მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III) - 24 (06.02) იანვარი
მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III) - 24 (06.02) იანვარი
286 წელს რომის ტახტზე ავიდა დიოკლეტიანე. ის წარმოშობით დალმაციელი იყო. მის სახელს უკავშირდება ყველაზე საშინელი დევნა, როგორიც კი ოდესმე განუცდიათ ქრისტიანებს. თავისი მმართველობის დასაწყისში იმპერატორი საერთოდ არ იყო მათ მიმართ მტრულად განწყობილი:

ქრისტიანები თამამად ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ეკავათ თანამდებობები საიმპერატორო კარზე, მსახურობდნენ ჯარსა და სენატში. ზოგიერთის ვარაუდით, დიოკლეტიანეს ცოლი და ასული დაუფარავად აღიარებდნენ ქრისტიანობას.

გაუთავებელმა შინააშლილობამ და ბარბაროსთა ხშირმა თავდასხმებმა აიძულა დიოკლეტიანე, აერჩია თანამმართველი. მან არჩევანი შეაჩერა თავის ერთ-ერთ მხედართმთავარ მაქსიმიანეზე, გაუნაწილა მას საიმპერატორო ძალაუფლება და ჩააბარა დასავლეთ იმპერიის პროვინციები.

დიოკლეტიანე უმეტესად ცხოვრობდა ნიკომიდიაში, შავი ზღვის მახლობლად. მაქსიმიანე მილანში იყო, რადგან, რომთან შედარებით, იქიდან უფრო იოლად ადევნებდა თვალს გერმანული ტომების მოძრაობას - ეს უკანასკნელნი სულ უფრო ხშირად ესხმოდნენ თავს რომის პროვინციებს. ამ დროისთვის სახელმწიფო იმდენად დასუსტდა, რომ ბარბაროსთა შემოსევებს იარაღით კი არა, ფულით იგერიებდა - ხარკს უხდიდა მათ. დიოკლეტიანემ კიდევ ორი მმართველი აირჩია, რომელთაც თუმცა კეისრის ტიტული მიენიჭათ, მაგრამ შედარებით ნაკლები ძალაუფლება ჰქონდათ - უნდა ემართათ ჩაბარებული პროვინციები.

კონსტანციუს ქლორუსი მაქსიმიანეს დაემორჩილა, გალერიუსი - დიოკლეტიანეს. ამ უკანასკნელს იმპერატორმა თავისი ასული მიათხოვა. გალერიუსმა მალევე მოიპოვა ძლიერი ზეგავლენა დიოკლეტიანეზე და ცდილობდა, განეწყო იგი მისთვის საძულველი ქრისტიანების წინააღმდეგ, ამაში მას ეხმარებოდნენ ქურუმებიც, რომლებიც არწმუნებდნენ იმპერატორს, რომ დაკარგავდა ღმერთების წყალობას, თუ კერპთმოძულე ქრისტიანებს კიდევ აიტანდა. დიოკლეტიანე ცრუმორწმუნე იყო, სჯეროდა შელოცვებისა და მისნობისა. ერთხელ, როდესაც ცხოველის შიგნეულზე მკითხაობით მომავლის გაგებას ცდილობდა, ქურუმებმა გააფრთხილეს: ქრისტიანთა სიახლოვის გამო შელოცვა ძალას კარგავსო. განრისხებულმა დიოკლეტიანემ თავის სახლეულს ქრისტიანობის დაგმობა უბრძანა, მაგრამ გალერიუსმა არასაკმარისად ჩათვალა ერთეული ზომები და დაჟინებით მოითხოვა ქრისტიანთა წინააღმდეგ საერთო, მკაცრი კანონის გამოცემა. დიოკლეტიანე დიდხანს იკავებდა თავს, რადგან გრძნობდა, ამას საშინელი სისხლისღვრა მოჰყვებოდა. ბოლოს ასეთი კანონი მაინც მიიღო იმპერატორმა.

სწორედ დიოკლეტიანეს დროს ეწამნენ ეგვიპტეში ძმები - პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი. პავლე და პავსირიუსი ახალგაზრდობიდანვე მონასტრული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. პრეფექტ ატიანას ბრძანებით ისინი შეიპყრეს და დაკითხვაზე წარადგინეს. ამ დროს თეოდოტიონი მთებში ცხოვრობდა. როდესაც ძმების დაპატიმრების შესახებ შეიტყო, თეოდოტიონი ქალაქში წავიდა დედ-მამიშვილებთან დასამშვიდობებლად. მან სასამართლოზე ვერ გაბედა ძმებთან მიახლოება, თუმცა უეცარი ფერისცვალება განიცადა.წარდგა პრეფექტის წინაშე და თავი მანაც ქრისტიანად გამოაცხადა.

თეოდოტიონი პრეფექტის ბრძანებით მაშინვე გამოასალმეს სიცოცხლეს. ძმები კი ხელ-ფეხშეკრულები მდინარეში გადაყარეს. ასე შეიმოსა მესამე საუკუნეში სამი ძმა მოწამის გვირგვინით.

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1