ქალწულმოწამე დოროთეა კესარია -კაპადუკიელი (+288-300 წლები) - 06 (19) თებერვალი
ქალწულმოწამე დოროთეა კესარია -კაპადუკიელი (+288-300 წლები) - 06 (19) თებერვალი
ეს ძალზე ღვთისმოყვარე და კეთილშობილი, ობოლი ქალწული III-IV საუკუნეთა მიჯნაზე ევნო ქრისტესთვის.

როდესაც მმართველმა საპროკიუსმა დიოკლეტიანეს ედიქტთა აღსრულება იწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად დოროთეაც შეიპყრეს და ხანგრძლივი დაკითხვისა და მუქარის შემდეგ ვერ გატეხეს.

მაშინ მმართველმა ყოფილ ქრისტიან დებს, ქრისტინესა და კალისტას მიაბარა, რომელთაც მისი გადაბირება დაავალა, თუმცა, დოროთეამ იქით გადმოიბირა და კვლავ უფალს დაუბრუნა ორივე.

განრისხებულმა მტარვალმა დები ზურგით მიაკრეს ერთურთს, ფისით სავსე კასრში შთააგდეს და დაწვეს.

თავად დოროთეას კი თავის მახვილით წარკვეთა მიუსაჯა.

სიხარულით შეხვდა ამ განაჩენს ნეტარი და ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს.

მისი სიხარულის მხილველმა ერთმა სწავლულმა სქოლასტიკოსმა, თეოფილემ კი დამცინავად ჩაუქირქილა:

- ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე, - აუცილებლად, - იყო პასუხი.

შემდეგ ჯალათს თავი მორჩილად მოუდრიკა, სიკვდილის წინ კი ლოცვისთვის დრო ითხოვა და რომ დაასრულა, მის წინაშე მშვენიერი ჭაბუკის სახით ღვთის ანგელოზი წარდგა და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც დოროთეას თავი მოჰკვეთეს.

საოცარმა მოსაკითხმა ქრისტიანთა სახელგანთქმულ მდევნელს თავზარი დასცა, ეს ყოველივე მით უფრო საოცარი იყო, რამდენადაც ზამთარი იდგა.

ყველას გასაოცრად, თეოფილემ ირწმუნა ქრისტე და საჯაროდ იწყო ქადაგება.

იგი მაშინვე დააპატიმრეს და დაკითხეს, მან კი ყოფილ კოლეგებს ერთადერთი სურვილი გაუმხილა:

- მინდა, მოვკვდე და რაც შეიძლება, სწრაფად შევიდე სასუფეველში, სადაც დოროთეა მელოდებაო!

თეოფილემ მდუმარედ, ყოველგვარი ცრემლისა და კვნესის გარეშე დაითმინა წამება.

წმინდა დოროთეას უხრწნელი ნაწილები რომში, მისივე სახელობის ტაძარში განისვენებს, მისი თავიც რომში, ტროსტევერის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში განისვენებს.

............................

ხატის წყარო


ბეჭდვა
1კ1