წმინდა მოწამე აღათია (+251 წელი) - 05 (18) თებერვალი
წმინდა მოწამე აღათია (+251 წელი) - 05 (18) თებერვალი
მოწამე აღათია სიცილიის ქალაქ პალერმოში (ძველი სახელწოდება - პანორმი) მცხოვრები კეთილშობილი და მდიდარი ქრისტიანების ასული იყო.

უსჯულო იმპერატორ დეკიუსის (249-251 წ.) ზეობისას, როდესაც სიცილიის მმართველად კვინტიანი დადგინდა, გამოიცა უსჯულო და სასტიკი ბრძანება, - სადაც კი ქრისტიანს ნახავდნენ, დაუნდობლად ეგვემათ.

ამ ბრძანებამ ფრიად აღაშფოთა წმინდა ქალწული და საღმრთო მოშურნეობით აღიჭურვა.

კინტიანმა, ოდეს აღათიას კეთილშობილი წარმომავლობის, სიმდიდრისა და სილამაზის შესახებ შეიტყო, მისდამი არაწმინდა ვნებით აღენთო, ცალკე ქალწულის დაუფლება განიზრახა, ცალკე კი - მისი ქონების მითავისება... ამიტომ მის შესაპყრობად ხელქვეითნი გაგზავნა.

უსჯულო კინტიანის მსახურები აღათიას შეჰპირდნენ, - თუ შეგვპირდები, რომ ჩვენს ღმერთებს თაყვანს სცემ, ჩვენს მხედართმთავართან პატივით მიგაბრძანებთო...

ნეტარმა სთხოვა, წასვლამდე მცირე დრო მიეცათ, ოთახში ჩაიკეტა და უფალს შეევედრა, მისი ქალწულება და უმანკოება დემონთა მსახურ კვინტიანს არ შეებილწა.

წმინდა ქალწულს კინტიანის მეომრებთან ერთად ახლობელნი და მეზობელნიც მიაცილებდნენ...

მთელი გზა მხურვალე ცრემლით ლოცულობდა აღათია, ქრისტესთვის ტარიგად რომ განემზადებინა თავი... უეცრად სანდლის თასმა შეეხსნა და ამ შეყოვნებისას აღმოაჩინა, რომ მეზობელნი ჩამოსცლოდნენ და უსჯულო მეომართა ამარა დაეტოვებინათ... წმინდა ქალწული ძალზე შეწუხდა, რომ თანამოქალაქეები მის სიმტკიცეში შეეჭვდნენ და უფალს სთხოვა:

- ყოვლისშემძლე ღმერთო, ჩემი თანამოქალაქეებისათვის, ჩემში ეჭვი რომ შეეპარათ, სასწაული აღასრულეო, რის შემდეგაც ურწმუნო პანორმელთა სამხილებლად იმ ადგილას უეცრად უნაყოფო ზეთისხილის ხე აღმოცენდა...

აღათია კატანში ერთ მდიდარ ქალთან, აფროდისიასთან დააბინავეს, რომელსაც ხუთი ასული ჰყავდა. ისინი ყოველგვარად ცდილობდნენ, წმინდანი ნაირ-ნაირი მდიდული სამოსით, ტკბილი სიტყვით, საზრდელით თუ სხვადასხვაგვარი გასართობით ეცდუნებინათ და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვას სთავაზობდნენ, მაგრამ ქრისტეს სასძლო უარყოფდა ყოველგვარ საცდურს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა.

წმინდანი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც აფროდისია კინტიანს ეახლა და განუცხადა:

- უზარმაზარი ლოდის დამსხვრევა და რკინის მოლბილება უფრო იოლია, ვიდრე მაგ ქალწულის ცთუნება... ქალიშვილებითურთ ყოველივე ვიღონე, მაგრამ მისთვის მიწიერი საგანძური იგივეა, რაც ფეხზე აკრული მტვერი და ნაცარიო...

Gგაავებულმა კინტიანმა იგი თავის საიდუმლო პალატებში მიაყვანინა და ჰკითხა, თუ ვინ იყო წარმოშობით.

- კეთილშობილი გვარის გახლავართ და განათლებული და მდიდარი ნათესავები მყავს, - მიუგო ქალწულმა,

- მაშ, მონასავით ძველმანებში რაღად შემოსილხარ? - დაეკითხა კინტიანი,

- ქრისტეს მონა ვარ და ასე იმადაც ვიმოსები, - უპასუხა აღათიამ,

- კეთილშობილ მშობელთა შთამომავალი, თავისუფალი მოქალაქე თავს მონას როგორღა უწოდებ? - გაიოცა მტარვალმა,

- ჩვენი თავისუფლება და კეთილშობილება - ქრისტეს მსახურებაა,

- მაშ, ჩვენ, თქვენი ღმერთის ურამყოფელნი, თავისუფალნი არ ვართ?

- ეშმაკს და ცოდვას იმგვარად დაემონეთ, უსულო და ამაზრზენ კერპებს სცემთ თაყვანსო! - მიუგო აღათიამ.

- მსგავსი მკრეხელობა არ გაიმეორო, თორემ აუწერელ წამებას მიგცემ... ან ჩვენს ღმერთებს რაღად უარყოფ?

- იმიტომ, რომ ღმერთები კი არა, ეშმაკნი არიან, ხესა თუ მარმარილოთი რომ აქანდაკებთ და ოქროთი ავარაყებთ!

- გირჩევ, ნებით სცე თაყვანი ღმერთებს, თორემ ამის ქმნა ნებით მოგიწევს, - დაემუქრა კინტიანი,

- დაე, ცოლი შენი აფროდიტეს ემსგავსოს, შენ კი ზევსს, - მიუგო ნეტარმა, რამაც ისე განაცოფა მტარვალი, სახეში სილა უთავაზა...

- თავად გრცხვენია, საკუთარ ღმერთებს რომ მიემსგავსო, ამიტომ ჩემთან ერთად უარყავი! - უპასუხა აღათიამ,

- ღირსი ხარ, თუ ჩემს ნაბრძანებს არ აღასრულებ, საშინელ ტანჯვას შეგამთხვევ! - კვლავ დაემუქრა კინტიანი.

- არაფრის მეშინია, თუ დასაგლეჯად მხეცთ მიმცემ, ჩემს დანახვაზე და უფლის სახელის ხსენებისთანავე მოთვინიერდებიან, ცეცხლს მიმცემ და ანგელოსნი ციურ ნამს მაპკურებენ და განმაგრილებენ, ხოლო თუ იარებს მომაყენებ, სულიწმიდას მოვუხმობ, რომელიც შენს ხელთაგან მიხსნისო!

მაშინ მრისხანე კინტიანმა ნეტარი ბნელ და ნესტიან ჯურღმულში ჩაგდო, დილით კი ჰკითხა:

- საკმარისი დრო გქონდა, რომ შენი სხეულის სიმრთელეზე გეფიქრა?

- ჩემი სიმრთელე - ქრისტეა,

- უარჰყავ ქრისტე, რომ ჩენი სიყმაწვილე იხსნა,

- შენ უარჰყავ შენი ღმერთები, რომელნიც სხვა არაფერია, თუ არა - ხე და ქვა, რომ მარადიულ სატანჯველს გადაურჩეო! - მიუგო ნეტარმა.

გამძვინვარებულმა კინტიანმა ბრძანა, აღათია გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ეტარებინათ, შემდეგ მისი გაშიშვლება და ხეზე დაკიდება ბრძანა... ნეტარს სხეული დაუსერეს და მკერდი რკინის სამთითებით ჩამოაგლიჯეს... სასიკვდილოდ განწირულ წმინდა აღათიას საპყრობილეში წმინდა მოციქული პეტრე გამოეცხადა და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი.

ამ დროს იქაურობა საშინელმა მიწისძვრამ შეარყია, შეშინებული ხალხი კინტიანის სასახლეს მიაწყდა და ყვირილით მოსთხოვეს, უდანაშაულო ქალწულის წამება შეეწყვიტა.

მოსალოდნელი მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, ქრისტეს ტარიგი საპყრობილეში დაებრუნებინათ, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

უსჯულო კვინტიანს კი საშინელი სიკვდილი ელოდა: - წმინდა მოწამის სიმდიდრის მისათავისებლად პანორმისკენ მიმავალს უეცრად გახელებული ცხენები მისცვივდნენ, რომელთაგან ერთმა სახე მოაჭამა, მეორემ კი - დატორა და მდინარეში ჩააგდო...

წმინდა აღათიას საფლავზე მისი სახელობის ტაძარი ააგეს. მოკლე ხანში კატანის მახლობლად მდებარე ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო. გავარვარებული ლავა წალეკვით ემუქრებოდა ქალაქს...
თავზარდაცემული კატანელები, - ქრისტიანნიც და წარმართნიც, ღვთის შეწევნის იმედით, წმინდა აღათიას სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ, იპყრეს ხელთ მისი სამოსელი და ლავის პირისპირ დადგნენ. მოხდა სასწაული: - უეცრად ცეცხლოვანმა ლავრამ უკან დაიხია, ჩაცხრა და გაცივდა... გახარებულმა მოქალაქეებმა ადიდეს უფალი და მისი დიდი სათნომყოფელი, წმინდა აღათია.


კონდაკი, ხმა 4. განბრწყინდი დღეს, ეკლესიაო, პორფირითა მით დიდებულითა პატიოსანთა მათ სისხლთაგან, ღებულითა აღათია მოწამისათა და ღაღადებდ: გიხაროდენ, კატანის სიქადულო.

..........................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1