მღვდელმოწამე დამასკინე ახალი (+1771) - 16 (29 ) იანვარი
მღვდელმოწამე დამასკინე ახალი (+1771) - 16 (29 ) იანვარი
მღვდელმოწამე დამასკინე ახალი ქალაქ გაბროვოში დაიბადა, ბულგარეთში ქალაქ ტირნოვოს სიახლოვეს.

როცა მოიზარდა, დატოვა სამშობლო, ათონის მთას მიაშურა და ქილანდარის მონასტერში ბერად აღიკვეცა. შემდგომ წმინდანი ამ სავანის წინამძღვარი გახდა. შემდგომში ბულგარეთში სოფელ სვისტოვეში, ქილანდარის მონასტრის ერთ-ერთ მეტოქიონში იკონომოსად გაუშვეს. ერთხელ მან ადგილობრივ თურქებს ფული ასესხა და როცა ვალის გადახდა მოსთხოვა, მათ არათუ დაუბრუნეს, ისიც კი წაართვეს, რაც ღირს მამას თან ჰქონდა. შემდეგ კი თურქებმა ერთი თანამემამულე ქალი ფარულად შეიყვანეს მონასტერში და დამალეს, მერე კი შეიჭრნენ სავანეში, დაარბიეს მონასტერი, ხოლო წმინდა დამასკინეს სცემეს და იმ ქალის მოტაცებაში დასდეს ბრალი, რომელიც იქ მათ შეიყვანეს. მოსამართლე (ყადი) ყოყმანობდა, არ იჯერებდა ბრალდებას, მაგრამ თანამემამულეთაგან იძულებულმა სასიკვდინე განაჩენი გამოუტანა წმინდა ბერს.

როცა ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ წმინდა დამასკინეს სამჯერ შესთავაზეს, ქრისტიანობაზე უარი თქვი, და ცოცხალიც გადარჩები და ნაქურდალსაც დაგიბრუნებთო. "მე ქრისტიანად დავიბადე და მსურს ქრისტიანადვე აღვესრულო!" - უპასუხა მან. სიკვდილის წინ ლოცვა ითხოვა, ნება მისცეს, ლოცვის შემდეგ წმინდანი მშვიდად წარდგა ჯალათების წინაშე, მათ ის ჩამოახრჩეს. ეს მოხდა 1771 წლის 16 იანვარს.

უფლის სასჯელი მალე ეწიათ მტარვალებს: დუნაის გადალახვის დროს ნავი გადაუბრუნდათ და ყველანი მდინარეში ჩაიხრჩვნენ.
..........................

ხატის წყარო

ბეჭდვა
1კ1