წმინდა მოწამენი: თეოდულა, ელადიოსი, მაკარი და ევაგრე (+დაახლოებით 304 წელი) - 05 (18) თებერვალი
წმინდა მოწამენი: თეოდულა, ელადიოსი, მაკარი და ევაგრე (+დაახლოებით 304 წელი) - 05 (18) თებერვალი
მოწამე თეოდულა კილიკიის ქალაქ ანაზარბოსში რომაელი იმპერატორების, დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს (284-305 წლები) ზეობისას ცხოვრობდა.

ქალაქის მმართველი, პელაგიუსი მეტისმეტი სისასტიკით გამოირჩეოდა. მისი მსახურები მთელს ოლქში დაეძებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ, სადაც, მეფის ბრძანების მოსმენის შემდეგ აიძულებდნენ, კერპთათვის ეცათ თაყვანი.

ერთხელ მმართველთან წარადგინეს ქრისტიანი ქალი თეოდულა, რომელმაც თამამად აღიარა:

- მე ქრისტიანი ვარ, ეს ჩემი საპატიო და მარადიული სახელია, ადამიანები კი თეოდულად მიხმობენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ვაღიარებ და ქვის თაყვანისცემას არ ვაპირებო!

მხნე აღმსარებელი თმებით დაკიდეს და გახურებული რკინის კავებით უწყეს წამება, მაგრამ, ღვთის მადლით, ტკივილებს ვერ გრძნობდა. ქალაქის თავმა თქვა:

- მოწყალენი არიან ჩვენი ღვთაებები, მათ იციან, რომ შენ მოექცევი, ამიტომ გიფარავენ ტკივილებისაგან!

წმინდანმა კი მიუგო:

- სად არიან ჩემი მფარველი შენი ღმერთები? მაჩვენე, რომ პატივი მივაგო!

მოწამე ადრიანეს, - ღვთაებად შერაცხილი გარდაცვლილი უსჯულო იმპერატორის სახელობის ტაძარში მიიყვანეს. თეოდულამ ლოცვით ჰხადა ჭეშმარიტ ღმერთს, შემდეგ კი სული შეჰვედრა ადრიანეს კერპს და ნამსხვრევებად აქცია.

პელაგიუსს თავზარი დაეცა: - თუ კერპის მსხვრევის ამბავი იმპერატორამდე მიაღწევდა, გადაუვალი სიკვდილი ელოდა, ამიტომ მოწამეს ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, კერპი აღედგინა, სანაცვლოდ კი - ქრისტიანობის მიღება აღუთქვა.

თეოდულამ კვლავ ევედრა უფალს და კერპიც, მისი ლოცვის ძალით, ძველ ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პელაგიუსმა არათუ შეასრულა სიტყვა, მეტი გამძვინვარებით დაუწყო ტანჯვა მარტვილს.

წამებისას მმართველს პატიმართა ზედამხედველი ელადიოსი წარუდგა და ითხოვა, თეოდულას მოქცევა მისთვის მიენდოთ, რადგან იმედი ჰქონდა, რომ სახელს გაითქვამდა და ქალაქის თავისგან პატივსაც მიიღებდა.

ელადიოსმა საშინელი სატანჯველები დაატეხა თავს ქრისტეს ნეტარ სასძლოს და სისასტიკით თვით პელაგიუსსაც კი გადააჭარბა. თეოდულამ მხურვალე ლოცვით მოთმინების ძალა გამოითხოვა ღვთისაგან. ღმერთმაც ისმინა თავისი რჩეულის ვედრება და წყლულებისაგან განკურნა იგი. მტარვალი შეძრწუნდა, თეოდულამ კი მას ასე მიმართა:

- გახდი ქრისტიანი და საუკუნო პატივს მიიღებ ცხოველთა და მკვდართა განმკითხველი ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სასუფეველში!

ლოცვითა და შეგონებებით წმინდანს ელადიოსი ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებისაკენ მიჰყავდა. ბოლოს უსჯულომ ირწმუნა ქრისტე და მოწამეობრივი გვირგვინიც მიიღო: - უღმერთოებმა მახვილით მოჰკვეთეს თავი და სხეული ზღვაში ჩააგდეს.

წმინდა თეოდულა ქურაში დაგზნებულ ცეცხლს მისცეს, მაგრამ უვნებელი დარჩა, შემდეგ გახურებულ რკინაზე დააწვინეს და ადუღებული ფისი გადაასხეს, მაგრამ რკინა ნამსხვრევებად იქცა და ცეცხლით შემუსრა ირგვლივ მყოფნი, მათ შორის - ქალაქის თავი პელაგიუსიც, რომელიც საშინელი სიკვდილით აღესრულა, თვით თეოდულას კი არც ახლა დაშავებია რამე.

ამ სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე. მათ შორის იყვნენ დიდებულნი, - მაკარი და ევაგრე.

წარმართებმა მეტი სისასტიკით განაგრძეს ქრისტიანთა წამება, - კვლავ გაახურეს ქურა და წმინდა თეოდულა, მაკარი, ევაგრე და მრავალი სხვა ქრისტიანი ცეცხლს მისცეს...

ამგვარად ევნენ ღვთის გულისათვის ქრისტეს საკვირველი მოწამენი...

გვმეოხებდეს მათი წმინდა ლოცვები უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე! ამინ!

ბეჭდვა
1კ1