მღვდელმოწამე ანატოლი, მიტროპოლიტი ოდესისა - 10 (23) იანვარი
მღვდელმოწამე ანატოლი, მიტროპოლიტი ოდესისა - 10 (23) იანვარი
წმინდა ანატოლი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიბადა, სემინარიის დასრულების შემდგომ კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაირიცხა, სტუდენტობისასვე შემონაზვნდა და სამღვდელო კურთხევაც მიიღო.

ხუთ წელიწადში სასწავლებელი წარჩინებით დაასრულა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით.

ნეტარი მამა განსაკუთრებული ერუდიციით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული სიყვარულით სირიულ მონაზვნობას შეისწავლიდა.

1911 წელს ხელი არქიმანდრიტად დაასხეს და მოსკოვის სასულიერო აკადემიის ინსპექტორად გაამწესეს.

გარკვეული ხნის შემდეგ სამღვდელმთავრო პატივით შეიმოსა და ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორი გახდა.

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მეუფე ანატოლიმ დიდი ძალისხმევით გადაავადა ხსენებული აკადემიის დახურვა, - კერძო ინსტიტუტედ გადააკეთა, რისთვისაც 1921 წელს წითელმა ხელისუფლებამ დააპატიმრა.

გათავისუფლების შემდგომ ნეტარ მამას სამარის კათედრა ჩააბარეს, მაგრამ 1923 წელს, ცრუ დასმენის საფუძველზე, თავი კვლავ საპყრობილეს უკრეს.

Mმორიგი ტყვეობის შემდგომ მთავარეპისკოპოსის ხარისხით შემოსეს, მალევე, ანტისაბჭოთა პროპაგანდის ბრალდებით, მესამედ დაატყვევეს და თურქმენეთს გადაასახლეს.

წმინდა ანატოლის სამეცნიერო მოღვაწეობა არც გადასახლებაში შეუწყვეტია. 1927 წელს კი, მძიმე ავადმყოფობისა და ოპერაციის შემდგომ, მოსკოვს ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით დააბრუნეს.

1928 წელს რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი ოდესის ეპისკოპოსად აირჩია. მისმა დიდმა ავტორიტეტმა და ამ ხარისხმა მრავალი კეთილი საქმე აღასრულებინა.
1936 წელს ხელისუფლებას მეუფე ანატოლი ისევ ეზედმეტა და კიევის ციხეში გამოკეტა, სადაც მრავალი ტანჯვა და დამცირება იწვნია.

ისეც ჯანშერყეულს მალე ძველმა სნებამ გაუხსენა და სიარულის უნარი წაერთვა, თუმცა, ბოლშევიკებისთვის ამას ხელი არ შეუშლია, კვლავ მოსკოვს გადმოეყვანათ და კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის ხუთწლიანი კატორღა ეწილხვედრათ.

წმინდა მამა ჩრდილო რუსეთში, უხტო - პეჩორსკში იმ დროს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა, მალე მხედველობა დაკარგა და 1938 წლის 23 (ძველი სტილით - 10) იანვარს, მრავალი ტანჯვის შემდგომ მიიცვალა.

ხატის წყარო

* * *

ამავე დღეს არის ხსენება მღვდელმოწამე ზინობი სუტრომინისა, პრესვიტერისა (1920 წელი), მღვდელმოწამე პეტრე უსპენსკისა (1930 წელი), ღირსმოწამე არსენია დობრონრავოვასი, იღუმენიასი (1939 წელი)

ბეჭდვა
1კ1