წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი (+259 წელი) - 09 ( 22) იანვარი
წმიდა მოწამე პოლიევქტო მხედარი (+259 წელი) - 09 ( 22) იანვარი
ნეტარი პოლიევქტო და ნეარქი იმპერატორ დეციუსის (249-251) ლაშქარში მსახურობდნენ, ქრისტესთვის კი ვალერიანის (253-259 წლები) ზეობისას ეწამნენ.

წარმომავლობით ორივე ბერძენი იყო, მეთორმეტე რომაული ლეგიონის ოფიცერი და ერთურთთან ღრმა და წრფელი მეგობრობა აკავშირებდათ.
მალე ნეარქი გაქრისტიანდა, პოლიევქტო კი კვლავ კერპებს მსახურებდა, თუმცა, მრავალ კეთილ საქმეს აღასრულებდა.

იმპერატორის ბრძანების თანახმად, ყოველ მეომარს კერპთათვის თაყვანისცემა ევალებოდა, რამაც ნეარქი დიდად დაასევდიანა და მეგობარს ფრიად გულდაწყვეტილმა აუწყა:

- ძმაო, ჩვენ მალე გავიყრებით, რადგან მე ქრისტესთვის საწამებლად წამიყვანენ, შენ კი, გთხოვ, უარი თქვა ჩემს მოყვრობაზე!

პოლიევქტომ კი, ჯერაც წარმართმა, მაგრამ მეგობრისაგან დამოძღვრილმა, სიხარულით აუწყა:

- ერთურთს ვერაფერი დაგვაშორებს, რადგან წუხელ ქრისტე ვიხილე, რომელსაც შენ ასე სასოებ, მეომრის აბჯრისაგან გამათავისუფლა, მზეებრ ბრწყინვალე სამოსით შემმოსა და ფრთოსანი ცხენი მიბოძაო!

პოლიევქტომ გულსხმაჰყო, რომ მალე ამქვეყნიდან განსვლა და მოწამეთა თანაყოფა ელოდა, - ის ხომ ცხოვრების წესით და შინაგანი მდგომარეობით ქრისტიანი იყო, მხოლოდ ნათლობის წმინდა ბეჭედს უნდა დაებეჭდა მისი მრწამსი.

მაშინ ორივე მეგობარმა გადაწყვიტა, მარადიული ნეტარებისთვის ყოველივე ამქვეყნიური უარეყოთ.

ნეარქმა მეგობარს განუმარტა, რომ მოწამენი საკუთარი სისხლით ინათლებიან, რამეთუ მოწამის სულში თავად უფალი სუფევს.

- ამიერიდან ოდენ ზეციურს მიევლტვი, ჩემი სულიერი თვალნი მხოლოდ უფალს და მის ნათელსა ჭვრეტს, მოდი, ერთად მივიღოთ მოწამეთა გვირგვინი! - აღმოთქვა პოლიევქტომ, იმპერატორის ბრძანება საჯაროდ ჩამოხია, შემდეგ წარმართთა ბრბო გაარღვია, კერპმსახურთ ხელთაან კერპნი გამოგლიჯა და დაამსხვრია.

ნეტარი მყის შეიპყრეს და სამსჯავროს გადასცეს, ჯალათნი მისი წამებით დაიღალნენ, მაგრამ პოლიევქტო ვერაფრით გატეხეს.

მაშინ მისმა სიმამრმა, ფელიქსმა, იმ მხარის მმართველმა შეახსენა, რომ მეუღლე და შვილები ჰყავდა, ცრემლით ევედრა მეუღლე, პავლინაც ევედრა და უსაყვედურა:

- რამ გაიძულა, ჩვენი ღმერთები ასე უმოწყალოდ დაგემსხვრია?

- თუ მე ერთმა შევძელი თორმეტივე კერპის დანაცრება, ამქვეყნად მათ ვეღარა ჰპოვებ, ამიტომ, ისღა დაგრჩენია, მე მომბაძო და ჭერმარიტი ღმერთი მიიღო, წარმავალ ცხოვრებას კი წარუვალი ანაცვალოო!

სამსჯავროზე იმგვარი სიხარულით მიდიოდა, გეგონებოდათ, მძიმე ტვირთისგან უნდა გათავისუფლდესო და როდესაც ხალხში უსაყვარლესი მეგობარი, ნეარქი შენიშნა, მიესალმა, ერთურთისთვის მიცემული პირობა შეახსენა და ჯალათს სიხარულით მოუდრიკა პატიოსანი თავი.

წმინდა პოლიევქტომ საკუთარი სისხლით ნათელიღო (+259 წელს).

მალე, როცა მოციქულთასწორ კონსტანტინეს ხელმწიფობისას ქრისტიანობა იმპერიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ქალაქ მელიტინში წმიდა მოწამე პოლიევქტოს სახელობის ტაძარი აღმართეს. ამ ტაძარში მრავალი სასწაული აღესრულებოდა. უშვილობით გატანჯული ექვთიმე დიდის (ხსენება 20 იანვარს) მშობლებიც აქ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას და წმიდანის მეოხებით შეუსრულდათ კიდეც სათხოვარი.

წმიდანის ხსოვნის ღრმა თაყვანისმცემელი იყო მღვდელმთავარი აკაკი მელიტინელიც, – III მსოფლიო კრების მონაწილე და მართლმადიდებლობის დიდი მოღვაწე. წმიდა პოლიევქტო დადებულ აღთქმათა და ხელშეკრულებათა მფარველად ითვლება.

კონდაკი, ხმა 4.


მოიდრიკა რა თავი მაცხოვარმან იორდანესა შინა, შეიმუსრნეს თავნი ვეშაპთანი, ხოლო თავისა წარკუეთამან ღუაწლით შემოსილისა პოლიევქტესისმან არცხუინა მზაკუარსა.

ბეჭდვა
1კ1