ახალმოწამე ძმანი სტამატიოსი, იოანე და თანამგზავრი მათი ნიკოლოზი (1822 წელი) - 03 (16) თებერვალი
ახალმოწამე ძმანი სტამატიოსი, იოანე და თანამგზავრი მათი ნიკოლოზი (1822 წელი) - 03 (16) თებერვალი
წმინდა იოანე და სტამატიოსი ხორციელი ძმანი იყვნენ, ერთი 22 წლის გახლდათ, მეორე - 18-ის, წარმოშობით კი სპეცეს ერთ-ერთი კუნძულიდან იყვნენ.

ერთხელ, როდესაც თავიანთი მცირე სავაჭრო ხომალდით ზეითუნის ზეთი გადაჰქონდათ, თავს ქარიშხალი დაატყდათ, ხომალდი ჩაძირა და ძმები კუნძულ ქიოსთან გამორიყა.

1821 წელს ოთომანთა წინააღმდეგ ბერძენთა აჯანყებას სისხლიანი რეპრესიები მოჰყვა, ამიტომ ძმებმა თურქებს თავი აარიდეს და ხომალდის შესაკეთებელი მასალის სათხოვრად ერთ იქაურ ქრისტიანს მიაკითხეს.

მაგრამ ახალმა იუდამ მათ შესახებ მყისვე ამცნო მტერს, რომელიც მაშინვე გაეშურა მათ შესაპყრობად, - ხომალდის ეკიპაჟიდან ორი მეზღვაური, რომელნიც გაქცევით ცდილობდნენ თავის გადარჩენას, იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს, ორი კი - ზღვაში ჩაიხრჩო, ამიტომ მხოლოდ იოანეს, სტამატის და ხომალდის კაპიტნის, ნიკოლოზის შეპყრობაღა მოახერხეს და კუნძულ ქიოსს გაგზავნეს.

უსჯულო მსაჯულმა მაშინვე ბრძანა, ნიკოლოზისათვის, რომელსაც რწმენაზე უარი ვერ ათქმევინეს, დაუყოვნებლივ თავი წარეკვეთათ, ძმები, იოანე და სტამატი კი იმის იმედით, ან მუქარით დავიყოლიებთ და ან - დაპირებითო, ციხეში გამოკეტა.
თუმცა, ვერც მუქარამ გაჭრა და ვერც მსუყე დაპირებებმა, ამიტომ მსაჯულმა მათაც იგივე ხვედრი არგუნა.

გახარებულმა ძმებმა ამის შესახებ საპატიმროს ყველა მკვიდრთ ამცნეს, იქაურ ეპისკოპოსს აღსარება წერილობით გაუგზავნეს და პასუხად ნუგეშიანი სიტყვა, მალე კი - ერთ-ერთი ტყვედქმნილის მეუღლის ხელით წმინდა ზიარებაც მიიღეს.

წმინდა ძმებმა მთელი ღამე ლოცვასა და გალობაში განლიეს, უთენია კი წმინდა ძღვენს ეზიარნენ და ჯალათს მშვიდად წარუდგნენ.

მცველთა შიშველმა მახვილებმა იოანეს შიში მოჰგვარა, მაგრამ ძმამ განამხნევა და ხალხის კრებული ამ სიტყვებით გაარღვიეს:

- ქრისტიანნი ვართ და მისთვის სიცოცხლეს სიხარულით გავიღებთ!

ჯალათმა ორივეს თავები წარკვეთა, ზღვას მიცემული მათი წმინდა სხეულები კი რამდენიმე დღის შემდგომ ქრისტიანებმა ჰპოვეს და პატივით დაკრძალეს.

................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1