წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი (+313 წელი) - 08 (21) იანვარი
წმიდა მოწამენი: ივლიანე, კელსი, ანტონი, ანასტასი, ვასილისა და მარიონილა, 7 ყრმა და 20 მხედარი (+313 წელი) - 08 (21) იანვარი
წმიდა მოწამე ივლიანე ეგვიპტის ქალაქ ანტინოეში, შეძლებულ ოჯახში დაიბადა.

სიყრმიდანვე შეიყვარა ქალწულება და სურდა, ცხოვრების ბოლომდე დაემარხა, ამასთან, სიღრმისეულად შეისწავლა ელინთა სიბრძნე, ფილოსოფია და წმინდა მამათა დანატოვარი.

17 წელი რომ შეუსრულდა, მშობლებმა ივლიანეს დაქორწინება გადაწყვიტეს. ყმაწვილი ყოველნაირად ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ როდესაც ნათესავებმა რჩევებით თავი მოაბეზრეს, მშობლებს დასაფიქრებლად ერთი კვირა გამოსთხოვა, განმარტოვდა, უმკაცრეს მარხვას მიეცა და უფალს ცრემლით ევედრა, ქალწულება შეენარჩუნებინა.

მეშვიდე დღეს ძალაგამოცლილს ჩაეძინა, უფალი გამოეცხადა და ამგვარად ანუგეშა:

- ნუ გეშინინ მშობელთა სურვილის აღსრულება, რამეთუ იმგვარ მეუღლეს შეერთვები, შენს აღთქმას ხელს არ შეუშლის, პირიქით, შენს გამო თავადაც ქალწულებას დაიმარხავს, ორივე ცხონდებით და თქვენი მაგალითი მრავალს გადაარჩენსო! შემდეგ ივლიანეს შეეხო და უბრძანა:

- განძლიერდი და გული განიმტკიცე!

ამ საღვთო ჩვენებით განძლიერებულმა და უზომოდ გახარებულმა ივლიანემ მადლობა შესწირა უფალს, თავისი სამყოფელი დატოვა და მშობლებს განუცხადა, რომ მზად იყო, დაქორწინებულიყო.

გახარებულმა მშობლებმა მაშინვე იწყეს ვაჟიშვილისთვის შესაფერისი სასძლოს ძიება და მალე იპოვეს კიდეც მშვენიერი და მდიდარი ქალწული, სახელად ვასილისა, რომელზეც ივლიანე მალე დაქორწინდა.

როდესაც დიდებული ქორწილის შემდეგ ახალგაზრდები განმარტოვდნენ, ვასილისამ საოცარი კეთილსურნელება იგრძნო, თითქოს ირგვლივ ათასი სურნელოვანი ყვავილი ამოსულიყო და ივლიანეს დაეკითხა:

- ეს რას ნიშნავს, ჩემო ბატონო? ახლა ზამთარია, მე კი ყვავილთა სურნელს ვგრძნობ...

- ეს სურნელი ჩვეულებრივი როდია, არამედ ღვთაებრივია, - მიუგო ივლიანემ, - ქრისტესმიერი, რომელიც მის მოყვარულთ და ქალწულების დამმარხველთ მარადიულ სიცოცხლეს აძლევს. თუ გსურს, მის მცნებებს უერთგულო, ჩემთან ერთად დაიმარხე სიწმინდე, რომ უფლის ჭურჭლად ვიქცეთ და ერთურთს არასოდეს განვეშოროთ!

- რა უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე სულის ხსნა და მარადიული სიცოცხლე?! ვიღებ შენს სიტყვას და მსურს, ჩემი უფლის გულისთვის სიწმინდე შენთან ერთად დავიმარხოო! - უპასუხა ვასილისამ.

ამის გამგონე ივლიანე დაემხო და უფალს მადლობა შესწირა.

მათი ფარული შეთანხმების შესახებ არავინ უწყოდა, სანამ თავად უფალმა არ ისურვა ამ ამბის გამჟღავნება.

მათი ქორწინებიდან მცირე ხანში ივლიანეს მშობლები მიიცვალნენ, ახალგაზრდებს დიდი მემკვიდრეობა ერგოთ და მათაც შეძლეს, სხვათა სულებზეც ეზრუნათ, ორი, - დედათა და მამათა მონასტერი აღაშენეს, შემონაზვნდნენ და ამ სავანეთა წინამძღოლნი შეიქმნენ.

მამათა სავანე ათ ათასამდე მონაზონს ითვლიდა, წმინდა დედის მონასტერი კი - ათასამდე დედას და ორივეგან, ვითარცა სამოთხის ორ ბაღში, ანგელოსებრივი სიწმინდე სუფევდა.

წმინდა ივლიანე და ვასილისა უფალს მხურვალედ ევედრებოდნენ, ყოველი ქრისტიანი და მონასტერთა მკვიდრნი რწმენაში განემტკიცებინა.
ღმერთმა ისმინა მათი და ვასილისას ღამეულ ჩვენებაში ამცნო, რომ მალე ამქვეყნიდან გავიდოდა, მაგრამ მანამ წუთისოფელს სავანის ყველა დატოვებდნენ, რომ იღუმენიას გარდაცვალების შემდგომ არავინ დაცემულიყო, მისი სულიერი ძმა, ივლიანე, ვასილისას შემდგომ მოწამებრივად აღესრულებოდა და ყოველივე ასეც აღსრულდა: - კიდევ წელიწადნახევარი იცოცხლა წმინდა დედამ, ამ ხნის მანძილზე სავანის ყოველი მკვიდრმა დაუტევა წუთისოფელი, სიზმარეულ ჩვენებაში ყოველი მათგანი გამოეცხადა და აუწყა, რომ ელოდნენ და მისთვის ადგილი განმზადებული იყო.

ვასილისამ ყოველივე ივლიანეს აუწყა, რამდენიმე დღეში, გულმხურვალე ლოცვისას კი მიიცვალა.

ივლიანემ მისი სხეული გააპატიოსნა და მიწას მიაბარა.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

მალე იმ მხარეში მარკიანე გამოჩნდა მეუღლით და ვაჟიშვილითურთ და ქრისტიანებს დაუნდობლად უწყო დევნა. როდესაც ივლიანეს წარმომავლობის შესახებ შეიტყო და ეუწყა, რომ თავად ქრისტიანმა მრავალი გააქრისტიანა, შუამავალნი მიუგზავნა და იმპერატორის სახელით მოსთხოვა, კერპთათვის თაყვანი ეცა.

იმ დროს ივლიანესთან ახლო მახლო მდებარე მონასტრებსა და ტაძრებში მოღვაწე ეპისკოპოსნი, მღვდელნი, დიაკონნი და მრავალი სასულიერო პირი შეიკრიბა, რომელთაც ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილის მიღება სურდათ.

როდესაც იმპერატორის შიკრიკებმა წარმართულ კერპთათვის პატივის მიგება უბრძანეს, ნეტარმა მამებმა უპასუხეს:

- ჩვენი მეუფე - ზეცადაა, იესო ქრისტე და ოდენ მას ეგების თაყვანისცემაო!

როდესაც შუამავლებმა ყოველივე მმართველს აუწყეს, განრისხებულმა ივლიანეს ძალით მოყვანა და მონასტრის გადაწვა ბრძანა.

ნეტარი მამა მმართველს წარუდგინეს, მონასტერში მყოფნი კი, 10 000 მონაზონი და დანარჩენი სასულიერო პირნი ერთად ამობუგეს.

როგორც ამბობენ, მონასტრის ცეცხლად ნაქცევი ნაადგილარიდან კარგა ხნის განმავლობაში ისმოდა გალობა და ვინც ამ ხმას ყურს მოკრავდა, მყის იკურნებოდა.

ივლიანე მმართველს გამთენიისას წარუდგინეს. დიდხანს ცდილობდა მტარვალი მის სიტყვით, დაყვავებით, ათასგვარი დაპირებით თუ მუქარით დაყოლიებას, მაგრამ ოდეს იხილა, ვერას გააწყობდა, მისი ულმობლად გვემა ბრძანა.

ამ დროს ერთ - ერთ ჯალათს გამეტებით მოქნეული წკეპლა გაუვარდა და მმართველის ნათესავს თვალი დაუზიანა, რამაც უარესად გაამხეცა მარკიანე.
მაშინ ნეტარმა მმართველს უთხრა:

- მარკიანე, შენს ქურუმთ უხმე, დაე, ყველამ ილოცოს, რომ შენს ნათესავს თვალი გაუმრთელდეს და თუ ამას ვერ შეძლებენ, ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით არა მხოლოდ ხორციელ, სულიერ თვალსაც აღვუხელო!

მმართველი დასთანხმდა, ქურუმთ უხმო და უბრძანა, უახლოეს ტაძარში კერპთათვის მსხვერპლი შეეწირათ და ნათესავის განმრთელება გამოეთხოვათ, მაგრამ უამრავი მსხვერპლის შეწირვის შემდგომ "ღმერთთაგან" ასეთი პასუხი მიიღეს:

- დაგვტოვეთ, რამეთუ მარადიულ წყვდიადსა და ცეცხლში ვართ დანთქმულნი, ან როგორ ძალგვიძს სხვისთვის თვალისჩინის დაბრუნება, როცა თავად ვერაფერს ვხედავთ? ხოლო იმდენად ძლიერი და ცეცხლოვანია ივლიანეს ლოცვა, რაც მისი წამება იწყეთ, ჩვენი ტანჯვაც გაასმაგდაო!

ამის თქმა იყო და ტაძარში ყველა კერპი ნაცრად იქცა, გამხეცებულმა მარკიანემ კი უვლიანეს უღრიალა:

- ჯადოქარო, შენი მჩხიბაობით იმდენი ჰქმენ, ჩვენი ღმერთებიც კი ნაცრად აქციე, მაგრამ ახლა ვნახავთ, როგორ აღასრულებ დანაპირებს და სნეულს თვალს როგორ გაუმრთელებო!

შემდეგ, თითქოს მისი "ჯადოსნური" ძალის განსაქარვებლად, სხეულზე არაწმინდება შეასხა, რომლის სიმყრალეც მაშინვე საკვირველ კეთილსურნელებად იქცა, რამაც იქ მყოფნი ძალზე გააოცა.

ივლიანე სნეულს მიუახლოვდა, დაზიანებულ თვალზე ჯვარი გამოსახა და მცირე ხნის წინ ბრმადქმნილს თვალისჩინი სრულად დაუბრუნდა.

ამის შემხედვარე მარკიანე ივლიანეს ძალას კვლავ ჯადოქრობას მიაწერდა, განმრთელებულმა კი ხელნი ზეცად აღაპყრო და მთელი ხმით აღმოთქვა:

- დიდია ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტიანთა და ოდენ მას უნდა ვესავდეთო!

მაშინ მარკიანემ ახლადმოქცეულს თავი წარკვეთა.

უსჯულო მარკიანემ კი ნეტარი მამის წამება და ქუჩა - ქუჩა ტარება ბრძანა, რომ ხალხს აბუჩად აეგდო.

გაგრძელება იხილეთ შემდეგ გვერდზე

როდესაც ჯალათებმა წმინდა მამა იმ შენობის სიახლოვეს ჩაატარეს, სადაც მარკიანეს ერთადერთი ვაჟი, კელსი სწავლობდა, ჭაბუკმა ამ პროცესიას თვალი მოჰკრა და ამხანაგთ გაკვირვებულმა უთხრა:

- მართლაც საკვირველი რამ ვიხილე, - იმ ადამიანს, ვისაც ასე უმოწყალოდ აწამებენ, გარშემო უამრავი ნათლით მოსილი არსება ახვევია, რომელთაგან ერთნი შეეწევიან, მეორენი კი - თავზე მზეზე უფრო ბრწყნვალე გვირგვინს ადგამენ... როდესაც ამ გვირგვინს ვუყურებ, ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, იმ ღმერთის აღმსარებელი ვყოფილიყავი, თავის ერთგულთ ასე რომ იფარავს და ამგვარი გვირგვინით ამკობსო!

ესა თქვა, ყმაწვილმა მყის ყოველივე დაუტევა, ნეტარს აედევნა, ფეხებში ჩაუვარდა და შეჰღაღადა:

- მეყავ მეორე მამად, რამეთუ ჩემს უსჯულო, მართალთა მტერ, ხორციელ მამაზე უარს ვამბობ, გიერთდები და მსურს, შენს მსგავსად იმ ღმერთისთვის ვევნო, შენ რომ ესავ და აქამდე არ ვიცნობდიო!

შემდეგ კელსი ამ ყოველივეს შემსწრეთ მიუბრუნდა და უთხრა:

- უწყით, ვინცა ვარ. დღემდე, უსჯულო მამაჩემის მსგავსად, ქრისტიანთა მტერი ვიყავ, რამეთუ არ ვუწყოდი ღმერთი, დღეს კი ამ მართალი კაცის მიმდევარი შევიქენ, წადით და მოახსენეთ ჩემს მშობლებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთი შევიცანი და ივლიანეს ხვედრის გაზიარება მსურს!

ვაჟიშვილის შემონათვალმა მმართველი და მისი მეუღლე ძალზე დაამწუხრა, მარკიანემ მაშინვე ბრძანა, კელსი ივლიანესგან განეშორებინათ და მიეგვარათ, მაგრამ შიკრიკნი ვერას გახდნენ: - უფალმა ისე მოაწყო, რომ როგორც კი ვინმე მის შეხებას გაბედავდა, სხეულში ძლიერ ტკივილს გრძნობდა.

მაშინ მმართველმა მათი ერთად მოყვანა ბრძანა და ივლიანეს უთხრა:

- შენი ჯადოქრობი ერთადერთ შვილსა და იმედს მართმევ, გაათავისუფლე და იმპერატორს ვთხოვ, შეგინდოს და გაგათავისუფლოსო!

ამ დროს მისი მეუღლე ნათესავებთან ერთად მობრძანდა, სხეულზე სიმწრით იხევდა სამოსს და ისეთი საზარელი ხმით გაჰკიოდა, მმართველმა ვერ გაუძლო და თავადაც შემოიხია სამოსელი, ივლიანეს კი ცრემლით უთხრა:

- ხომ ხედავ, სასტიკო ივლიანე, რა სიმწარეს გვწიე! გთხოვ, კელსი შენი ჯადოსნობისგან გაათავისუფლე და გპირდები, ხელმწიფეს შენს თავისუფლებას გამოვთხოვო!

- შენი ხელმწიფიგან შეწყალება არ მჭირდება, - უპასუხა ნეტარმა, - ღმერთს ოდენ იმას ვთხოვ, ჩემი და ამ კრავის სული, მგლის ბუნაგში რომ დაიბადა და ახლაღა შეიცნო ჭეშმარიტება, მარადიულ სიხარულს სწიოს. ის უკვე ზრდასრულია, დაე, მან თავად გიპასუხოთ და შეიბრალოს ის მკერდი, რომელმაც გამოზარდაო!

- ჩემს განაზრახს არასოდეს უარვყოფ, ბნელეთს აღარ დავუბრუნდები, ასე რომ, მამაჩემო, მახვილი აღიღე და ისე გამისწორდი, როგორც დანარჩენ ქრისტიანთ უსწორდებიო! - უპასუხა კელსიმ.

მაშინ მარკიანემ ორივეს ბნელ დილეგში ჩაგდება ბრძანა, მაგრამ როგორც კი ნეტარნი იქ შევიდნენ, სიბნელე ნათლად იქცა, საშინელი სიმყრალე კი - კეთილსურნელებად.

ამის მხილველი ოცი მეომარი მოიქცა, მაგრამ რამდენადაც ივლიანეს სამღვდელო ხარისხი არ ჰქონდა და მათი ნათლობა არ შეეძლო, ძლიერ დამწუხრდა. თუმცა, ღმერთმა მღვდელი მალე გამოუგზავნა:

იმ ქალაქში ცხოვრობად ძალზე წარჩინებული კაცი, რომელსაც თვით დიოკლეტიანე და მაქსიმიანეც კი პატივს მიაგებდნენ. მთელი მისი ოჯახობა გაქრისტიანდა და ამის გამო სიკვდილიც მიიღო.

ამ ადამიანს შვიდი მცირეწლოვანი, მაგრამ გონებით სრული ვაჟიშვილი დარჩა.

მშობელთა პატივისცემის გამო მათ თავისი მრწამსის ღიად აღიარების და ღვთისმსახურებაში მონაწილეობის უფლებაც მიიღეს. ამ მხნე ქრისტიანთ მოძღვრად ძალზე მადლიანი მღვდელი ჰყავდათ, სახელად ანტონი. სწორედ მათ აუწყა უფალმა, რომ წინამძღვრიანად მისულიყვნენ დილეგში და წმინდა ივლიანე და კელსი ენახულათ.

ღამით მართლაც მიაკითხეს ნეტართ, გზას ღვთის ანგელოსი უნათებდათ და მისივე წყალობით შეაღწიეს იქ.

იხილეს რა პყრობილნი, ამბორ უყვეს, კელსი და ოცი მეომარი იქვე მონათლეს, შვიდმა ჭაბუკმა კი დილეგის დატოვება აღარ ისურვეს, - ივლიანეს და კელსისთან ერთად ინდომეს მოწამეობა.

ამან ძალზე გააკვირვა მმართველი, ჭაბუკნი იხმო და სთხოვა, - დილეგში რა გინდათ, თქვენ ხომ ხელმწიფეთაგან თქვენი რწმენის ღიად აღიარების უფლება გებოძათ, შინ წადით და იქ ადიდეთ თქვენი ღმერთიო, მაგრამ ჭაბუკნი კვლავ დილეგში დაბრუნებას ითხოვდნენ.

მაშინ მმართველმა ხელმწიფეს მოახსენა მათ შესახებ, ამ უკანასკნელმა კი ივლიანეს, კელსის, ოცი მეომრის, შვიდი ყმაწვილის და მღვდელმსახურ ანტონის დასჯა ბრძანა.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

მცირე ხანში მარკიანემ ხელმწიფისგან მათი დასჯის ბრძანება მიიღო, ქალაქის შუაგულში სამსჯავრო მოაწყო, თავადაც იქ დაბრძანდა და მსჯავრდებულებს, მათ შორის - თავის მხოლოდშობილ ვაჟს, კერპთა თაყვანისცემა მოსთხოვა.

თავიდან დაყვავებით და დაპირებებით ეცადა მათ დაყოლიებას, მაგრამ ამაოდ.

ამ დროს სამსჯავროს სიახლოვეს მიცვალებული ჩაატარეს, მარკიანემ პროცესია შეაჩერა და მიცვალებულის შუა მოედანზე დასვენება მოითხოვა, შემდეგ ივლიანეს მიუბრუნდა და უთხრა:

- როგორც ამბობენ, თქვენი უფალი ჯერ ჯვარზე გაეკრა, შემდეგ კი - მკვდრეთით აღსდგა, ჰოდა, თუ ამ მიცვალებულს აღადგენ, დავრწმუნდები, რომ ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთიაო!

- რა ხეირი ექნება ბრმას, თუ ეტყვი, რომ მზე ამოდის? - დაეკითხა ივლიანე,

- თუ შენს ღმერთს რაიმე ძალა აქვს, აღადგინე მიცვალებული! - გაუმეორა მმართველმა.

- თქვენი ურწმუნობა ამ სასწაულის ხილვის ღირსი არ არის, მაგრამ ამის დრო დადგა და მის ძალას მალე იხილავთო, შემდეგ დაემხო, გულმხურვალედ ილოცა, შემდეგ მიცვალებულს უთხრა:

- შენ გეუბნები, იმის სახელით, ვინაც ოთხი დღის ლაზარე მკვდრეთით აღადგინა, აღსდექ!

ეს თქვა და გარდაცვლილი მყის ფეხზე დადგა, ხელნი ზეცად აღაპყრო და ხმამაღლა წარმოთქვა:

- რა ძალმოსილია ღვთის მონის ლოცვა და მისი უბიწო ქალწულება! საით ვიდოდი და მისმა ლოცვებმა სად დამაბრუნა!

დიდად განკვირდა ამის მხილველი მმართველი, მაგრამ რადგან თვალს ეშმაკი უბრმავებდა, ყოველივე კვლავ ჯადოქრობას მიაწერა და მკვდრეთით აღდგომილს დაცინვით ჰკითხა: - მაინც, საიდან გამობრუნდი?

- ვიღაც ეთიოპებს მივყავდი, სახილველად საზარელთ, ცეცხლოვანი თვალებით და არწივისებრი ბრჭყალებით. ის იყო, ¬ჯოჯოხეთს ჩამიყვანეს, ზეცით უფლის ხმა ისმა:

- ჩემი სათნომყოფელის, ივლიანეს ლოცვით, დაე, ეს სული კვლავ უკან დაბრუნდეს!

მაშინვე ორი ნათლისმოსილი არსება მომიახლოვდა, იმ ბნელ სულთ ხელიდან გამომტაცეს და უკან დამაბრუნეს, რომ იმის მეშვეობით, ვისი ლოცვითაც მარადიულ ტანჯვას გადავურჩი, ჩემგან აქამდე უარყოფილი ჭეშმარიტი ღმერთი შემეცნო!

მარკიანე ძლიერ დაიბნა და არ უწყოდა, რა მოემოქმედა, მაგრამ შემდეგ შფოთის შეეშინდა და მკვდრეთით აღდგენილის და დანარჩენთა დატყვევება ბრძანა.

დილეგში ახლადმოქცეული ნეტარმა ანტონმა ანასტასის სახელით მონათლა, რაც მკვდრეთით აღდგომილს ნიშნავს.

დილისთვის მარკიანემ ოცდათერთმეტი კასრი მოატანინა, კუპრი ჩაასხმევინა და ცეცხლი შეუნთო, თავად კი, შვილის ტანჯვისთვის თვალი რომ აერიდებინა, იქაურობას გაეცალა.

ამის მხილველნი ცრემლს ძლივს იკავებდნენ, რადგან ენანებოდათ ესოდენ ახალგაზრდა და მშვენიერ ადამიანთა უდანაშაულოდ დასჯა.
მალე კასრებს ცეცხლი შეუნთეს და მარტვილნი მათში მოათავსეს, ისინი კი გალობდნენ და ღმერთს ადიდებდნენ.

როდესაც კასრები დაიწვა და ცეცხლი მინავლდა, ყველამ იხილა, რომ მარტვილნი უვნებლად იდგნენ, სახე კი სიხარულით უბრწყინავდათ.

როდესაც ამის შესახებ მმართველს მოახსენეს, არ დაიჯერა და თავად მიბრძანდა მოწამეთა სახილველად, თან გაჰყვა მეუღლე, რომელმაც, რა იხილა შვილი უვნებელი დარჩა, მოიქცა და დილეგში წმინდა ანტონის მიერ მარიონილას სახელით მოინათლა.

ამით განრისხებულმა მარკიანემ ისიც დანარჩენ მარტვილებთან ერთად გამოამწყვდია, მოკლე ხანში კი ოცი მხედარი და შვიდი ყრმა მოაკვდინა ლახვრით, ივლიანეს, კელსის, ანტონს და მარიონილას კი ჯერ კვლავ დილეგს უკრა თავი, შემდეგ კვლავ სასჯავროს წინაშე წარადგინა და გაუმეორე:
- თუ კერპთ პატივას არ მიაგებთ, გარდაუვალი სიკვდილი გელითო!

მოწამეებმა თავი დაუკრეს და წარმართულ ტაძარში ითხოვეს მიყვანა. მმართველს მოეჩვენა, რომ დაითანხმა, მაგრამ როდესაც პყრობილნი კერპებს მიუახლოვდნენ, მხურვალედ ილოცეს და მალე ტაძარი თავის კერპებიანად ჩამოიქცა, თან მოიყოლა ქურუმნი და უამრავი წარმართი, ნატაძრალ ადგილას კი მიწა გადაიხსნა და იქიდან ცეცხლი ამოგიზგიზდა.

საზღვარი არ ჰქონდა მტარვალი მმართველის რისხვას, კვლავ დილეგს გამოკეტა მოწამენი, რომელნიც ჰმადლობდნენ და ადიდებდნენ უფალს. მალე მრავალი მოწამე გამოეცხადათ, მათ თანა - ოცი მხედარი და შვიდი ყრმა, მცირე ხნის წინ მოკლულნი, კიდევ - ნეტარი ვასილისა თავისი სავანის დედებიანად, რომელმაც ივლიანეს ახარა, რომ მალე მოწამებრივ გვირგვინს მიიღებდა და სასუფევლის კარი განეღებოდა.

მარკიანეს კი დროსთან ერთად ემატებოდა მრისხანება: - ჯერ ნეტართ ხელის და ფეხის თითებზე გაზეთილი ბაწარი მოახვია და ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ოდეს იხილა, რომ ვერა ავნო, ივლიანეს და საკუთარ ვაჟს, კელსის თავზე ტყავი გადააძრო, ნეტარ ანტონს და ანასტასის კი თვალნი დასთხარა, ხოლო როდესაც მის მეუღლეს, მარიონილას ჯალათი მიუახლოვდა, ხელები დაუდუნდა და ვერა ავნო...

შემდეგ კი მარტვილთა მშიერ მხეცებთან შეგდება ბრძანა, რომლებმაც, ღვთის ძალით, ვერა ავნეს წმინდანთ, შემდეგ კი სხვა დამნაშავეებთან ერთად ინება მათი დასჯა და თავები წარკვეთა...

როგორც კი ეს აღასრულა, იქაურობა მძლავრმა მიწისძვრამ შეარყია, შემდეგ მეხმა იქუხა, ქალაქის მესამედი მიწასთან გაასწორა და ყოველი ადგილი, სადაც კერპი იდგა, ნაცრად აქცია...

ამის შემხედვარე მარკიანემ შიშისგან ლამის სული განუტევა, მოკლე ხანში კი უცნაურმა სნებამ იმსხვერპლა: - ტანზე მატლები დაეხვია და ერთიანად შეჭამა.

მათი წამებიდან მეორე ღამეს იმ ადგილას სასულიერო პირნი მივიდნენ, რომ ახალმოწამეთა სხეულნი გაეპატიოსნებინათ და მიწისთვის მიებარებინათ, მაგრამ, რამდენადაც სხვა მსჯავრდებულებთან ერთად მოაკვდინეს, მათი სხეულების ამოცნობა გაუჭირდათ.

მაშინ თავად მოწამენი გამოეცხადნენ და საკუთარ სხეულთა ადგილსამყოფელი განუცხადეს. ქრისტიანებმა ისინი შეკრიბეს, გააპატიოსნეს და ერთ ადგილას დაკრძალეს.

მალე მათი სამარხიდან სასწაულთმოქმედმა წყარომ ამოხეთქა, რომელმაც უამრავ განრღვეულს დაუბრუნა სიმრთელე.

ისინი 313 წელს ევნენ ქრისტესთვის.
.........................
იხილეთ დასაწყისი

ბეჭდვა
1კ1