წმინდა მოწამე ტატიანა, რომში წამებული (+226-235) - 12 (25) იანვარი
წმინდა მოწამე ტატიანა, რომში წამებული (+226-235) - 12 (25) იანვარი
მოწამე ტატიანა დიდგვაროვან რომაელთა ოჯახში იშვა. მამამისი სამგზის იყო არჩეული კონსულად. იგი ფარული ქრისტიანი გახლდათ, ასულიც ღვთისმოშიშებით და სიყვარულით აღზარდა და ბრწყინვალედ შეასწავლა წმინდა წერილი.

ოდეს სრულწლოვანებას მიაღწია, ნეტარმა გადაწყვიტა, ქალწულობა დაემარხა და დღემუდამ მხურვალე ლოცვითა და მარხვით იგვემდა სხეულს.
ამგვარი ღვაწლის პატივად იგი ღირსი შეიქნა, დიაკონისად წოდებულიყო და უხორცო ანგელოზთა დარად უფლისთვის ემსახურა. იგი რომის ერთ-ერთ ტაძარში ემსახურებოდა ღმერთს მარხვითა და ლოცვით, უვლიდა სნეულებს და გაჭირვებულებს შეეწეოდა.

მისი წამება ამგვარ ვითარებაში მოხდა:

როდესაც რომში მოკლეს უწმინდური მეფე ანტონიოს ჰელიოგაბალუსი, მაშინ ტახტზე, მისი ნაშვილები ბიძაშვილი, თექვსმეტი წლის ალექსანდრე სევერუსი (222-235 წწ.) გამეფდა. თავად სევერუსის დედა, მამეა, ქრისტიანი გახლდათ, რომელმაც შვილს ქრისტეს თაყვანისცემა ასწავლა, თუმცა, იგი სხვა რომაულ "ღმერთებსაც" მიაგებდა პატივს. მის სასახლეში იდგა, როგორც ქრისტეს, ისევე აპოლონის, ძველაღთქმისეული აბრაამის და ასევე წარმართული ორფეოსის და სხვათა ქანდაკებები. თვითონ როგორც ქრისტიანის შვილი, ალექსანდრე ქრისტიანებს არაფერს ერჩოდა, მართალია, ალექსანდრე ქრისტიანთ არ სდევნიდა, მაგრამ მისი რწმუნებულები და კონსულები ამას მშვენივრად ახერხებდნენ.

მისი ნაცვლები, ოლქების მმართველები და კონსულები სდევნიდნენ ქრისტიანებს. რადგანაც ალექსანდრე ძალზე ახალგაზრდა იყო, ქვეყნის მმართველობა მინდობილი ჰქონდა საბჭოს ზოგიერთ წევრს, მათ შორის ყველაზე ვერაგს, სასტიკსა და ქრისტიანთა დიდად მოძულე მდევნელ ულეპიანეს.

ეს მრჩეველნი ახალგაზრდა ხელმწიფის სახელით განაგებდნენ ყოველივეს და ხელქვეითთ უბრძანებდნენ, გალილეველებს (ასე უწოდებდნენ ქრისტიანთ) კერპთათვის იძულებით ეცათ თაყვანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - უმოწყალოდ ეწამებინათ.

სწორედ ამ დროს შეიპყრეს დიაკონისა ტატიანაც, აპოლონის ტაძარში მიიყვანეს და კერპისთვის მსხვერპლის შეწირვას აიძულებდნენ. ქალწულმა ილოცა და უეცრად, აპოლონის კერპი დაიმსხვრა, ტაძრის ნაწილი ჩამოიქცა და ქურუმები და წარმართნი ქვეშ მოიყოლა, შემდეგ კი საშინელი გოდების ხმა გაისმა და კერპში ჩაბუდებულმა დემონმა იქაურობა ისე დაუტევა, ყველამ იხილა, თუ როგორ გადაევლო არემარეს მისი ბნელი აჩრდილი.
გამხეცებულმა უსჯულოებმა სასტიკად გვემეს წმინდანი - თვალები დასთხარეს, სახეში კი რკინის მათრახი სცეს. მაგრამ იგი მხნედ დაითმენდა ყოველივეს.

იმდენი გვემეს, თავად ჯალათნიც გასავათდნენ და უფრო დაიტანჯნენ, ვიდრე - მოწამე, რადგან ღვთის ანგელოზნი უხილავად იცავდნენ, მის მტანჯველთ კი - გვემდნენ.

ბოლოს, ისე დაიღალნენ და შეშინდნენ, უსჯულო მსაჯულს ევედრნენ: - ჩვენ უფრო ვიგვემებით, ვიდრე ეს უბრალო ასული და გთხოვთ, მის ტანჯვას ნუღარ გვაიძულებო. ქალწული კი მოთმინებით იტანდა ტკივილს და უფალს შესთხოვდა, ჯალათთათვის თვალები აეხილა.

ყოვლადსახიერმა ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ჯალათებმა ცხადად იხილეს, თუ როგორ შემოერტყა ქალწულს მცველებად ოთხი ანგელოზი.
ამ სასწაულის მხილველმა უსჯულოებმა ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნეს, ფეხებში ჩაუვარდნენ ტატიანას და პატიება სთხოვეს:

- შეგვინდე, ჭეშმარიტი ღმერთის მსახურო, შეგვინდე, რადგან ჩვენი ნებით არ გტანჯავდით!

რვავე ჯალათყოფილმა საკუთარი სისხლით მიიღეს ნათლისღება, რამეთუ ისინი ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს და სიკვდილით დასაჯეს - თავები წარკვეთეს.

მეორე დღეს უსჯულო მსაჯული სამსჯავროზე დაჯდა და საწამებლად წმინდა ტატიანას კვლავ მიყვანა ბრძანა. ჯალათის წინაშე წმინდანი სრულიად ჯანმრთელი წარდგა, მშვიდი და მხიარული სახით. მსაჯული წმინდა ქალწულს არწმუნებდა კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ამაო იყო მისი მცდელობა. მაშინ მისი ბრძანებით უღმერთო ჯალათებმა წმინდა ტატიანას ტანჯვა განაგრძეს: - გააშიშვლეს, სასტიკად გვემეს და ქალწულებრივი თოვლივით თეთრი სხეული სამართებლებით დაუსერეს. მაშინ კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა: - ქრისტეს ტარიგის ჭრილობათაგან რძემ გადმოხეთქა და ირგვლივ გასაოცარი კეთილსურნელება დაიფრქვა. ამ სატანჯველის ჟამს წმინდანმა თვალები ზეცისკენ აღაპყრო. შემდეგ, ის მიწაზე ჯვრის სახით გაჭიმეს და დიდხანს ჯოხებით სცემდნენ. ჯალათები იღლებოდნენ და ერთმანეთს ხშირად სცვლიდნენ. რამეთუ როგორც ადრე, ახლაც უფლის ანგელოზები უხილავად იდგნენ წმინდანის გვერდით და მათ, ვინც წმინდა ტატიანას გვემდა - სხეულს უსერავდნენ.

ჯალათებს ძალა გამოეცალათ და განაცხადეს, - ვიღაც უხილავი რკინის ჯოხით გვცემსო. ამ ჭრილობათაგან ცხრა მათგანი იქვე მიიცვალა, დანარჩენები ცოცხალ-მკვდარნი მიწაზე დაემხნენ. წმინდანი კი ამხელდა მსაჯულსა და მის მსახურებს, ეუბნებოდა, თქვენი ღმერთები უსჯულო კერპები არიანო. რადგანაც მოსაღამოვდა, წმინდა ქალწული კვლავ საპყრობილეში შთააგდეს, სადაც მთელი ღამე ლოცვად იდგა და ზეციური ნათლით გაბრწყინებული თვით ანგელოზებთან ერთად ადიდებდა უფალს.

დილით ტატიანა კვლავ სამსჯავროზე გაიყვანეს. მისი მტანჯველნი გაოგნდნენ, როდესაც სასტიკად ნაგვემი ქრისტიანის ნაცვლად წმინდა ქალწული სრულიად ჯანმრთელი და ადრინდელზე უფრო მშვენიერი იხილეს.

თავიდან დაყვავებით შეეცადნენ მის დაყოლიებას, ქალლღმერთ დიანასთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდა ტატიანამ მათ თავი მოაჩვენა, თითქოს დასთანხმდა და გახარებულმა ჯალათებმა იგი საკერპოში მიიყვანეს. როცა კერპს მიუახლოვდა. მასში დაბუდებულმა დემონმა წმინდა ქალწულის მოახლოება იგრძნო და ხმამაღლა აყვირდა:

- ვაიმე, ვაიმე! სად გავექცე შენს სულს ზენაარო, რამეთუ ვილტვი ამ ტაძრის ყოველ კუთხეში ანთებული ცეცხლისაგან?

წარმართულ ტაძარს რომ მიუახლოვდა, ნეტარმა ჯვარი გამოისახა, თვალნი ზეცად აღაპყრო, როცა საკერპოში მიიყვანეს, წმინდანმა პირჯვარი გადაისახა.
უეცრად იქაურობა საშინელმა გრუხუნმა გააყრუა და კერპი, წინაგამზადებული ძღვენი და ქურუმები ზეციურმა ცეცხლმა დაანახშირა.
თუმცა, ვერც ამ სასწაულმა მოიყვანა გონს უღმერთოები - ტატიანა კვლავ საშინლად აწამეს, რკინის კავებით სხეულს უგლეჯდნენ, ბოლოს ამ კავებით მკერდი წარკვეთეს და საკანში დააბრუნეს, სადაც კვლავ უფლის ანგელოზნი გამოეცხადნენ და სრულიად განამრთელეს.

მეორე დილით მოწამე ცირკში მიიყვანეს და დასაგლეჯად მასზე დამშეული ლომი მიუშვეს, თუმცა, მძვინვარე მხეცმა წმინდანს არაფერი ავნო, მიუახლოვდა და ფეხი მორჩილად აულოკა. როცა უკან გალიაში თეატრონიდან ლომის გაყვანა დააპირეს, მხეცი ერთ-ერთ დიდებულს, ევმენიას ეცა და გაგლიჯა. წმინდა ტატიანა კვლავ ჩამოკიდეს და სხეულს უსერავდნენ, მაგრამ უფლის ანგელოზებმა კვლავ ჰგვემეს მისი ჯალათები და მათაც სული განუტევეს. მაშინ წმინდანი აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლის ალმა ვერაფერი ავნო ქრისტეს მხევალს. უბედურებმა ეს საკვირველება, არა ქრისტეს ძალას, არამედ ჯადოქრობას მიაწერეს და გადაწყვიტეს, ნეტარი დედისთვის თმის შეჭრით "მაგიური ძალა" გამოეცალათ. წმინდანს თმა მოკვეცეს და ზევსის ტაძარში გამოკეტეს. ორი დღე გაატარა იქ წმინდანმა, წარმართული ტაძარი ზეციური ნათლით იყო გაბრწყინებული და უფლის ანგელოზები ამხნევებდნენ და ანუგეშებდნენ მას.

მესამე დღეს წარმართთა ბრბოთი გარშემორტყმული ქურუმნი მსხვერპლის შესაწირად მივიდნენ და ოდეს კარი გააღეს, კერპი დამსხვრეული დახვდათ, წმინდანი კი გახარებული ღმერთს ადიდებდა. მაშინ ის ისევ სამსჯავროში მიიყვანეს. მსაჯულმა აღარ იცოდა რითი ეწამებინა და სიკვდილის განაჩენი გამოუტანა წმინდა ტატიანას. 226 წელს წმინდა ტატიანას თავი წარკვეთეს. წმინდა ქალწულმოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს მის კეთილმსახურ მამასაც. რადგან შეიტყვეს, რომ ისიც ქრისტიანი იყო, მანამდე მას წოდება და ქონება ჩამოართვეს. მამაც და შვილიც მოწამის გვირგვინით შეიმკნენ ქრისტესგან, რომელსაც შვენის დიდება, უკუნისამდე, ამინ.

კონდაკი, ხმა VIII

გამობრწყინდი ვნებათა შინა შენთა, ღვაწლით შემოსილო, და სისხლითა მიერ შენთა განშუენებული, ვითარცა ტრედი შვენიერი, ცად მიმართ აღფრინდი, ტატიანა, ევედრე ღმერთსა პატივისმცემელთა შენთათვის.

ბეჭდვა
1კ1