ხსენება წმინდა მოწამე ფილოთეოსისა - 12 (25) იანვარი
ხსენება წმინდა მოწამე ფილოთეოსისა - 12 (25) იანვარი
იოანე ზოსიმეს კალენდარში 12 იანვარს არს ხსენება ფილოთეოს მოწამისაჲ და მოყვასთა მისთაჲ.

წმინდა ფილოთეოსი მდიდარი წარმართების მხოლოდშობილი ძე იყო და დიოკლეტიანეს მმართველობის ჟამს ანტიოქიაში ცხოვრობდა. ათი წლის ყრმამ, წმინდა თეოფილემ, როცა იხილა, რომ მისი მშობლები უგუნურ ცხოველს როგორც ღმერთს, ისე სცემდნენ თაყვანს, გადაწყვიტა ყოველთა შემოქმედის, ერთადერთი და ჭეშმარიტი ღმერთის მოსაძებნად წასულიყო. ერთხელ შუაღამისას, როცა ის გულმხურვალედ ლოცულობდა, მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ხილვით უჩვენა მაღალ ტახტზე დაბრძანებული უფალი ჩვენი იესო ქრისტე და უთხრა, რომ ამიერიდან უფალი მუდამ მის გვერდით იქნებოდა, რათა სასწაულები მოეხდინა და წარმართები მოექცია. მაშინ ყრმამ მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო: საზრდელს კვირაში ერთხელ იღებდა, დარჩენილ საკვებს გლახაკებს ურიგებდა და განუწყვეტლივ ლოცულობდა ახლობელთა მოქცევისათვის. ერთხელ მშობლებმა მოისურვეს წმინდა ფილოთეოსს თაყვანი ეცა მათი "ღმერთისთვის" - ხარისთვის, მაგრამ პირუტყვი გადაირია, ეცა მათ და გადათელა. წმინდა ფილოთეოსის ლოცვით ღმერთმა მისი მშობლები სამი დღის შემდეგ აღადგინა. მათ ამ სასწაულის შემდეგ შვილთან ერთად მონათვლის სურვილი გამოთქვეს. ხედავდნენ რა წმინდა ყრმის მიერ მოხდენილ სასწაულებს, წარმართებმა ის იმპერატორ დიოკლეტიანესთან დააბეზღეს. მან სამ მხედარს ფილოთეოსის შეპყრობა და მიყვანა უბრძანა. როცა მასთან მივიდნენ, იხილეს სულიწმიდა, რომელიც ყრმა ფილოთეოსზე სუფევდა, ჯარისკაცები პირქვე დაეცნენ და თაყვანი სცეს.

წარმართებმა გადაწყვიტეს წმინდა ფილოთეოსი აპოლონის კერპთან მიეყვანათ თაყვანსაცემად. მაშინ კი წმინდანის ლოცვით ზეციური ცეცხლი დაეცა კერპებს და გაანადგურა. ამ სასწაულის ხილვით სამმა მეომარმა აღიარა ქრისტე, რისთვისაც მათ თავები წარკვეთეს. სასწაულმა კიდევ ცხრა ათასი წარმართი მოაქცია ქრისტესკენ. წმინდა ფილოთეოსი ათასგვარი სატანჯველით ტანჯეს, მაგრამ ის საპყრობილეში ანგელოზმა განკურნა. როცა სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, ჯალათები თავიდან ვერ მიუახლოვდნენ მას, რადგან იმდენად ძლიერ უბრწყინავდა სახე საღმრთო დიდებულებით. როცა წმინდანმა ბოლო ლოცვა წაიკითხა, ჯალათებმა მისი ნორჩი სხეული მახვილებით განგმირეს, ხოლო სული მისი ანგელოზებმა მიირქვეს და ზეცაში აღამაღლეს. წმინდა ფილოთეოსის სხეული დასაწვავად ცეცხლში ჩააგდეს, რათა ქრისტიანებს მისთვის თაყვანი არ ეცათ, მაგრამ უფლის ანგე-ლოზმა დაიცვა და არაფერი ევნო.
შენი წმინდანების ლოცვით, უფალო იესო ქრისტე შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილები. ამინ.
.................

ხატის წყარო



ბეჭდვა
1კ1