წმინდა მოწამენი სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, ნეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი (+161-180) - 16 (29 ) იანვარი
წმინდა მოწამენი სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, ნეონილა, ნეონი, ტურვონი და იოვილი (+161-180) - 16 (29 ) იანვარი
წმინდა მოწამენი სპევსიპე, ელევსიპე, მელევსიპე, ნეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, ქრისტიანების დევნის ჟამს აწამეს გალიაში, მარკუს ავრელიუსის (161-180) ზეობის დროს, ზოგიერთი გადმოცემით კი კაპადოკიაში.

სპევსიპე, ელევსიპე და მელევსიპე ტყუპი ძმა იყო. წარმართობაში გაიზარდნენ, არაჩვეულებრივი მხედრები გახლდნენ და ველურ ცხენებს ხედნიდნენ. ერთხელ მათ სოფელში ერთ-ერთი კერპის პატივსაცემად ზეიმი გაიმართა, ძმებმა სტუმრად თავიანთი ბებია ნეოლინა მიიწვიეს. ნეონილა ქრისტიანი იყო, ის უკვე მოხუცი გახლდათ, როცა წმინდა პოლიკარპე სმირელის ერთი მოწაფის ხელით მოინათლა. მან ამ შემთხვევით ისარგებლა და შვილიშვილებს მოუყვა ყველაფერი, თუ რა გააკეთა ქრისტემ ჩვენი ცხონებისა და წარმართობის აღმოსაფხვრელად. უსმენდნენ ძმები ღვთის განკაცების საიდუმლოს და ყველამ ერთხმად უსაყვედურა ბებიას, რატომ დუმდა აქამდე ამ მნიშვნელოვან საკითხზე, და არ უჩვენებდა მათ ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას. მერე თითოეულმა თავიანთი გასაოცარი სიზმრები გაიხსენა, რომელიც მათ მოქცევას და ქრისტესთვის მოწამეობას მიანიშნებდა. მათი გულები და გონება რწმენის ნათელით განათდა. წმინდა ხუცესმა ვენიგნმა, რომელიც ნეოლინას სტუმრობდა, ყმაწვილები დამოძღვრა, მერე კი წმინდა სამების სახელით ნათელისცა და თვითონ სხვა ქალაქში წავიდა.

ყმაწვილებმა გადაწყვიტეს კერპები დაემსხვრიათ და წარმართების წინაშე ქრისტე ეღიარებინათ. საღვთო შურით აღვსებულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და უგუნურებაში ამხილეს წარმართები. განრისხებულმა წარმართებმა ჭაბუკები შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. შემდეგ მათი ბებია ნეონილაც გაიყვანეს საწამებლად და უბრძანეს, თუ სიცოცხლის შენარჩუნება უნდოდა, შვილიშვილები ქრისტეს განდგომაზე დაეყოლიებინა, ნეონილამ კი ამის ნაცვლად ჭაბუკები შეაქო გაბედულებისათვის და სატანჯველების მხნედ დათმენისკენ მოუწოდა. მაშინ წმინდა ძმები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპე, ელევსიპე და მელევსიპე თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: "ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ". ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ ნეონილასაც თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური დედაკაცი იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და ცხადად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმით ჩამოკიდეს წმინდანი, დიდხანს უწყლავდნენ სხეულს, ბოლოს როდესაც ქრისტესგან ვერ განაყენეს, ამ წმინდანსაც მახვილით თავი მოჰკვეთეს.

წმინდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურბონს გადასცა, ხოლო თვითონ კი განცხადებულად აღიარა ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურბონმაც მოწამებრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმინდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული. მათი წმინდა ნაწილები იმპერატორმა ზენონმა საფრანგეთს გადასცა და ისინი ლანრშია დასვენებული.

ბეჭდვა
1კ1