წმიდანი მოწამენი: თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და თეონა მოგვყოფილი (+303 წელს) - 05 (18) იანვარი
წმიდანი მოწამენი: თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსი და თეონა მოგვყოფილი (+303 წელს) - 05 (18) იანვარი
წმიდა თეოპემპტი და თეონა ნიკომიდიაში ეწამნენ. თეოპემპტი დიოკლეტიანეს ზეობისას ნიკომიდიელი ეპისკოპოსი იყო და დაურიდებლად ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას.

უსჯულო იმპერატორმა მალევე იხმო ნეტარი და აპოლონის კერპისათვის თაყვანისცემა მოსთხოვა, რაზეც პასუხად მტკიცე უარი მიიღო.

განრისხებულმა მაშინვე მისი გახურებულ ქურაში შთაგდება ბრძანა, მაგრამ თეოპემპტი ღმერთმა დაიცვა.

დიოკლეტიანემ მომხდარი სასწაული წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, 22 დღე შიმშილითა და წყურვილით ეტანჯათ. თუმცა, ვერც ამგვარმა სისასტიკემ მოსდრიკა უფლის რჩეული. მაშინ მეფემ ცნობილ ჯადოქარს, თეონას სთხოვა შემწეობა. მოგვმა ნეტარს შხამიანი კვერი შეაჭამა, მაგრამ საწამლავმა არ იმოქმედა. თეონას შემზადებული უფრო ძლიერი შხამიც უძლური აღმოჩნდა. მაშინ ჯადოქარმა ბილწი მფარველის უძლურება სცნო და მოიქცა.

მოგვყოფილი წმიდა ეპისკოპოსთან ერთად გამოამწყვდიეს, რომელმაც თეონა მონათლა და სინესიუსი უწოდა, რაც "გაბრძნობილს" ნიშნავს.

დილით დიოკლეტიანემ კიდევ ერთხელ მოუწოდა თეოპემპტს და კვლავ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, თუმცა, ამაოდ.

მაშინ გამხეცებული მტარვალის ბრძანებით, ენით აუწერელი სატანჯველით აწამეს მხნე აღმსარებელი და თავი მოჰკვეთეს. წმიდა თეონაც მოწამეობრივად აღესრულა: - კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა, რისთვისაც ცოცხლად დამარხეს. ეს 303 წელს მოხდა.

ბეჭდვა
1კ1