წმინდა მოწამე რიზკალა იბნ ნაბა ტრიპოლელი - 01 (14) თებერვალი
წმინდა მოწამე რიზკალა იბნ ნაბა ტრიპოლელი - 01 (14) თებერვალი
წმინდა რიზკალა დამასკოში XV საუკუნეში იშვა, ქრისტიანი იყო და ლიბანის ქალაქ ტრიპოლში ცხოვრობდა.

ნეტარი ერთ იქაურ წარჩინებულს, ნოტარიუს აზდამურს თანაშეეწეოდა. ერთხელ თანამშრომელმა, სწავლულმა იბნ გუმამ რიზკალასგან თანხა ისესხა. ამ უკანასკნელმაც, რაც გააჩნდა, უშურველად მისცა, თუმცა, გონებადაბნელებულ და ხარბ თანამშრომელს მიღებული ეცოტავა და აზდამური ჯერ გაქურდა, შემდეგ - უარესად გაკადნიერდა და ხარის ძარღვებით გაროზგა.

რიზკალამ იყვირა:

- რაც გამაჩნდა, მოგეც, სხვა არაფერი მაბადია!

მტარვალი კი გაჰყვიროდა:

- ესე იგი, როგორც შენ ამბობ, ღმერთს ძე გაუჩნდა, არა?

მმართველმა, რომელსაც რიზკალა უყვარდა, ენდობოდა და ეწყალვოდა, თანაშემწეს ისლამის მიღება შესთავაზა, - ამით საქმეც დაიხურება და სასჯელიც აგცდებაო, მაგრამ მისი მტკიცე უარით შეურაცხყოფილი ახლა თავად მოუბრუნდა მტრად და თავი საპყრობილეს ამოაყოფინა, - ახალგაზრდაა, გონს მოეგება და დამთანხმდებაო.
რამოდენიმე დღეში რიზკალას კვლავ უხმო და ისლამის მიღების სანაცვლოდ ფული და ძვირფასი საჩუქრები შესთავაზა, პასუხად კი ისევ მიიღო:

- ჩემი რწმენა ფულზე არ იყიდებაო!

ამის გამგონე მმართველი ნეტარს წამებით დაემუქრა.

- მთელი ქვეყნის პატივი და სიმდიდრე არად მიღირს, - უშიშრად შეეპასუხა რიზკალა, - ყოველივე განქარდება და მტვრად იქცევა... არც თქვენი მუქარა მაშინებს და არც - მარტვილობა, რადგან თავად სიყვარული მიხმობს ჩემი ღმერთისკენ!

შეფიქრიანებულმა მმართველმა დაუყოვნებლივ ბრძანა, მისთვის თავი წარეკვეთათ.

ჯარისკაცებმა მოწამე ქალაქგარეთ იმ ადგილას მიიყვანეს, რომელსაც ტელ-ალ-მუქთახა, გადმოთარგმანებით - სურვილების გორა ერქვა, რიზკალამ ჯალათს ლოცვისთვის დრო სთხოვა, მიწაზე პირით აღმოსავლეთისკენ დაწვა, შემდეგ უფლის ხორცად ჯერ პეშვით მიწა იხმია, შემდეგ წამოდგა, ხელნი ზეცად აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა:

- ღმერთო, სახელისა შენისათვის ვიღებ მოწამეობას, შემეწიე და ამ საკვირველ ღამეს ჩემი სიცოცხლე ისე მიიღე, როგორც ძღვენი... აჰა, შენ გავედრებ და გაბარებ ჩემს სულს!

შემდეგ ჯალათს უდრტვინველად დაუხარა პატიოსანი თავი და წარმოთქვა:

- უფალ იესო ქრისტეს სახელით, მომკვეთე თავი!

1477 წლის თებერვლის დასაწყისი იდგა...

ჯალათებმა რიზკალას დასაწვავად ფიჩხი შეაგროვეს, მაგრამ რამდენადაც წვიმა წამოშხაპუნდა, ხალხი დაიშალა და მოწამის სხეულისთვის ხელი აღარავის უხლია.
ღამით ქრისტიანებმა მოწამის სხეული კვიპროსზე გადააბრძანეს და მიწას პატივით მიაბარეს.

რიზკალას მარტვილობის დღეს ნეტარის მოწინააღმდეგე, იბნ გუმა ჩამოახრჩვეს, მისი სხეული კი უკვალოდ გაქრა...

ხატზე გამოსახულია ანტიოქიის ეკლესიის წმინდათა კრება, იხ. წყარო

* * *

ამავე დღეს არის ხსენება ტიმოთე აღმსარებელისა

* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამისა თეიონისა და მისთა ორთა ძეთა, მახვილით განგმირულთა

* * *

ამავე დღეს არის ხსენება მოწამისა კარიონისა, რომელმაც სიკვდილი ენის წარკვეთის შემდგომ მიიღო

ბეჭდვა
1კ1