მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკნისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი (+295) – 26 (08.02) იანვარი
მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკნისმცველი და მათ თანა შვიდნი მხედარნი (+295) – 26 (08.02) იანვარი

წმინდა მოწამენი: ანანია ხუცესი, პეტრე საკნისმცველი და მათთან ერთად 7 მხედარი ფინიკიაში ეწამნენ 295 წელს.

ანანია ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით. სიყრმიდანვე შეისწავლა წმინდა წერილი, ამიტომ ხალხმა დიაკვნად აირჩია, შემდეგ მღვდლად დაასხეს ხელი. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა საყოველთაო დევნისას ხუცესი ანანია უფალი ჩვენი იესო ქრისტეს აღიარებისთვის ფინიკიის მმართველს, მაქსიმეს მიჰგვარეს. შეგონებებმა და მუქარამ ვერ გადადრიკა წმინდანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისაგან. მაქსიმემ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა ანანიას. უფლის რწმენაში განმტკიცებულმა მღვდელმა სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი და საჯაროდ განაქიქა კერპთაყვანისმცემელთა ცრუ-სარწმუნოება.

ანანია საპყრობილეში გამოამწყვდიეს. აქ ხუცესს მეშვიდე დღეს მაცხოვარი გამოეცხადა, მეთორმეტე დღეს კი თავად სულიწმიდა ეჩვენა მტრედის სახით. ეს უდიდესი სასწაულები საპყრობილის მცველმა პეტრემაც იხილა. პეტრემ მთელი გულით ირწმუნა იესო ქრისტე, რისთვისაც ანანიას ხვედრი გაიზიარა - ორივე აღმსარებელი ერთად წარადგინეს საწამებლად.

ანანია გახურებულ ტაფაზე დააწვინეს, სხეული დაუჩეხეს და ჭრილობებში მარილი ჩაუყარეს, პეტრე კი ნაღვერდლებში ჩააგდეს. შემდგომ ორივე მოწამე გახურებულ აბანოში გამოკეტეს, მაგრამ სამი დღის შემდეგ იქიდან უვნებელი გამოვიდნენ. მომხდარმა სასწაულმა კიდევ 7 მეომარი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამწარებულმა წარმართებმა ისინი არგნებით გვემეს, შემდეგ კი ცხრავე ცეცხლში ჩაყარეს. წარმართებისაგან სასიკვდილოდ განწირულებს კვლავ სულიწმიდა წარმოუდგათ მტრედის სახით და ალს წვის უნარი დაუკარგა. ამის შემდეგ უღმერთოებმა ანანია მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ იგი კვლავ ცოცხალი გადარჩა. ბოლოს ყველა მოწამე ზღვაში დაახრჩვეს. მოწამებრივ სიკვდილამდე ხუცესმა ანანიამ მოასწრო ახალმოქცეული მეომრების მონათვლა. ნაპირზე გამორიყული წმინდანთა ცხედრები ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს მიწას.

......................................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1