ახალმოწამე დიმიტრი ქიოსელი (+1802) - 29 (11.02) იანვარი
ახალმოწამე დიმიტრი ქიოსელი (+1802) - 29 (11.02) იანვარი
წმინდა მოწამე დიმიტრი ქიოსელი დაიბადა 1780 წელს ქიოსში, ღვთისმოსავ ოჯახში. ახალგაზრდობაში დიმიტრი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა ემუშავა უფროს ძმასთან, რომელიც ვაჭრობით იყო დაკავებული. გარკვეული დროის შემდეგ დიმიტრიმ ცოლი შეირთო. ძმა მისი ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი გახლდათ, ამიტომ მან დიმიტრი სახლიდან გააგდო.

დიმიტრის არაფერი გააჩნდა. მას გაახსენდა, რომ მის ძმას ჰყავდა ერთი თურქი კლიენტი, რომელსაც დიმიტრის ფული მართებდა. მომავალი წმინდანი მოვალე თურქთან წავიდა, თუმცა სახლში არ დაუხვდა. დიმიტრის მოვალის ქალიშვილმა უმასპინძლა. ქალიშვილს მანამდეც ბევრჯერ ჰყავდა დიმიტრი ნანახი. მას მათთან სახლში ხშირად მიჰქონდა გასაყიდი ნივთები. ქალიშვილს გულში ჩავარდნოდა ქრისტიანი ჭაბუკი. ბოროტის ხრიკებით გოგონამ მოახერხა დიმიტრის ცდუნება.

ახალგაზრდა ვაჟი ორი თვე ცხოვრობდა მასთან, ბოლოს ქრისტიანობაც კი უარყო და ისლამი მიიღო, რათა თურქ გოგონაზე ექორწინა. ბოლოს მაინც გაიღვიძა დიმიტრიში სინდისმა, მიხვდა თავის შეცდომას, ღამით ფარულად დატოვა თურქი გოგონას სახლი. დიმიტრიმ თავი ერთ-ერთი ქრისტიანის ოჯახს შეაფარა. ვაჟი გამუდმებით ტიროდა თავის ცოდვილ ცხოვრებას, ნანობდა დაშვებულ შეცდომებს. ღვთისმსახურს აღსარება ჩააბარა. ნანობდა ჭეშმარიტი ღმერთისგან განდგომას. მღვდელს ისიც კი უთხრა, რომ სურდა, მოწამებრივი აღსასრულით გამოესყიდა ეს დიდი ცოდვა. მშობლებს წერილიც კი მისწერა იმის შესახებ, რომ აპირებდა უფლის ღალატის სისხლით გამოსყიდვას.

მღვდელს ეჭვი ეპარებოდა დიმიტრის რწმენის სიძლიერეში, ცდილობდა გამოეცადა ის. ოცი დღე და ღამე ძილისა და ჭამის გარეშე მუდმივ ლოცვაში გაატარებინა.

დიმიტრის უფალიც კი გამოეცხადა და აუწყა, რომ შეეწეოდა და გააძლიერებდა მოწამეობის ჟამს. დიმიტრი ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, მიიღო მოძღვრისგან კურთხევა და წარდგა თურქეთის სასამართლოში, სადაც თამამად აღიარა ქრისტიანობა და მოითხოვა ნებისმიერი სასჯელით დაესაჯათ. იგი მრავალი დღე იყო დამწყვდეული ბნელ და ნესტიან საპატიმროში, მრავალჯერ დაკითხეს, მაგრამ მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა, რომ აღარასოდეს უარყოფდა ჭეშმარიტ ღმერთს და თავსაც შესწირავდა ქრისტეს რჯულს. ცბიერი თურქი გოგონა ციხეშიც კი ცდილობდა დიმიტრის მონახულებასა და კვლავ ცდუნებას, მაგრამ ამაოდ. კონსტანტინოპოლში მცხოვრები ქრისტიანები შიშობდნენ დიმიტრის გამო, კიდევ არ განდგომოდა ქრისტეს რჯულს, ამიტომ ფული შეაგროვეს და გირაოს სანაცვლოდ მისი ციხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. ამაზე დიმიტრი ძალიან გაბრაზდა, მოძმე ქრისტიანებს შეუთვალა, შეგროვილი ფული ქრისტიანული ტაძრებისათვის დაერიგებინათ და ელოცათ მისთვის, რათა მოწამებრივი აღსასრულის ჟამს სულიერად არ გატეხილიყო.

1802 წლის 29 იანვარს დიმიტრი მოწამებრივად აღესრულა. სიკვდილით დასჯის წინ მან თქვა: "მომიხსენე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა".

..........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1