წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი (III) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი (III) - 30 (12.02) იანვარი
წმინდა იპოლიტე ირინეოსის მოწაფე გახლდათ. იგი ეპისკოპოსი იყო რომის მახლობლად მდებარე ქალაქში, რომელსაც ზოგი უწოდებდა ოსტიას, ზოგი პორტოს. თავდაპირველად იპოლიტე უბრალო რომაელი მღვდელი გახლდათ.

როდესაც 212 წ-ს ორიგენემ მოინახულა რომი, მან იქ ერთ-ერთ ეკლესიაში მოისმინა რომაელი მღვდლის, იპოლიტეს ხოტბითი ქადაგება მაცხოვრის შესახებ. იპოლიტე დიდი გულმოდგინებით ამხელდა ნოვატეს, რომელიც გარდა იმისა, რომ უკუღმართად ასწავლიდა წმინდა სამების შესახებ, სხვებთან ერთად რომის ორი ეპისკოპოსი: ზეფირინუსი და კალისტე მიიმხრო. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული იპოლიტე მალე აღმოჩნდა დაპირისპირებაში პაპ კალისტესთან (217-222), რომელიც მან დაადანაშაულა საბელიანიზმში, შემდეგ კი თავის მომხრეებთან ერთად გამოეყო რომის ეკლესიას და გახდა პირველი ანტიპაპი. ანტიპაპი ეწოდება იმ პირს, რომელიც რომის ეკლესიასთან და რომის ეპისკოპოსთან დაპირისპირებაში იმყოფება და ისიც რომის ეპისკოპოსი ხდება მისი მომხრეებისთვის. ეს დაპირისპირება უფრო გაღრმავდა ურბანოსის (223-230) და პონტიანუსის (230-239) პაპობის დროს. ამგვარი მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ იპოლიტეც და პონტიანუსიც არ გადაასახლეს სარდინიაში, სადაც მათ შორის, როგორც ჩანს შერიგება მოხდა.

იპოლიტემ დაგვიტოვა ერესების მამხილებელი ბევრი მნიშვნელოვანი ნაშრომი, წმინდა წერილის განმარტებანი, საუბრები დღესასწაულთა შესახებ; თავი მოუყარა სამოციქულო ღვთისმსახურების წესებს და შეადგინა პასქალური ციკლი.

იპოლიტეს გარდაცვალების წელი უცნობია, მხოლოდ ვიცით, რომ მოწამებრივად აღესრულა და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "დაე, მათ დაგლიჯონ ჩემი ასონი, ხოლო შენ, ქრისტე, მიიღე სული ჩემი!" ზოგიერთი გადმოცემით წმინდა იპოლიტე იმპერატორის კლავდიუს II-ს კარისკაც წმინდა კენსორინესთან, ქალწულ ქსირიასთან და მოწამე საბინესთან ერთად აღესრულა მოწამებრივად.

როგორც აღვნიშნეთ, წმინდა კენსორინე რომაელი იმპერატორის კლავდიუს II-ს (268-270) უახლოესი კარისკაცი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის შეიპყრეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც თავისი ლოცვის ძალით მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. ამ სასწაულის მოწმე საპყრობილის მცველმა 20-მა მხედარმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისათვის მათ კენსორინესთან ერთად თავი მოეკვეთათ. ამავე ხანებში მოიყვანეს დაკითხვაზე ქალწული ქრისია, რომელმაც ახოვნად აღიარა ქრისტე. იგი მხეცურად აწამეს, შემდეგ კი ზღვაში დაახრჩვეს. წმინდა საბინეს მძიმე ურო ურტყეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წმინდა მარტვილმა ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა იპოლიტემ, როცა მოწამეთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე გამოცხადდა, მტარვალს სისხლისმსმელი უწოდა და უღმერთოებაში ამხილა იგი, გამძვინვარებულმა მსაჯულმა მხცოვანი მღვდელმთავარი სასტიკად დატანჯა. ბოლოს ხელ-ფეხშეკრული ზღვაში ჩააგდებინა. ეს მოხდა 268 წელს.

ბეჭდვა
1კ1