ქალწულმოწამე ევფრასია (+303) - 19 (01.02) იანვარი
ქალწულმოწამე ევფრასია (+303) - 19 (01.02) იანვარი
წმინდა ქალწულმოწამე ევფრასია იმპერატორ მაქსიმიანეს ზეობის დროს ბითვინიის ოლქში, ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდა. იგი წარჩინებულთა ოჯახიდან გახლდათ, სილამაზით გამოირჩეოდა, ღვთისმოშიში იყო და ერთგულად ემსახურებოდა ქრისტეს. ქრისტიანების დევნის დროს ის კერპთთაყვანისმემლებმა შეიპყრეს კერპებისთვის მსხვერპლთშეწირვას აიძულებდნენ. მაგრამ როცა უარი განუცხადა, სასტიკად სცემეს, წმინდანი მხნედ დაითმენდა ტკივილს, შემდეგ კი ქალაქის თავმა შემდეგ კი ერთ ბარბაროსს მისცა შესაგინებლად, რომელმაც ის თავის სახლში წაიყვანა. წმინდა ქალწული მხურვალედ ევედრებოდა თავის უწმინდესს სასიძოს, იესო ქრისტეს, დაეცვა მისი უბიწოება. და აი, ბარბაროსმა ის თავის საძინებელში შეიყვანა. წმინდანმა სთხოვა, ცოტა ხნით მოეცადა და სასწაულთმოქმედი ბალახის მიცემას დაჰპირდა - თუ მას სულ თან ატარებ, ვერაფერი გავნებსო.

წმინდანი ამას ისე ამბობდა, თითქოს ჯადოქარი ყოფილიყოს.

რაზეც ბარბაროსმა უთხრა, - მაგ ბალახს მერე მომცემო.

ბრძენმა ქალწულმა კი უპასუხა:

- ეს ბალახი მხოლოდ ქალწულმა უნდა მოგლიჯოს და მან უნდა მოგცეს, თორემ სხვანაირად ძალა არ ექნებაო.

ბარბაროსი დათანხმდა, ხელს არ გახლებ, ვიდრე ბალახს არ მომცემო. წმინდანმა ბაღში რომელიღაც მცენარე მონახა, მოაგროვა და ბარბაროსს აჩვენა. მან ჰკითხა:

- როგორ შევიტყობ, რომ სიმართლეს ამბობ?

პასუხად კი წმინდა ევფრასიამ მოწყვეტილი ბალახი კისერზე დაიდო და უთხრა:

- აიღე ბასრი მახვილი, ორივე ხელით მოიქნიე და მთელი ძალით დამარტყი, მაშინ ნახავ, რომ მახვილი ვერაფერს მავნებს.

ბარბაროსმა წმინდანის ნათქვამი დაიჯერა, აიღო მახვილი, მოუქნია და წმინდა ევფრასიას პატიოსანი თავი წარკვეთა. მოტყუებული ბარბაროსი გაბრაზებული კბილებს აღრჭენდა, ხოლო წმინდა ქალწული უბიწო წარდგა თავისი ზეციური სასიძოს წინაშე.

წმინდა ქალწულმოწამე ევფრასია 303 წელს აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1