მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312) - 23 (05.02) იანვარი
მღვდელმოწამე კლიმი ანკვირელი ეპისკოპოსი და მოწამე აღათანგელოსი (+312) - 23 (05.02) იანვარი
მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი ქრისტიანი.

ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატიაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეობებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულა.

კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმინდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან ახოვნად დაითმინა სასტიკი სატანჯველები და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. კლიმენტის ხეზე კიდებდნენ, ბასრი დანებით სხეულს უსერავდნენ ისე, რომ ძვლებიც კი უჩანდა, არგნებითა და ქვებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ, ატრიალებდნენ და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. უფალი თავის რჩეულს იცავდა და წყლულებს უამებდა. ბოლოს, დომენტიანემ წმინდა მოწამე რომში გაგზავნა დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია.

მოწამის სიწმინდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მის საკანში თავს იყრიდნენ სულიერი დამოძღვრის თუ ნათლისღების მსურველები, ხორციელ სნეულებათაგან შეჭირვებულები საპყრობილე ტაძრად იქცა. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი.

წმინდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე მღვდელმთავრის მოწაფე აღათანგელოსი ამოვიდა - მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.

იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინეს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.

გათავისუფლებული წმინდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირში გაგზავნეს, სადაც ანკვირელმა მთავარმა კურინიუსმა აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გააგზავნა.

ამასიაში წმინდა მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელი ამოვიდნენ.

მოწამეები შემდგომი წამებისათვის ტარსუსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა, მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმინდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაათავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურგიის აღსრულების შემდეგ წმინდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.

მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმინდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 312).

კლიმენტი (კლიმი) ანკვირელი ეპისკოპოსის ტროპარ-კონდაკი

ტროპარი

ვაზად სიწმიდისად და ხევნად წამებისა, და ყუავილად მღვდელობისა, ნაყოფად ღვთისა შეწირულად ფრიად შუენიერად, მორწმუნეთა მოეცი, ყოვლადწმინდაო, არამედ, ვითარცა მოწამეთა თანა მოწამე და მღვდელმთავართა თანამოსაგრე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმინდაო კლიმენტი, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

იქმენ პატიოსან რქა ვენახისა ქრისტესა, ყოვლადქებულო კლიმენტი, მრავალ მოღუაწედ რა გამოსჩნდი და თანა მოღუაწეთა შენთა თანა ღაღადებდ: შენ ხარ, ქრისტე, მოწამეთა ბრწყინვალე მხიარულებაი.

ბეჭდვა
1კ1