ტანჯვა ქრისტესთვის, წმინდა მოწამენო და მიშუამდგომლეთ უფალთან, რომ ისევე შემიწყალოს, როგორც თავის მარჯვნივ ჯვარცმული ავაზაკი შეიწყალა!

შემდეგ მათ გვერდით საკუთარი ნებით დაწვა გავარვარებულ ბადეზე.

ასე შეჰვედრეს სული შემოქმედს სამმა მოწამემ. მეოხ გვექმნას მათი ლოცვა ღვთის წინაშე!
...................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1